მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი - მითი თუ რეალობა?

CC BY 2.0 / Shankar s. / King Erekle IIერეკლე მეორის ძეგლი თელავში
ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სამ ქალბატონს ბევრი რამ აერთიანებს- სამივე ერეკლე მეფის პერიოდში ცხოვრობდა, სამივე ცნობილი მეომარი და ქვეყნის ერთგული იყო, სამივე მტრის ხელით დაიღუპა.

 ამათგან უფრო ცნობილი მაია წყნეთელია, რაც დიდ წილად რეზო ჩხეიძის მხატვრულმა ფილმმა განაპირობა. მის ისტორიასაც ფილმის მიხედვით ვიცნობთ, თუმცა სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ. ჯერ ერთი, ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დაგიდასტურებთ, რომ რომელიმე მათგანი ნამდვილად არსებობდა, რადგან არანაირი ისტორიული საბუთი არ მოგვეპოვება. ერთად ერთი ხალხურ ფოლკლორს თუ დავეყრდნობით, რადგან სამივეზე ლექსებია გამოთქმული. 1882 წელს დიმიტრი ჯანაშვილმა გაზეთ „ივერიაში” გამოაქვეყნა პატარა ისტორიული ჩანაწერები, სახელწოდებით – „საქართველოს გმირი ქალები”. ყველა გამოკვლევა თუ ნარკვევი, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა მეთვრამეტე საუკუნის გმირი ქალების შესახებ, სწორედ აღნიშნული წერილიდან მომდინარეობს. დღეს მაია წყნეთელზე გიამბობთ.

რუსეთის არმიის მიერ პარიზის აღება - Sputnik საქართველო
პარიზის შტურმით ამღები ქართველი გენერალი ივანე გურიელი

ზოგი ისტორიკოსის აზრით მაია გვარად ოძელაშვილი უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვან ასაკში მას ბატონმა ნამუსი ახადა. მისმა მშობლებმა ეს მწუხარება ვეღარ აიტანეს და მალე გარდაიცვალნენ.

„ადრე მოუკვდა მას დედა,

სოფელ მცხეთაში გაზრდილი,

მამამაც თავი მოიკლა,

ვერ აიტანა ქადილი.“

დაობლებულმა ქალმა მოძალადე ბატონი მოკლა, მამაკაცის ჩოხით შეიმოსა და მეფესთან მივიდა. გადმოცემის მიხედვით, მაია შავგვრემანი, მოსული, ბრგე და ღონიერი ქალი ყოფილა:

„შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ

ჩაიცვა ვაჟკაცურადა,

თოფ-იარაღი აისხა,

იქცევა მამაცურადა,

მაია მეფის კარზე მისულა, ერეკლეს მათე ბიჭად გაეცნო და მეფესაც სამსახურში აუყვანია.  თუმცა, მის თანამებრძოლებსა და მეგობრებზე არაფერია ცნობილი. არც ის ვიცით, კონკრეტულად რომელ ცნობილ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ერთხელ  თავი ისე გამოუჩენია, ერეკლე აღფრთოვანებულა და უთქვამს: „ახ, შენ გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენა გხურებიაო“.  სოღანლუღთან მეფეს თათრების წინააღმდეგ გამოყვანილ რჩეული ვაჟკაცებისგან შემდგარ მდევარ რაზმს მაიაც ახლდა. მიახლოებისთანავე, მაიას ცხენი მტრის რაზმში შეუჭენებია და მეთაურისთვის თავი გაუგდებინებია. პანიკაში ჩავარდნილი მტერი  ქართველებს ისე გაუჟლეტიათ, ამბის წამღებიც არ დაუტოვებიათ.

