ვეტოს დაძლევის ქრონიკა და კონსტიტუცია მენიუში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაიტანეთ გრენლანდია“, - საკონსტიტუციო პროცესი ისეთ ფაზაში შევიდა, უკვე ყველამ ყველაფერი თქვა, შეაფასა, გამოაქვეყნა, იმსჯელა და - ხალხი დაიღალა.

კონსტიტუცია — იგივე ირაკლი კობახიძის გამომცხვარი ტორტი (მაინც რა აქტუალურია ქართულ ოცნებაში გასტრონომიული ვნებები, აქ ჯეჯელავას ვაშლები, იქ  ჩაფიძის ხაჭაპური. თუმცა ხაჭაპური მაინც უფრო ეროვნული იყო, ტორტის წარმოშობის შესახებ კი არაფერია ნათქვამი ძველ ქართულ მწერლობაში), სამი მოსმენით უკვე მიღებულია. ახლა მთავარი ინტრიგა მაინც ისაა, ორშაბათ-სამშაბათს დაადებს თუ არა მას პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს. პრეზიდენტიც „ფიქრობს“, ოპოზიციურ პარტიებს ხვდება და საბოლოოდ 4 მოთხოვნა ჩამოაყალიბა, პარლამენტის თავმჯდომარე კი ამ „უდიდესი ძალის და მომავლის“ მქონე აქტში მხოლოდ ორი შესწორების შეტანაზეა თანახმა და პრეზიდენტს სთავაზობს, პოზიტიური როლი ითამაშოს პროცესში და მხოლოდ იმ ორ მუხლს დაადოს ვეტო, რომლის შეცვლასაც საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიას დაჰპირდა. 

საქართველოს დროშა პარლამენტის შენობაზე - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიის დასკვნა: რა ელოდება საქართველოს კონსტიტუციას

ისე, ასეთი წვალებით და მეტამორფოზებით მიღებული კონსტიტუცია ორიოდე კვირაში შესაცვლელი არ უნდა გამხდარიყო. თუმცა უმრავლესობას ესეც არად მიაჩნია და ულტიმატუმებს უყენებს მარგველაშვილს. „თუ ორი საკითხის გარდა ვეტოთი რაიმე იქნება გათვალისწინებული, ჩვენ მას დავძლევთო“, — აცხადებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. არანაკლებ მრისხანეა მამუკა მდინარაძის განცხადებები. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი სამგლოვიარო ხასიათზეა და ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, ესაა კონსტიტუციის პანაშვიდიო. ღმერთმა დაგვიფაროს და უცნაური იუმორი აქვს სოზარ სუბარს — 2020 წელს ოპოზიციას შეუძლია, ხალხს სააკაშვილის, შევარდნაძის და თუნდაც ბრეჟნევის კონსტიტუციის აღდგენას დაჰპირდეს, რა პრობლემააო. ვითომ სუბარის დაპირებები უკვე ისეა შესრულებული, რომ სულ 5-თეთრიან ელექტროენერგიას მოვიხმართ და მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით ნორვეგიას გავუსწარით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

