არჩევნებამდე სულ რაღაც 16 დღე დარჩა. საინტერესოა, რას გვპირდებიან თბილისი მერობის კანდიდატები და როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა არჩევნების შემდეგ, თუკი, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებენ.
ნაკლები დარღვევების მქონე, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი უწოდეს ამ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. კახი კალაძეს კი „რუსთავი 2“ დიდი ხანია, საბავშვო ბაღების პედაგოგების განსაკუთრებულ სიყვარულში ადანაშაულებს. სავარაუდოდ, კალაძე რომ გაიმარჯვებს, ამასაც საბავშვო ბაღებს დააბრალებენ.
სოლიდურმა პარტიებმა მხოლოდ პლაკატების და სლოგანების დამზადება არ იკმარეს და გარეპეს კიდევ ესა თუ ის სიმღერა. „ქართული ოცნება“ აგერ უკვე მეორე არჩევნებია, „თავის საქართველოს ეძებს“, თუმცა ასე დავარცხნილ-გაბრწყინებულ-გახარებული საქართველო სად იპოვეს, ვერავინ გაიგო და მათ შორის, ვერც იმ მკვლევარებმა, ოქროს აკვანს რომ ეძებდნენ ბაზალეთის ტბის ძირას. მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები და არა — მხარდამჭერები ან მისი დამფუძნებლები რეგიონებში, ოცნებების ასრულებისა და კმაყოფილების სტადიაში არიან. აი, რამდენად კმაყოფილია ხალხი, რომელიც ოცნებამ ნაციონალებით, აქტივისტებით და ისეთი ხალხით ჩაანაცვლა, „ოცნების“ პარტიული წევრობა რომ „უტყდებათ“, ამას არჩევნებზე ვნახავთ.
თვალშისაცემია, რომ ბოლო დღეებში „რუსთავი-2“-ზე მხოლოდ ორი კანდიდატის ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამა გადის. „ნაციონალები“ ახლა „მიშა მაგარიას“ ნაცვლად „ჭაღარა“, „ყველაზე ლამაზსა და თბილ“ თბილისს უმღერიან.
ისეთი ლამაზი სლოგანები, როგორიცაა „მეტი შესაძლებლობები“, „ღირსეული სიბერე“, „უზრუნველი ბავშვობა“, „მწვანე ქალაქი“ და „ქალაქი საცობების გარეშე“, ბოლოს ხალხისა და მაყურებლისაგან ზურგშექცეული ზაალ უდუმაშვილი ჩნდება. რეკლამა სწრაფად გადადის მორბენალ ზალიკოზე, რომელიც თავად დუმს, მაგრამ მისი შინაგანი ხმა გვიყვება, როგორ დაიწყო რეპორტიორობა და შემდეგ — გადაწყვიტა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.
ყველაზე ორიგინალური პოლიტიკური რეკლამა მაინც ალეკო ელისაშვილს აქვს. ნუ, რა თქმა უნდა, „გუგავა მოვას“ შემდეგ. პრინციპში, ეს ფრაზა ისეთი ფრთიანი აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ლეიბორისტის დანახვაზე ხალსხ გუგავა ახსენდება და ვერანაირ საარჩევნო პროგრამას ვეღარ აღვიქვამთ.
„ჩვენ გადავარჩენთ თბილისს“, — ამბობს ალეკო და სახელისუფლებო კანდიდატს ჯერ სატელევიზიო დებატებში და შემდეგ — ფეხბურთის სათამაშოდი იწვევს. სამი ძალიან მოკლე გზავნილი — „100 ლარიანი დახმარება ყველა სოციალურად დაუცველს“ და როგორ გგონიათ, რამდენია მათი რიცხვი თბილისში? საკმაოდ შთამბეჭდავი —…მეორე — „ჩვენ გავამწვანებთ თბილისს“ და „ჩვენ გავაძევებთ „სითი პარკს“. ალეკო ელისაშვილის სიძლიერეც და სისუსტეც ისაა, რომ ის უპარტიოა და ვისი მეშვეობით აპირებს ამ ყველაფრის განხორციელებას, ამაშია ძნელი ამომრჩევლის დარწმუნება. მით უმეტეს, საკრებულოს მერის იმპიჩმენტი შესანიშნავად გამოუვა, თუ მოინდომებს. ბოროტი ხმები ამბობენ, ამის კალაძისაც კი ეშინია და ცდილობს, სიაში რაც შეიძლება, მეტი პირადი მეგობარი ჰყავდესო, და ალეკო ელისაშვილს რატომ აქვს იმედი, რომ ის საკრებულო, სადაც არათუ მხარდამჭერი, არამედ მსტოვარიც კი არ ეყოლება, მის იდეებს მოიწონებს და დაამტკიცებს, ძნელი სათქმელია. მეორეს მხრივ, ის ხალხოსანი კანდიდატის როლს თამაშობს, ნეგატივი და წამოსაძახებელი მის მიმართ ნაკლებია და, შესაბამისად, სერიოზულ კონკურენტად აღიქმება.
