მეც მინდა, აღვნიშნო, რომ მთავარი, რაც 2017 წელს საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და დიპლომატიის დამსახურებად შეიძლება, ჩაითვალოს, ესაა მშვიდობის და გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოება მეზობლებთან. არადა, გარშემო სამეზობლო სავსეა ცეცხლის კერებით, ტერაქტებითა და დაძაბულობით. ჩვენს ქვეყანას კი განვითარებისათვის ახლა, ისე, როგორც არასოდეს, როცა სამყარო ინფორმაციულ ეპოქაში შედის, სჭირდება მშვიდობა და კეთილდღეობა.
ახალი წლის წინა დღეებში ყველა ადამიანს, ნებსით თუ უნებლიეთ, უჩნდება კითხვები — რა მომიტანა ძველმა წელმა და რას უნდა ველოდოთ 2018 წელს?
საგარეო პოლიტიკურ არენაზე 2017 წლის მთავარ მოვლენად ვიზალიბერალიზაციას მიიჩნევს ყველა ექსპერტი. მართლაც, ძალიან საამაყოა, რომ ნებისმიერ ქართველს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, შეუძლია, იმოგზაუროს, ისწავლოს და ჩავიდეს ევროპულ ქვეყნებში და გაატაროს იქ 180-დან 90 დღე. თუ ამას კვალიფიციური კადრებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ქვოტების გამოყოფა და სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაფართოება მოჰყვება, ბუნებრივია, ეს საუკეთესო სიგნალი იქნება საქართველოს ევროპისაკენ მსწრაფი მოსახლეობისთვის. თუმცა ვიზალიბერალიზაცია დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს დაბალპროცენტიანი სესხებისა და მაღალი გადასახადების კვალდაკვალ.
აი, ეს პასუხისმგებლობა რამდენად აქვთ ქართულ საბანკო სექტორს გაცნობიერებული, ძნელი სათქმელია. 2017 წელს საქართველოს მოსახლეობა ისევ საბანკო ვალებში იხრჩობიდა — თუ თითოეულ ჩვენთაგანს, არც მეტი, არც ნაკლები, 5000 ლარი საგარეო ვალი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს აქვს ბანკის ვალი ხანგრძლივი პერსპექტივით. ვუსურვოთ მათ 2018 წელს ეკონომიკური გაძლიერება. ხოლო დოლარის კურსი ამ წლის მანძილზე ისე თამაშობდა, როგორც თბილისელი მოხუცებულების წნევა მაშინ, როცა უმჯობესი იყო, ის პენსიის ოდენობასავით სტაბილური დარჩენილიყო. მოკლედ, ვალები და მოუგვარებელი ეკონომიური პრობლემები ისევე, როგორც სოციალური მდგომარეობა, კვლავ რჩება საქართველოს ხელისუფლების მთავარ გამოწვევად და დიდი იმედია, რომ მას ახალი მთავრობა „ყოფას უტირებს“.
2017 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ არ განელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ექო და სააკაშვილის გარეშე დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა ორ ნაწილად დაიშალა. „იდეინი ნაცები“ ერთად დარჩნენ მელიას მეთაურობით, ხოლო შედარებით ზომიერი ფრთა, რომელსაც ძველი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის ჩუმ სიყვარულში ადანაშაულებდნენ, ნაციონალურ მოძრაობას გამოეყვნენ და ევროპელი დემოკრატები დაირქვეს. მათ მალე ციხიდან გამოსული ნაციონალი „გრაფი მონტე კრისტო“ გიგი უგულავაც შეუერთდათ და პარლამენტშიც მშვენივრად მოეწყვნენ. ასევე საკმაოდ სოლიდური პარტიული დაფინანსება წაჰგვარეს ნაციონალურ მოძრაობას. ახლა ისინი მხოლოდ იმაზე ბჭობენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზონ საქართველოს მოსახლეობას თუ მერყოფილი გიგი უგულავასი.
გარდა ნაციონალების ორად გახლეჩვისა, 2017 წლის დასაწყისი მძლავრი საპარლამენტო და საკონსტიტუციო ვნებებით გამოირჩეოდა. ვენეციის კომისიის არა ერთი ხსენებისა და ჯანი ბუკიკიოს მრავალჯერადი შეწუხების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ კოსნტიტუცია შეცვალა და თუ ირაკლი კობახიძეს დავუჯერებთ, ახლა ჩვენ გაგანია საპარლამენტო მმართველობის პირობებში გვიხდება ცხოვრება. მართალია, ჩვენს პარლამენტს მაინცდამაინც არ ეტყობა, რომ მთავრობას აკონტროლებს, და საერთოდ, ამბობენ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს, მონტესკიეს მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, სოლოლაკში მცხოვრები რიგითი მოქალაქე მართავს, მაგრამ მთავარია, რომ გამართული ევროპული მოდელი გვაქვს და პრეზიდენტსაც 2024 წლიდან პარლამენტი და ხმოსნები აირჩევენ.
ექსპერტებმა კი თქვეს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დამყარდა. ამას, დემოკრატიის ნაკლებობასთან ერთად ის დადებითი თვისება აქვს, რომ თუ პასუხისმგებელი პირის მოძებნა გინდათ, შორს არ მოგიწევთ წასვლა.
