გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების პროგრამა

გამოწერა
დამოუკიდებლობის დღე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მასშტაბურად აღინიშნება

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დღესასწაულზე ყველაზე მდიდარი პროგრამა თბილისში იქნება. ძირითადი ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე, სადაც ჩატარდება ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია, და რუსთაველის გამზირზე, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისი, თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში დამოუკიდებლობის დღეს - მარშრუტების სქემა

თბილისში 26 მაისს მოეწყობა ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები, 1920-იანი წლების თბილისური ბაზარი, ყვავილების ფესტივალი, მცენარეების ლაბირინთი, ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, ღია კაფეები და კინოთეატრები, სპორტული ღონისძიებები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საბავშვო გასართობი სივრცეები.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში დასრულდება გალა-კონცერტით ვარდების მოედანზე. ქვეყნის ისტორიის 100-წლიან პერიოდზე მუსიკის ენით ისაუბრებენ საუკეთესო კომპოზიტორები, დირიჟორები, მუსიკოსები. თითოეული კომპოზიტორი გარკვეული დროის მონაკვეთს წარმოადგენს. მაგალითად, დათო ევგენიძე — 1918-1940 წლებს, მიხეილ მდინარაძე — 1940-1960 წლებს, ნიკოლოზ მაჩაიძე — 1960-1980, ნატალია ბერიძე — 1980-2000, არჩილ გიორგობიანი — 2000-2018 წლებს.

საქართველოს რეგიონებში ჩატარდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები ისტორიულ თემებზე, ქართული ღვინის ფესტივალები, სამრეწველო ბაზრობები, საჯარო ლექციები, შემეცნებითი ვიქტორინები, სპექტაკლები და შოუ ბავშვებისთვის, საზეიმო ცერემონია, ასევე მოეწყობა თემატური კაფეები ღია ცის ქვეშ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაგეგმილია 100-ზე მეტი ფოტოგამოფენის, ექსპოზიციის გამართვა საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, კონფერენციები, საჯარო ლექციები და კონცერტები ქართული ფოლკლორული ანსამბლების, მუსიკოსების მონაწილეობით. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება.

„საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან">>

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საფრანგეთში, ლევილში ქართული აკადემიის დაფუძნება, რომელიც ასევე 26 მაისს ეძღვნება.

ასევე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში ცნობილი ქართველი მეცნიერის, მიხეილ მუსხელისადმი (მუსხელიშვილი) მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.

მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში გაიხსნება საქართველოს კუთხეები და ქვეყნებს შორის მეგობრობის ნიშნად — მემორიალური დაფები.

 

ყველა ახალი ამბავი
0