ვინ გახდება საქართველოს მორიგი სახალხო დამცველი

გამოწერა
7 დეკემბერს მოქმედ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. უმრავლესობის კულუარებში გაცხარებული კონსულტაციებია სახალხო დამცველის პოზიციაზე.

ბუნებრივია, ამ ინსტიტუტის პირველი პირის კეთილგანწყობით ყველა უწყებაა დაინტერესებული, მაგრამ განსაკუთრებით —ძალოვანი სტრუქტურები. თუმცა მოვიდა დრო, როცა საზოგადოებამ ომბუდსმენისაგან სოციალური თუ შრომითი უფლებების დაცვა უფრო მეტად უნდა მოითხოვოს, ვიდრე — პატიმრებისა და დაკავებულების.

შრომითი, მომხმარებლის, პაციენტის, ბანკის კრედიტორის უფლებები ამ ქვეყანაში გაცილებით ნაკლებადაა დაცული, ვიდრე — უდანაშაულობის პრეზუმფცია და პატიმრის უფლება.

უჩა ნანუაშვილი თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით დაინიშნა. რეალურად უმრავლესობას ძალიან სურდა ამ პოსტზე ნინა ხატისკაცის დამტკიცება და მისი კანდიდატურა განიხილეს კიდეც პარლამენტში.

გამორიცხული არაა, საერთაშორისო საზოგადოების აზრი დეკემბერში ისევ გაითვალისწინოს უმრავლესობამ და ამ პოსტზე ანა ნაცვლიშვილს დაუჭიროს მხარი. ის ამჟამად საიას ხელმძღვანელობს.

ოფიციალურად ანა ნაცვლიშვილი კიდევაც ადასტურებს შეთავაზებას.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ სახალხო დამცველი არაობიექტურობაში დაადანაშაულა

მეორე რეალური კანდიდატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანია, რომელმაც მშვენიერი ინსტიტუტი ააწყო და დღესაც მეორე ვადითაა დამტკიცებული პარლამენტის მიერ. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ქალდანს ეს პოსტი უკვე შესთავაზეს და მან უარიც თქვა.

როგორც ჩანს, მას ჩუმად საქმის კეთება ურჩევნია…

სახალხო დამცველობა კი ბუნებრივია, მეტ საჯაროობას და მეტ კრიტიკულობასაც მოითხოვს.

სახალხო დამცველის პოსტზე რეალური კანდიდატია პრემიერის თანაშემწე სოფიო ჯაფარიძე. ჯაფარიძეს სწორედ კვირიკაშვილი ლობირებდა ჯერ საპარლამენტო გუნდში, შემდეგ — სტრასბურგში მოსამართლედ და ახლა უკვე — სახალხო დამცველის პოსტზე. გარდა თბილისური კავშირებისა, სოფიო ჯაფარიძეს ამერიკულ წრეებშიც ჰყავს ლობი, თუმცა რამდენად გადასძლევს ეს გავლენები პრინციპული ანა ნაცვლიშვილის წონას, მალე ვნახავთ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიუღია

პოსტზე გაიჟღერა სოფიო ხორგუანის სახელმაც, რომელიც წულუკიანისა და სოზარ სუბარის კანდიდატურაა. ბუნებრივია, ისინი ხორგუანის მხარდაჭერას ეცდებიან, თუმცა ხორგუანს სწორედ რადიკალური პროსახელისუფლებო განცხადებები შეიძლება გაუხსენონ.

ასევე საუბარი იყო არასამთავრობო სექტორიდან ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე, რომელიც აუდიტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ხელისუფლებამ არასამთავრობოთა ამ ჯგუფს ორჯერ გადაუხადოს ხარკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მოზომილი განცხადებებისათვის.

აბანოთუბანი და მეტეხის ცეხე - Sputnik საქართველო
პარლამენტი ახალ ომბუდსმენს დეკემბრის დასაწყისში აირჩევს

არასამთავრობოები საუბრობენ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდესა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების „სიყვარულს" პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ, არც ზვიად ქორიძის კანდიდატურის განხილვაა რეალური.

ჩვენი ინფორმაციით, სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტს უკვე ნოემბრის ბოლოს წარუდგენენ და ამით სპეკულაციები თემის გარშემო დასრულდება. უჩა ნანუაშვილი ისევ „ადამიანის უფლებათა ცენტრს" უბრუნდება, უკეთესი ცნობადობითა და გამოცდილებით, ხოლო მის პოსტს, დიდი ალბათობით, რომელიმე ქალბატონი დაიკავებს, რაც უდავოდ მისასალმებელია.

ყველაზე დიდი ალბათობით, მთავარი კონკურენტები ამ პოსტზე ანა ნაცვლიშვილი და სოფიო ჯაფარიძე იქნებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0