ასე მაგალითად, ექსპერტ სოსო ცინცაძეს დაუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით კახი კალაძეს 35, ხოლო ალეკო ელისაშვილს 25 პროცენტი აქვთ. სხვათა შორის, მეორე ტურის დიდ ალბათობაზე თბილისში არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ თავად „ოცნების“ საარჩევნო პროცესში ჩართული ხალხიც საუბრობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თბილისსა და ბათუმში ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული კომპანიებისათვის მსხვილი და სტრატეგიული ტერიტორიების გადაცემის პროცესი დაიწყო. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ამბავს და ადამიანს შეიძლება სხვადასხვა მხრიდან შეხედო. ხოდა, გია ხუხაშვილმა ამ ამბავს „პოლიტიკური იდიოტიზმის“ კუთხიდან შეხედა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, საქართველო ივანიშვილის ბოსტნად გადაიქცაო, პატიოსან ქართველს კი იმედი გაუჩნდა, იქნებ, მილიარდელმა ამ ლამაზ ადგილებში ლამაზი პარკები გააშენოს და იქ უფასოდ ვისეირნოთო. მართალია, ასეთი უფასო ბაღი შეკვეთილში უკვე გვაქვს და სეირნობაში ხელს მუსიკის ჰანგებიც გვიწყობს, მაგრამ მაინც არ ღირს ისეთი სიბრძნის დავიწყება, როგორიცაა ის, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“.
ყველაზე საინტერესო მაინც შერგელაშვილის საარჩევნო მოვლინება იყო. მართალია, თავად „შენების“ მოძრაობის ლიდერებსაც არ სჯერათ, რომ შერგელაშვილი არჩევნებს მოიგებს ან მეორე ტურში გადავა, ყველაზე კვალიფიციური ხალხისა და პროგრამის მიუხედავად, მაგრამ ტვ პირველთან დებატებში ისეთ თემებს მოხსნა პირი და მოჰყვა, მარტო მაგიტომ ღირდა შერგელაშვილის არჩევნებში მონაწილეობა. ისაო და თვითმმართველობის კოდექსით 1 ლარად მუნიციპალიტეტებში კი გავაუქმეთ ქონების გადაცემაო, მაგრამ მერე თბილისში დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიფიქრა და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გაიტანა ეს ცვლილებები და მთელი შრომა წყალში ჩამიყარესო. აი, გერმანიასა და საფრანგეთში რომ ვცხოვრობდეთ, შერგელაშვილს ტელევიზიიდან პირდაპირ პროკურატურაში წაიყვანდნენ დასახელებულ პირებთან ერთად, მაგრამ ჩვენ ხომ ამ „ჭაღარა თბილისის“ მკვიდრნი ვართ, სადაც ყველაფერი მოსულა, მათ შორის ისიც, რომ საარჩევნო სიის ლიდერმა არ იცის, ვინაა მისი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე — ანუ დავითულიანი არ იცნობს შაქარაშვილს, ორივენი ერთად — ქიბროწაშვილს, ხოლო დარჩია — ბიუჯეტს. ხოდა, რადგან ყველაფერი მოსულა, სახელმწიფო ქონების გაჩუქება რაღა პრობლემაა, კაცო? ვიპოვოთ კიდევ რამდენიმე დიდი ქველმოქმედი და ვაჩუქოთ ეს „ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი“. ცუდად მოუვლიან, თუ?
და სანამ ელენე ხოშტარია პენსიების გაზრდას „აწვება“, ირმა ინაშვილი მოსკოვში დარბის და ბურჯანაძეს ხმებს ართმევს, „ქართული ოცნების“ კლიპები ხანდახან „ბედნიერ კომუნიზმს“ გვახსენებს კოლმეურნე, ჩაის მკრეფავი ქალებითა და ცხვრის დიდი ფარით, გიორგი ვაშაძე ევროპულად ცხოვრობს.
მოკლედ, ესენი ხმების მისაღებად ყველაფერს გვპირდებიან და ძვირფასო ამომრჩეველო, არჩევანი დიდია. და დარწმუნებულიც ვარ, რომ ოქროს სასახლეს აგვიშენებენ… თავისას რომ მორჩებიან, მერე…