თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ფინალური საკონკურსო ჩვენება გაიმართა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში „დაზარალებულთა კვირეული“ ტარდება, რომლის ორგანიზატორია საქართველოს მთავარი პროკურატურა, ხოლო მხარდამჭერი — ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
კვირეული დაზარალებულის უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, აშშ–ის საელჩოს პრეს-ატაშე კრისტინ რობერტსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა ასევე არტ-ნამუშევრების კონკურსი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა გამწვანების აქცია, დაზარალებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დარიგდა, პროკურორებმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის და დაზარალებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
2 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში თემაზე ,,არა ძალადობას“ მოსწავლეების მიერ გადაღებული გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოავლინეს.
თემაზე,,არა ძალადობას“ ვიდეორგოლების კონკურსი საჯარო სკოლებში პროექტ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში 2017 წლის მარტში გამოცხადდა და მასში საქართველოს მასშტაბით 307 საჯარო სკოლის 2279 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რაიონულმა პროკურატურებმა რაიონების საჯარო სკოლებში კონკურსები ჩაატარეს და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ვიდეორგოლები გამოავლინეს. საკონკურსო ფინალში სულ 186 მოსწავლის მონაწილეობით შექმნილი 20 ვიდეორგოლი გადავიდა.
ვიდეორგოლების ფინალურ საკონკურსო ჩვენებაზე წარმოდგენილი ვიდეორგოლები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თავმჯდომარეობით სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი მაიკლ გრანტი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა ფსიქოლოგი.
კონკურსზე საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. პირველი ადგილი რუსთავის 28-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხობის პირველმა და ბათუმის მე-2 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა კონკურსში გამარჯვებულები სპეციალური ჯილდოებით დააჯილდოვა. ასევე, საჯარო სკოლებს, რომელთა შექმნილმა ვიდეორგოლებმა კონკურსში გაიმარჯვეს, საჩუქრად ვიდეოკამერა, მუსიკალური ცენტრი და ფოტოაპარატი, ხოლო მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის ლოგოიანი საჩუქრები გადაეცათ.
კვირეული ლისის ტბაზე 3 დეკემბერს დასრულდება, სადაც გაიმართება დაზარალებულთა მხარდამჭერი მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროკურორები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ყველა იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება აქვთ დაზარალებულებთან.