დებატები პარლამენტში და დაძლეული პრეზიდენტის ვეტო

© Sputnik / Alexander Imedashviliდეპუტატები პარლამენტის კულუარებში
დეპუტატები პარლამენტის კულუარებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დასახულ მიზანს მიაღწია – პრეზიდენტის მიერ ორ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლეულია.

პარლამენტის დეპუტატებმა დაძლიეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო, რომელიც მან დაადო შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიეს, რადგან დეპუტატები უკვე შვებულებაში იმყოფებოდნენ. "ქართულ ოცნებას" არ გასჭირვებია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, რადგან პარლამენტში მას საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია.

ამგვარად, 1 აგვისტოდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დაკარგავს 12-დან 7 ქალაქი — ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ამ ქალაქებმა თვითმმართველი სტატუსი 2014 წელს, უკანასკნელი ადგილობრივი არჩევნების წინ მიიღეს.

ხალხი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
განწყობები საქართველოში არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე

გარდა ამისა, უქმდება რაიონის გამგებლის თანამდებობა და გაჩნდება რაიონის მერის თანამდებობა. ამ მერებს, თვითმმართველი ქალაქების მერებთან ერთად, პირდაპირი კენჭისყრის გზით ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ინიციატივაში თვითმმართველობის შესუსტებას ხედავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია მუნიციპალიტეტების ერთი პრინციპით განვითარება, ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა და ადმინისტრაციული რესურსების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების გაზრდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, შეიცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი. ცვლილებების თანახმად, ცესკოში არსებული ადგილები განაწილდება არა იმ პარტიებს შორის, რომლებიც საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, არამედ იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტში შევლენ და ფრაქციებს შექმნიან.

"ცხელი დებატები"

საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე პარლამენტში დებატები გაიმართა. განსაკუთრებით მწვავე იყო ის პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის, როდესაც კობახიძემ თავის დასკვნით სიტყვაში დეპუტატებს მოუწოდა, არ გაიზიარონ პრეზიდენტის შენიშვნები.

"საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ეს გამონათქვამი არ მოეწონა დოლიძეს, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. კობახიძემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა დოლიძეს სიტყვა, ეთიკასა და იურისპრუდენციის არასაკმარის ცოდნაზე მიუთითა და განაცხადა, რომ ის საჯარო მოხელეა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერის მძიმე არჩევანი

"მე გახლავართ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ", — განაცხადა დოლიძემ, რაზეც კობახიძემ უპასუხა: "ეს ტყუილია, ქალბატონო ანა. იურისტი ბრძანდებით და ეს არ შეიძლება თქვათ. თქვენ პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ხართ, თქვენ საჯარო მოხელე ხართ".

დებატების დასრულების შემდეგ დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს „ქართული პოლიტიკის შარიკოვი" და „უზრდელი“ უწოდა.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის „ქართული პოლიტიკის შარიკოვი", პერსონაჟი ბულგაკოვის ნაწარმოებიდან, რომელიც გარკვეული ვითარების გამო ხვდება თანამდებობაზე და შეურაცხყოფას აყენებს ყველას. ის შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ. უდიერად მოიხსენიებს მათ. ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ", — განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

ვეტოდაძლეული კანონპროექტები კვლავ გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად. თუმცა, თუ სახელმწიფოს მეთაური მათ ხელმოწერაზე კვლავ უარს განაცხადებს, მაშინ მათ ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

ყველა ახალი ამბავი
0