ტელეკომპანია „პირველის“ეთერში 21 ნოემბერს საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. ის არ გამორიცხავს, რომ 2018 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ სცადოს ბედი. ამას მარგველაშვილის ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივრებიც კი არ ელოდნენ. ორიდან ერთია — ან მარგველაშვილს მართლაც აქვს იმედი, რომ პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში მომადლიერებული ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიერ უარყოფილი ადამიანების გაერთიანებას შეძლებს და არჩევნებს მოიგებს, ანდა მეორეა — უკვე წამსვლელ პრეზიდენტს უნდა, ინსტიტუტისა და პირადად საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნოს და მართვის სადავეები არ გაუშვას ხელიდან.
ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფიური საუბრების სპარინგ-პარტნიორსა და პოლიტიკასთან ახლოს მდგომ მარგველაშვილს შესაძლოა, ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდეს, თუმცა ქართული საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს გაერკვევა, რა წონა აქვს მას თავის გუნდთან ერთად და რა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემას იწვევს პრეზიდენტის მცდელობა, იმოქმედოს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და არ დაემორჩილოს არაოფიციალურ მმართველს, მისი ეს ნაბიჯი საკმაოდ სარისკოა. ამავე დროს, მისი საკადრო პოლიტიკაც, ივანიშვილისა არ იყოს, კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან განათლების სამინისტროში პირადი სიმპათიისა და მეგობრობის საფუძველზე GIPA-დან გადასროლილი კადრები დღესაც დიდი წარმატებით „ამშვენებენ“ ქართული განათლების სისტემას. შედეგები კი ამ სფეროში მაინცდამაინც სახარბიელო ვერაა.
ივანიშვილისა და მარგველაშვილის განხეთქილების ვაშლი არა მშვენიერი ელენე, არამედ სააკაშვილის მიერ აშენებული პრეზიდენტის რეზიდენცია გახდა. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო ტროას ომი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის — ანუ დიდი მმართველის ორ ფრთას შორის. ძნელი სათქმელია, ვინ იგებს ამ ომს, ის კი ფაქტია, რომ უმრავლესობისაგან განსხვავებით ფილოსოფოსი კულტურისა და კონსტიტუციის ნორმებს არ სცდება და წელს ქვემოთ დარტყმებს და პიროვნულ თემეზე ჭორაობას არ კადრულობს.
„ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. აქ შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია იმის საჩვენებლად, რომ ამ ქვეყანაში ასე არ არის, რომ პრეზიდენტს უბრძანებ… ჩემი გულწრფელი სურვილი მართლა იყო არშესვლა (ავლაბრის რეზიდენციაში — რედ.შენ.), რასაც ვამბობდი, გულწრფელად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც პოზიცია სხვანაირად ჩამოყალიბდა და მითხრეს, რომ შენი ადგილი ნახე და ჩუმად იყავიო, ეს იყო პოლიტკური ჟესტი," — განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, თუ მანამდე კითხვის ნიშანი იდგა ამ სასახლესთან დაკავშირებით, დღეს ამ სასახლემ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.
„თუ წინაასარჩევნოდ ჩემი კომენტარი იყო, რომ იქ შესვლას არ ვაპირებ, ახლა ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. წარმოგიდგენიათ მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, მე ვიქნები თუ სხვა, რომელსაც ამ კითხვას არ დაუსვამენ — შეხვალ თუ არ შეხვალ, გაბედავ თუ ვერ გაბედავ და ეს პასუხი იქნება ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა დამოკიდებულება მქონდა, რომ შესვლა არ მინდოდა, ეს სასახლე დღეს სხვა ნიშნის და სხვა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხელისუფლებას წაკბინა და განაცხადა, რომ სასახლეში არშესვლა დაპირება კი არა, კომენტარი იყო, დაპირება კი იაფი ფული და ინვესტიციები იყო. მარგველაშვილი როგორც ჩანს, ცდილობს, „ქართული ოცნების“ „გადაჭარბებულ“ და შეუსრულებელ დაპირებებს გაემიჯნოს. პარალელურად, მას უნდა, აჩვენოს, რომ კარგად ესმის მოსახლეობის სოციალური პრობლემები. ჯერ იყო განცხადება უშემოსავლო წელთან დაკავშირებით. არავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ საქართველოს უმეტეს რაიონებში ეს წელი საშინელი უმოსავლიანობით გამოირჩეოდა. ხოდა, მარგველაშვილმაც გლეხებთან, მაპატიეთ, ფერმერებთან შეხვედრაზე თქვა, რომ კარტოფილის გარდა ვერაფერი მოიწია. (ისე, რა შესანიშნავი სიტყვაა გლეხი, რომელზეც იდგა საქართველო და როგორ უნდათ მისი ფერმერად გადაქცევა).
პარალელურად, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებას ცდილობს და იმ დროს იხსენებს, როცა განათლების მინისტრი იყო. ის აღიარებს, რომ ბენდუქიძის უნივერსიტეტის აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძოლა წააგო. „ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ მხარი დამიჭირა, იყო ბიძინა ივანიშვილი. მან არ გამწირა, მხარი დამიჭირა და ერთ პოზიციაზე ვიდექით, რომ თუ არის დარღვევა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ძლიერი მედია უმაგრებს ზურგს და შენ პიარულად რამდენად სუსტად ჩანხარ…. წავაგე პიარულად, მაგრამ ბოლოს მაინც ხომ გამოვასწორებინე და სტუდენტებთან კონტრაქტი, რომელიც მაშინ კაბალური იყო, გამოსწორდა“, — აღიარა მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელდ აუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს თამჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლია, თუმცა ვისი მხრიდან, ამის თქმას პრეზიდენტი თავად გვენეტაძისაგან ელოდება. ამავე დროს აღიარებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე არ ჰყავს კანდიდატურა, თუმცა მიესალმება, რომ სამოქალაქო სექტორმა ერთი კანდიდატი შეარჩიოს და მას დაუჭიროს მხარი.
„ეს გულწრფელობა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, არის პრობლემა, ყველაზე მეტად მაშფოთებს. უჩა ნანუაშვილი არ მოეწონათ იმიტომ, რომ თურმე ხელისუფლება გააკრიტიკა. შემდეგ ეს პროცესი ღრმავდება. მერე მედია არ მოგეწონება, მერე მოქალაქე არ მოგეწონება“…
და სანამ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს შეარჩევს, მარგველაშვილი, როგორც ჩანს, გაჩუმებას კი არა, კიდევ უფრო მეტ აქტიურობას აპირებს. როგორი შანსები აქვს მას, იყოს ხელმეორედ არჩეული? დღეს ეს ძნელი სათქმელია. ბევრი რამაა დამოკიდებული როგორც საშინაო, ისე საგარეო პროცესებზე. აშშ-სა და რუსეთთან როგორც ჩანს, ივანიშვილს შესანიშნავად აქვს დალაგებული ურთიერთობა, ევროპა კი, როგორც წესი, ასეთ შიდა პროცესებში არ ერევა. ის კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ურჩ“ მარგველაშვილს დაუმტკიცოს, ვინაა "директор в этом гостинице", დაწყებული კანდიდატურის შერჩევიდან, დასრულებული ფინანსური რესურსის დახარჯვით.
ისე, გია ხუხაშვილი არ მალავს, რომ ოპოზიციური ძალები სწორედ 2018 წლის არჩევნებიდან აპირებენ „ოცნების“ წელში გადატეხვას. მართალია, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ არც აუშენებია. სამაგიეროდ, ივანიშვილი აპირებს, 2030 წლამდე მართოს ქვეყანა. ვნახოთ, ვისი ოცნებები ასრულდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!