ტამპლიერების ბეჭდის რეპროდუქცია პრაღაში გამართულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გიორგი ბრწყინვალე და ტამპლიერთა ძლევამოსილი ორდენი

მეორედ, თერთმეტი გოგო-ბიჭი სპარსელებისთვის მიუყიდიათ ქართლის დიდებულებს.  ერთი მოხუცი თავად ხლებია მეფეს. იქ მაია დახვედრია და  ამასაც თავისი გასაჭირი უამბია. მაიამ მაშინვე შეკრიბა ხალხი, და ყიზილბაშებს დაედევნა. ლილოსთან წამოეწივნენ მტერს, დახოცეს და ტყვეები გაათავისუფლეს. ამგვარი საქციელით მაიას ბევრი მტერი გაუჩენია თავადებს შორის. მათმა შურისძიებამაც არ დააყოვნა. ერთ დღეს, როცა მათე ბიჭი ერეკლემ სადღაც გაგზავნა, მისმა მოწინააღმდეგეებმა მკვლელები დაადევნეს. მაიამ მდევარი კი დახოცა, მაგრამ, ერთ მათგანს უთქვამს: მეფესა ნებავს შენი სიკვდილიო.  ამდენი ხნის ერთგული სამსახურის შემდეგ, მაიას  გაუკვირდა მეფის ასეთი განზრახვა. ყაჩაღად გავარდნა გადაწყვიტა, თრიალეთისკენ წავიდა, იქ ერთ უღრან ტყეში დაბინავდა. თუმცა, ყაჩაღთა რაზმი ჰყავდა თუ არა, ეს არ არის ცნობილი. იმ ადგილს ხალხმა „მაიას საბუდარი” შეარქვა. მალე მტრებმა შეიტყვეს მისი ბინა და მაია იძულებული გახდა იქაურობასაც  გასცლოდა და ქვემო ქართლისკენ წასულიყო. თუმცა ქვეყანას  იქიდანაც ემსახურებოდა – თუ მტერი შემოესეოდა იმ მხარეს, ხალხს წინ მიუძღოდა და ამარცხებდა.

CC0 / Wikipedia / burusi.wordpress.com / Heraclius II of Eastern Georgiaერეკლე მეორე
ერეკლე მეორე - Sputnik საქართველო
ერეკლე მეორე

ერთი ზეპირი გადმოცემის თანახმად, უკვე ხანში შესულ მაიას სოფელს ერეკლე მეფე სტუმრებია. გზაში მეფეს მტერი გადაჰყრია. სოფლელებიდან მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია. მოკლედ, მტერი უკუაქციეს. მეფე გმირის ვინაობით დაინტერესებულა. ბატონისაგან დევნილი მათე გახლავართო, უთქვამს მაიას და იქვე გამოუტყდა ერეკლეს —  „ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ დედაკაცი ვარ და არა მამაკაციო“. მას მერე ქალური ტანსაცმელი ჩაუცვამს, თუმც,  კრწანისის ომში მაინც მიუღია მონაწილეობა. სპარსელებს მისი სიმამაცე  გაჰკვირვებიათ და ქალის ცოცხლად შეპყრობა უბრძანებიათ. დაუტყვევებიათ კიდეც, თუმცა გზიდან გამოპარულა და სადღაც ერევნის სიახლოვეს მოუკლავთ.

 ასეთი გახლავთ გმირი ქართველი ქალის სავარაუდო ისტორია. სამწუხაროდ, ისტორიულ წერილობით წყაროში ქალები ძალიან იშვიათად არიან ნახსენები. მოსახლეობის აღწერის დროსაც, სიებში მხოლოდ ჯარში წამსვლელი და გადასახადების გადამხდელი მამაკაცების დაფიქსირება ხდებოდა. საბედნიეროდ ხალხმა არ დაივიწყა გმირი ქალები და მათ ამბებს  თაობიდან თაობას გადასცემდა. სწორედ ამის წყალობით ვიცით დღეს, რომ ქართველი ქალები მხოლოდ სამშობლოსთვის შვილების გაზრდით არ შემოფარგლულან და როცა საჭირო იყო მტერს მამაკაცების გვერდით ებრძოდნენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0