თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რეგიონებში ჩატარდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული თემებისადმი მიძღვნილი გამოფენები, ქართული ღვინის ფესტივალი, სამრეწველო ბაზრობები, საჯარო ლექციები, შემეცნებითი ვიქტორინები, შოუ და სპექტაკლები ბავშვებისთვის, ასევე ღია ცის ქვეშ მოეწყობა თემატური კაფეები.
შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში დამოუკიდებლობის დღეს — მარშრუტების სქემა>>>
განცხადების თანახმად, 24 მაისის 23:00 საათიდან 27 მაისის 06:00 საათამდე ზუგდიდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას, ალექსანდრე კიკალიშვილის, სპირიდონ კედიას, თეატრისა და ნარმანიას ქუჩებზე, რუსთაველის გამზირისა და მეუნარგიას ქუჩის ნაწილზე.
ზუგდიდში მოძრაობა შესაძლებელი იქნება N1 სკოლის გავლით მერაბ კოსტავას გამზირიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე კონსტანტინე გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩებზე.
ფოთში 26 მაისს 07:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის რკალზე, 26 მაისის, წმინდა ნინოს, გიორგი ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის და ლაგრანჟის ქუჩებზე.
სენაკში 26 მაისის 07:00 საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება რუსთაველი-ქურდოვანიძის გზაჯვარედინიდან რუსთაველი-წერეთლის გზაჯვარედინამდე, ასევე, წმინდა ნინოს და წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება კახეთის რეგიონშიც. თელავში 26 მაისის 24:00 საათიდან 27 მაისის 10:00 საათამდე დაიკეტება ერეკლე მეორის და 26 მაისის ქუჩები.
სიღნაღში 26 მაისის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება აღმაშენებლის ქუჩაზე. საგარეჯოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გადაიკეტება ერეკლე მეორისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთა, დედოფლისწყაროში — რუსთაველის ქუჩის ნაწილი, ხოლო ლაგოდეხში — 26 მაისის ქუჩა.
წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს>>>
მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება სამხედროს ქუჩა, კერძოდ, რესტორან "გუჯარიდან" შადრევნამდე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში 09:00 საათიდან 23:00 საათამდე გადაიკეტება თეატრალური მოედნისა და ჭადრების პარკის ტერიტორია, კერძოდ: გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისამდე, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩების დასაწყისი, რამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლის და სასტუმრო "გურიას" შორის მონაკვეთი) და იოანე პეტრიწის ქუჩა, სასტუმრო "გურიიდან" ჭადრების პარკის კუთხემდე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ქვემო ქართლის რეგიონშიც.
რუსთავში 25 მაისის 24:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე დაიკეტება მშენებელთა ქუჩა (რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორია).
მარნეულში კი 25 მაისის 15:00 საათიდან 26 მაისს დღის ბოლომდე დაიკეტება რუსთაველის ქუჩა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია), ბოლნისში — დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დაიკეტება სულხან-საბას ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია).
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისშიც აღნიშნავენ, სადაც 25 მაისს 23:00 საათზე დაიკეტება მეფეთუბანი, კერძოდ, პირველ საჯარო სკოლასთან — ცისფერყანწელების ქუჩა, ცენტრალური მოედანი და მასზე ყველა შემომსვლელი და გამსვლელი ქუჩა. ავტომანქანები ცენტრალური მოედნის შემოვლით იმოძრავებენ ფალიაშვილის ქუჩაზე, თბილისის ქუჩის გავლით.
გორში 24 მაისის 24:00 საათიდან 27 მაისის 15:00 საათამდე გადაიკეტება სტალინის გამზირი და ცენტრალური მოედანი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ახალციხეში 26 მაისს 11:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მერაბ კოსტავას, ნებიერიძისა და ნათენაძის ქუჩებზე. ახალციხეში დაგეგმილი მარათონის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები თბილისშიც დაწესდა. პარასკევს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად იზღუდება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს.
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან>>>
რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, ამ დღეს გადაკეტილი იქნება ბარათაშვილის ქუჩაც. ამგვარად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.
ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს.
ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებით კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, მოძრაობას ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) მოედანზე დაასრულებს.