გიორგი ბრწყინვალე და ტამპლიერთა ძლევამოსილი ორდენი

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Hinterkappelen / Reproduction de sceau templier lors d'une exposition à Pragueტამპლიერების ბეჭდის რეპროდუქცია პრაღაში გამართულ გამოფენაზე
ტამპლიერების ბეჭდის რეპროდუქცია პრაღაში გამართულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეფე გიორგი V ალბათ ერთადერთია ქართველ მონარქთა შორის, რომლის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებდნენ ქვეყნისა და მისი პირადი მტრებიც კი. ამიტომაც მოიხსენიებს შთამომავლობა დიდებული თიკუნით – „ბრწყინვალე“.

მის დამსახურებებს ახლა ზოგადად შევეხები, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ ანალებში „ქექვისას“ შემთხვევით წავაწყდი კანადელი მეცნიერის ალან ბატლერის ნაშრომს, რომელიც ძლევამოსილი ტამპლიერების ორდენის ისტორიასა და ლეგენდად შემორჩენილ საოცარ განძს ეხება. ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ფრაზამ, რომლის მიახლოებით თარგმანსაც შემოგთავაზებთ: „1307 წელს, როდესაც საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა ტამპლიერების ორდენის მთავარი სიმაგრე ტამპლი აიღო და დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლი დააპატიმრა, ორდენის ფილიალებმა სხვა ქვეყნებში ხერხი იხმარეს, ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმაც ორდენის დაშლის თაობაზე გააკეთა განცხადება, როგორც ეს ქალაქ არკაში მახლობელ აღმოსავლეთში მდებარე ყველაზე მძლავრი ფილიალის დიდმა მაგისტრმა აღმოსავლეთის პრინცმა გააკეთა“…

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი - Sputnik საქართველო
დიდი ჯანიშინი, პოეტი, მეცნიერი, ასტრონომი, ქიმიკოსი და ქართლის დიდი მეფე ვახტანგ VI

ვინ იყო ეს „აღმოსავლეთის პრინცი?“ მისი სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა. ახლა გადმოვინაცვლოთ საქართველოში. გიორგი ბრწყინვალე პირველად ტახტზე ადის 1299 წელს, როცა სულ 13 წლის იყო, თუმცა მალევე, 1302 წელს იძულებული გახდა ტახტი უფროსი ძმის ვახტანგისთვის დაეთმო. ქართველ მემატიანეებზე დაყრდნობით, იგი სამცხეში, დედულეთში გაემგზავრა. სამწუხაროდ, აქედან მოყოლებული ვიდრე 1314 წლამდე, როდესაც ტახტზე მეორედ ავიდა, მის შესახებ არანაირი ცნობა არ არსებობს. უფრო მეტიც, მისი მეფობის პერიოდზეც ძალზე მწირი ინფორმაცია გაგვაჩნია, რადგან დროთა განმავლობაში ქართველი ჟამთააღმწერლის თხზულებაში ეს მონაკვეთი დაიკარგა. XVII საუკუნის დამლევს, ვახტანგ მეფის მიერ ახალი ქართლის ცხოვრების დასაწერად შეგროვილ საისტორიო ძეგლებს შორისაც ეს წყარო არ აღმოჩენილა. ამრიგად, მთავარი ძეგლი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის გაშუქება იყო შესაძლებელი, აღარ მოგვეპოვება.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ფრანგული დიპლომატიის ქართველი წარმომადგენელი ირან-ოსმალეთის სამეფო კარზე

