თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო თბილისში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ვიზიტის დეტალები და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ფინეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა თავის ფინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მომავალი ვიზიტისთვის, რომელიც 26-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.
წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წელი სრულდება — ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო ღონისძიებებზე ჩამოვლენ შვიდი ქვეყნის პრეზიდენტები და მაღალი რანგის 20 დელეგაცია. სტუმრებს შორის იქნებიან სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.
„დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა">>
26 მაისს საქართველოში 300-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ამას გარდა, 26 მაისს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს ქართული დროშის ფერებში გაანათებენ; მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად, მემორიალურ დაფებს დაამონტაჟებენ, უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყობენ საქართველოს კუთხეებს, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ქუჩა გაიხსნება.