საკონსტიტუციო ვნებები ჩამცხრალი არ იყო და ადგილობრივი არჩევნები დაინიშნა. სხვათა შორის, ეს იყო ზოგადად ინტრიგას მოკლებული არჩევნები, სადაც შედეგები წინასწარ იყო ცნობილი და საინტერესო მხოლოდ ის გახლდათ, სადმე მეორე ტური დაინიშნებოდა თუ არა. თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი მძიმეწონიანი ფალავანი გამოიყვანა ასპარეზზე, რომ მის წარმატებაში ეჭვი თავად მის კონკურენტებსაც არ ეპარებოდათ, თუმცა საინტერესო იყო მეორე ადგილზე გასული უპარტიო კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის 18 პროცენტი, რაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა თბილისის მასშტაბით ლიდერისათვის, რომელსაც არა აქვს ფინანსები და არა ჰყავს გუნდი, რომელიც საკრებულოში დაიკავებდა ადგილებს. ელისაშვილს შეუძლია, ეს აქტივი შესანიშნავად გამოიყენოს საპარლამენტო არჩევნებისათვის.
ადგილობრივი არჩევნების მთავარ ახალ ამბად მაინც თამაზ მეჭიაურისა და კიდევ ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის გამარჯვება გახდა. ამ გამონაკლისებმა აჩვენეს, რომ კარგი მუშაობისა და ძლიერი მხარდაჭერის შემთხვევაში, ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია, ხოლო ოცნებამ, როგორც ჩანს, დაუშვა ეს გამონაკლისები, რათა ევროპისათვის უზადო დემოკრატიის მაგალითი ეჩვენებინა.
საარჩევნო ციებ-ცხელების შემდეგ, სატელევიზიო ეთერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის იდუმალმა გაუჩინარებამ და ბაქოს ციხეში აღმოჩენამ შეძრა. მართალია, ფაქტი დღემდე ბოლომდე გამოძიებული არ არის, მაგრამ დასავლეთის და არასამთავრობო სექტორის ზეწოლით, ხელისუფლებას ერთი ბარტყის — გიორგი მღებრიშვილის გადაყენება მაინც მოუწია. თუმცა შსს-ს დაბინძურებულმა აურამ ჯერჯერობით პოლიტიკურად სუფთა წარსულის მქონე გიორგი გახარიაზეც იმოქმედა და 2017 წელშივე მოასწარო მისი და სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირება, პოეტ ზვიად რატიანის ცემის გამო. ზოგადად, საპოლიციო კონტროლი რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ძველი პოლიცია გვინდა, 1989 წლის 9 აპრილს რომ ხალხს გადაეფარა, ის პოლიცია აღვადგინოთ და არა — კვირაიასა და თარგამაძის დროინდელი.
წლის ბოლოს ქართული საზოგადოება ორმა მნიშვნელოვანმა ამბავმა შესძრა — გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ლიკვიდაციით დასრულდა და საქართველოს განახლებული მთავრობის დამტკიცებამ. სპეცოპერაცია ტერორიზმის წისააღმდეგ ყველა ქვეყანაში ტარდება. ზოგადად ჩვენი საუკუნის უდიდესი პრობლემაა აგრესია და ტერორიზმი, რომლის წამალიც ჯერ კაცობრიობის წამყვანმა ლიდერებმა ვერ მოძებნეს, მაგრამ ჩვენს რეალობიში დარჩა რამდენიმე გადაუჭრელი ამოცანა და უპასუხო შეკითხვა. ახლა მთავარია, გაირკვეს, საიდან მოხვდნენ საქართველოში ინტერპოლის ძებნილი ადამიანები და კიდევ — ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ამით პანკისის ხეობის მკვიდრთა უსაფრთხოებას არ მიადგეს ჩრდილი.
ამ კითხვებზე პასუხი საქართველოს ახლადდამტკიცებულმა, მაგრამ ძველი შემადგენლობით არსებულმა მთავრობამ უნდა გასცეს. წლის ბოლოს მთავარი რეფორმა სამინისტროების შერწყმა-გაერთიანება იყო. საქართველოს ახლა 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო და მინისტრი მართავს. მთავრობამ ასევე გადაწყვიტა, რომ დრამატულად არ შეამციროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხვი, რითაც საახალწლოდ საკმაოდ მძიმე ისტორიებს გადავრჩით.
ზოგადად 2017 წელი გამოირჩეოდა ხანძრების სიმრავლით, რამაც საქართველოს ერთ-ერთი უმშვენერესი ბორჯომის ხეობაში ბევრი ხე შეიწირა. თუმცა მიხეილ ცაგარელი გვპირდება, რომ როცა ცეცხლოვან მამალს ოქროსფერი ძაღლი ჩაანაცვლებს, ხანძრებს მიწისძვრები შეცვლის. იმედია, მცირე მასშტაბის ბიძგებით. 2017 წელს ქვეყანა ნამდვილად წინ წავიდა მრავალი ასპექტით. ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი ისევ სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება და გაორმაგებული გადასახადები რჩება. მინდა, საქართველოს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება და დიდი ეკონომიური აღმავლობა ვუსურვო და თუკი მიწისძვრა მაინც მოხდება, დაე, ის ჩვენს გულებში, საგანმანათლებლო სივრცესა და ეკონომიკაში მოხდეს, ძველი პრობლემები დაანგრიოს და ახალ მიღწევებს ჩაუყაროს საფუძველი. ამ იმედებით მომავალ, 2018 წლამდე გემშვიდობებით და სულ საუკეთესო, კარგი და კეთილი ამბების წაკითხვას გისურვებთ!
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!