ამ საკონსტიტუციო გაწამაწიამ ისე მოაბეზრა ხალხს თავი, წამყვანები უკვე პირდაპირ ეთერში გვპირდებიან, ეს ერთი და მეტს აღარ ვიზამთ და ამ თემაზე დებატებს აღარ გავმართავთო, მაგრამ ამ პირობას, ისევე, როგორც წინასაარჩევნო დაპირებებს, დიდი დღე არ უწერია. საქმე ის გახლავთ, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს მარგველაშვილი კონსტიტუციას, დიდი ალბათობით, ვეტოს დაადებს. შესაძლოა, იმავე კვირაში, არჩევნებამდე უმრავლესობამ საკუთარი უძლეველობა დაამტკიცოს და ვეტო დაძლიოს. მთავარი ინტრიგა აქ მაინც ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის 20/30-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა. მასში სწერია, რომ ორგანიზაცია ძირითადად იწონებს საკონსტიტუციო მოდელს, თუმცა თვლის, რომ პრეზიდენტს პირდაპირი წესით უნდა ირჩევდნენ. ამას ჰქვია, როცა სიკეთეს აკეთებ, მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენაო. საქართველოში არავის სჯერა, რომ ახალი, ევროპული მოდელის ავტორი ირაკლი კობახიძე და მისი რაზმია. ხოდა, როცა ახალგაზრდები ამ მოდელს ამტკიცებენ, მეორე ფრთა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად საკუთარ რიგს ელის, საზოგადოების აზრს ითვალისწინებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს. ეს კი მართალია, მაგრამ ერთი 2013 წელს აირჩია ხალხმა საკუთარი ნებით პრეზიდენტი და მეორეს 2018 წელს აირჩევს. თუმცა მოწაფემ აშკარად აჯობა მასწავლებელს და მანამ უყურა უმანკო თვალებით, სანამ საქმე მის პრეზიდენტულ უფლებამოსილებებს არ შეეხო.

დეპუტატები პარლამენტის კულუარებში - Sputnik საქართველო
დებატები პარლამენტში და დაძლეული პრეზიდენტის ვეტო

ამასობაში კვირიკაშვილმა დაგვამშვიდა, პრეზიდენტობას არ ვაპირებო. 2021 წელს რიკოთის ახალი გზის გახსნაზე დაგპატიჟებთ, დაპირებები უნდა შევასრულოო. ანუ პრემიერობას 2021 წლამდე აპირებს. ისეთუ განცხადებაა, ეს თემა გავლილი უნდა იყოს მთავარ კანონ და პრემიერმდებელთან, თუმცა ღიად ის, რა თქმა უნდა, არაფერს იტყვის. ამასობაში არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებში მოხელეების შემცირებას და მინისტრების სეკვესტრირებას აპირებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი განათლების მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილოა. სამაგიეროდ, ჯეჯელავა და მისი ტრენინგ-ცენტრია კმაყოფილი და ხასიათს მოხსნა ნამდვილად არ გაუფუჭებს. აი, თეა წულუკიანისა და სოზარ სუბარისა კი რა მოგახსენოთ. ისინი თავად მოხსნას არ ელოდებიან, თუმცა წულუკიანს უკვე საკმარისზე მეტი იურიდიული ჩავარდნები დაუგროვდა, განსაკუთრებით მის საყვარელ სტრასბურგში.  როგორც ჩანს, კვირიკაშვილი მთავრობაში პირადი გუნდის გაძლიერებას აპირებს. დღემდე მას წინა ორი პრემიერის მემკვიდრეობა ხვდა წილად და მხოლოდ ჯანელიძე-ჯეჯელავა-ალავიძის ნდობით შემოიფარგლებოდა.

რაც დრო გადის, მით უფრო გვიმტკიცდება აზრი, რომ კახი კალაძეს მეორე ტურზე ხმებსაც თანაგუნდელები უვრცელებენ და უნდათ კიდეც, რომ გაიმართოს. სამომავლო დათვის ტყავის გადანაწილებისათვის.

საკონსტიტუციო და სამთავრობო ცვლილებებზე მეტად კი ხალხს გაძვირებული ბაზარი და შემოდგომა ადარდებს. კართან მოდგა შემოდგომა და ბაზარში საოცარი სიძვირე და ხალხში საოცარი მოლოდინებია — ოჯახის გამოკვების, მოსავლის მომარაგების, ტექდათვალიერების,  გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული რესურსების ფონზე. ხოდა, კითხვაზე, რა ვჭამოთ, ახლა უკვე გვაქვს პასუხი — კონსტიტუცია, ანუ კობახიძის ხელით მომზადებული ტორტი ქართული საზოგადოებისათვის. ხომ გაგიგიათ, რომ რაჭველ კაცებს კარგი ხელი აქვთ.


ყველა ახალი ამბავი
0