თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულმა ცენტრმა, რომელიც განსაცდელში ჩავარდნილ ქალებზეა გათვლილი, ერთი წლის განმავლობაში ასამდე ადამიანი მიიღო, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
ცენტრში ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ შესაბამისი სტატუსი ჯერ არ მიუღიათ. სტატუსის მიღებამდე ისინი კრიზისულ ცენტრში იცხოვრებენ, შემდეგ კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში გადასვლა შეუძლიათ.
ცენტრებში ძალადობის მსხვერპლი იღებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებას. ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრირებაში ეხმარებიან.
2017 წლის დასაწყისიდან შსს-ს მონაცემებით, საქართველოში ოჯახური ძალადობის 854 შემთხვევა დაფიქსირდა, 675-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამჟამად საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები მოქმედებს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში და კახეთში. დაზარალებულებს თავშესაფარში ყოფნა სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
ცენტრის ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით ახლახან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი 116 006 ერთბაშად რვა ენაზე ამოქმედდა.