ლარის კურსივით სწრაფად ცვალებადი საქართველოს კონსტიტუცია

© Constitutional Court of Georgiaსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა 116-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია 2 საუკუნეზე მეტი ხნისაა და მასში სულ შვიდიოდე შესწორებაა შესული.  ინგლისის კონსტიტუცია, მართალია, დაუწერელი, მაგრამ დღემდე მოქმედი, სულაც 1215 წლის 15 ივნისსაა მიღებული. მეფე იოანე უმიწაწყლომ ინგლისის არისტოკრატიისა და ღვთისმსახურთა ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერა „თავისუფლების დიდ ქარტიას”, რომელიც განსაზღვრავდა მონარქისა და მისი ქვეშევრდომების ურთიერთობის საკითხებს. ქარტია, რომელიც დღემდე დიდი ბრიტანეთის დაუწერელი კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია, შეიცავდა ეკლესიის ხელშეუხებლობის, ქვეშევრდომთა საკუთრებისა და პირადი თავისუფლების აღიარების დებულებებს. მეფე აღარ იყო უფლებამოსილი, დაეწესებინა გადასახადები არისტოკრატებისაგან შემდგარი სათათბირო ორგანოს გარეშე, რომელიც 1265 წლიდან პარლამენტად იწოდებოდა. სწორედ ამგვარად ჩაეყარა საფუძველი პარლამენტარიზმის ინსტიტუტს XIII საუკუნის ინგლისში, რაც მეფის სუვერენიტეტის ნაწილის ქვეშევრდომებზე გადაცემამ განაპირობა. XIV საუკუნეში პარლამენტი ორ პალატად დაიყო და ქვედა პალატის ფორმირებაში არჩევითობის ელემენტები გაჩნდა. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ კონსტიტუციისა და პარლამენტის „დაბადების ადგილს” ინგლისი წარმოადგენს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო აიწონა-დაიწონა და მოსალოდნელი სიურპიზები

თუ კონსტიტუციის დაბადების ადგილად ინგლისი ითვლება, ყველაზე სწრაფად ცვალებადი კონსტიტუციების მსოფლიო კონკურსი რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველო პირველ ადგილს დაიკავებს და ამით ინგლისის კონსტიტუციას მიუახლოვდება პირველობის კუთხით. ხომ გახსოვთ, როგორი ზარზეიმით, ვეტოებითა და მათი დრამატული დაძლევით მიიღეს ჩვენმა ნეტარხსენებულმა პარლამენტარებმა ეს კონსტიტუცია, მეგობრებო? ხომ იძაბებოდით მორიგი კომენტარებისა და ქუთაისში წასვლა-წამოსვლის შემყურე? ხოდა, ეხლა მინდა, გახაროთ, რომ ამ კვირაში პარლამენტში ახალი ცვლილებები შევა და ორიოდე დღის მიღებული კონსტიტუცია კიდევ ოთხი მიმართულებით შეიცვლება.

უმრავლესობამ ხომ თავის დროზე პირობა დადო, ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებ და აი, ბატონო ითვალისწინებენ.  გიხაროდენ, ერო, ამ ცვლილებებით მოხდება ბონუსის გაუქმება 2024 წლიდან, ბლოკების დაშვება ერთჯერადად 2020 წელს, რელიგიის თავისუფლების მუხლის კორექტირება და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის კორექტირება არჩევენების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვეტოს დაძლევის ქრონიკა და კონსტიტუცია მენიუში

მართალია, ოპოზიცია ამ ფაქტს ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს კონსტიტუციის მრავალშეცვლილი კანონი ქართველ ხალხთან ჰქონია შეთანხმებული. ქართველ ხალხს, ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს, ქალი კი შეუცვალეს ეკლესიაში, მაგრამ ლუარსაბი რისი ლუარსაბი იქნებოდა, ფაქტს რომ არ შეგუებოდა და დადებითი კუთხით არ მიეღო.

ამასობაში საქართველო ნელ-ნელა დიდ ბრიტანეთს კიდევ იმით უახლოვდება, რომ მართალია, მეფე იოანესავით მონარქი არა, მაგრამ ხალხი კი დარჩება უმიწაწყლოდ და ულაროდ. უმრავლესობის კიდევ ორ წევრს: გია ჟორჟოლიანსა და სიმონ ნოზაძეს კი ამასობაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პარტიები და მაჟორიტარები აღმოუჩენიათ და მათი დაფინანსებისათვის პარლამენტში კანონპროექტის შეტანაც არ დაუზარებიათ. დიდება შენდა, უფალო, თუ ჟორჟოლიანი და ნოზაძე საქართველოში უფრო აქტუალურ თემას ვერ ხედავენ ამ გაგანია ინფლაციისა და ხალხის გაღატაკების ფონზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

„ზოგადად პარტიების დაფინასება პრობლემური საკითხია. ბლოკების დაშვება სწორედ იმიტომ არ გვინდოდა, რომ ზედმეტი დაფინანსება არ წასულიყო ფიქციურ პარტიებზე. გია ჟორჟოლიანის წინადადებაზე კი ვიმსჯელებთ. ზოგადად დაფინანსების თემა არის საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვა, ეს არის პრაქტიკა, რაც არსებობს და არის გადასახედი. ეს იყო ერთ–ერთი საკითხი, რის გამოც გადავწყვიტეთ ბლოკებზე გარკვეული შეზღუდვები“,  –  ყველაზე გონივრული შეფასება ისევ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

„ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა“, — წუხს და ვერაფერს ცვლის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

ამასობაში კი, თუ ხალხის დიდი ნაწილი 2020 წლამდე ცოცხალი გადარჩა, აუცილებლად მმართველ პარტიას დაუჭერენ მხარს. თუმცა თუ უმრავლესობის უმრავლესობა მმართველი პარტიის კი არა, ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო 2012 წლისათვის და ეს არ შეიმჩნიეს, ხალხის არარსებობას შეიმჩნევენ?

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0