მართალია, ეს გარემოება მეტად აძნელებს საქმეს, მაგრამ ამ ხანის ისტორიის ძირითადი საკითხების ზოგადად გაშუქება მაინც ხერხდება. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო თარიღებს, რადგან ვარაუდი, რომლის გამოთქმასაც ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ თარიღებს ეფუძნება. გიორგი საისტორიო ანალებიდან ქრება 1302 წელს და არ ჩანს ვიდრე 1308-09 წლამდე. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინც და მაინც ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და ტამპლიერების ორდენის წევრი გახდა? კიდევ ერთ ფაქტს მოვიშველიებ: XIV საუკუნის პირველი ნახევრის არაბმა ისტორიკოსმა ელ-ომარმა შემოგვინახა გიორგი მეხუთისადმი გამოგზავნილი ეგვიპტის სულთნის ეპისტოლე, რომელსაც აქ ვერ მოვიყვან უბრალო მიზეზის გამო – მხოლოდ მეფის ტიტულატურა იმდენად გრძელია, რომ ჩემი მასალის ფორმატი მას ვერ შესწვდება. მოვიყვან მხოლოდ იმ მონაკვეთს, რომელიც ჩვენ თემას შეეხება: „იესოს სარწმუნოების საყრდნობისა, ქრისტიან გმირთა ცხებულისა, თავის ბრძანებით წმიდა ადგილთა (ე.ი. პალესტინა-იერუსალიმის) განმადიდებელისა, ნათელღებულთა მისაყრდნობისა, რომის პაპის მეშველისა, მუსლიმანთა მეგობრისა, დაახლოვებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა მეფეთა და სულთანთა უგულითადესი მეგობრისა”… სხვა ქვეყნის მეფეებს აღმატებული ეპითეტებით რომ მოიხსენიებდნენ, ეს ცნობილი და მიღებული ფაქტია, ისიც ცნობილია, რომ გიორგის მიწერ-მოწერა ჰქონდა რომის პაპთან და ვენეციასთან, ელჩობაც გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს, სადაც გაუგონარი თხოვნა თუ მოთხოვნა წამოაყენა (გაიხსენეთ ფრაზა ეპისტოლედან – “…თავის ბრძანებით წმიდა ადგილთა (იგულისხმება პალესტინა-იერუსალიმი) განმადიდებელისა… “

სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია და მამათა მონასტერი - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ჭირნახული ქართველი, რომელიც ვერ ეღირსა სამშობლოს მიწას

წართმეული ჯვრის მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნება და პალესტინაში ქრისტიანებისთვის მაჰმადიანთაგან დაწესებული დამამცირებელი წესების გაუქმება (მაგალითად არამუსლიმს ცხენზე მხედრულად ჯდომა ეკრძალებოდა). საქართველოს მეფის არც ერთი ამ თხოვნის (თუ მოთხოვნის) ასრულება მაჰმადიანთა მბრძანებლისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ, მაინც, უფრო მეტად პირველ თხოვნას უნდა ჩაეგდო იგი დიდ საგონებელში. ჯვრის მონასტრის ისევ ქართველებისთვის დაბრუნება ხომ მიზგითის კვლავ ქრისტიანთა სალოცავ ეკლესიად ქცევით დამთავრდებოდა, მართლმორწმუნე მაჰმადიანთა შეხედულება-მოძღვრებით კი ასეთი საქციელი მძიმე დანაშაულსა და დიდ ცოდვას წარმოადგენდა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად ეგვიპტის სულთნის გავლენიანი სასულიერო წრეები თავიანთ მბრძანებელს დასტურს ასე ადვილად ვერ მისცემდნენ.

ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი - Sputnik საქართველო
„ყოვლითურთ მამის დავითის მსგავსი“ დემეტრე მეფე და მისი უკვდავი „შენ ხარ ვენახი“

ამის მიუხედავად, ეგვიპტის სულთანმა საქართველოს მეფის ორივე თხოვნა დააკმაყოფილა: ქართველებმა წართმეული ჯვარის მონასტერიც დაიბრუნეს, დანარჩენ ყველა ქრისტიანებთან ერთად ცხენსა და სახედარზე ჯდომის ჩვეულებრივი წესიც აღიდგინეს. როგორ და რა დამსახურებისთვის? უცნაურია აგრეთვე გიორგი ბრწყინვალეს მოხსენიება „სულთნის მეგობრად“, სად და რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი? სამწუხაროდ დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა, რომ ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლელი პრინცი დიდი მაგისტრი სწორედ ახალგაზრდა გიორგი იყო. ამ მოსაზრების გასამყარებლად ვერავითარ სხვა არგუმენტს ვერ წამოვაყენებ გარდა იმისა, რაც მოგახსენეთ; ვარაუდების გამოთქმის საბაბს მაძლევს აგრეთვე თარიღებში უცნაური დამთხვევები, რაც ძალიან არასაკმარისია, მაგრამ ვერსიის დონეზე ოცნება ჩემთვის არავის დაუშლია.

ყველა ახალი ამბავი
0