31 წელი სიბრძნით იმეფა დიდმა დავითმა, მემკვიდრეც ღირსეული დაუტოვა ქვეყანას. დემეტრე მისი უფროსი შვილი იყო და მამის სიცოცხლეშივე ჰქონდა მოხვეჭილი ჩინებული მეომრისა და ჭკვიანი მხედართმთავრის სახელი. ჯერ კიდევ 1117 წელს მეფე დავითმა იგი შირვანს გაგზავნილ ლაშქარს სათავეში ჩაუყენა — "ხოლო მან ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირნა მხილველნი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-მოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა სავსე ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა". დიდგორის ომშიც მამის მხარდამხარ იბრძოდა უფლისწული და საკმაოდ დიდი წვლილიც მიუძღვის გამარჯვებაში.
ყმაწვილობა დემეტრეს თუშეთში ჰქონდა გატარებული, თუშური ცხენები ტანად პატარები კი არიან, მაგრამ მთის ფერდობებზე ვერც ერთი ჯიშიანი მერანი ვერ შეედრება. სწორედ თუშურ ცხენებზე ამხედრებული მეომრებით დაატყდა ფლანგიდან რისხვად დემეტრე მუსლიმთა ლაშქარს და მათი უკუქცევაც აქედან დაიწყო. დემეტრე მეფეს, ისევე, როგორც მის სახელოვან მამას, მრავალი ომის გადატანა მოუხდა. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ კვლავ გათამამდნენ სპარსელები და პირველსავე წელს საქართველოს სამეფოს შემოესივნენ. მეფე დაუყოვნებლივ დაიძრა ქართული ჯარით და "დმანისი და ხუნანი სპარსელებს წაართვა". ამის შემდეგ სპარსელებმა რამდენჯერმე შეუტიეს ანისს. დემეტრემ თავი აარიდა ზედმეტ სისხლისღვრას და ქალაქი ძველი მფლობელის მანუჩეს შვილებს დაუბრუნა, რის სანაცვლოდაც ყმობის ფიცი ჩამოართვა. მართლაც, ანისის მფლობელები მთელი სიცოცხლე საქართველოს მეფის მორჩილი იყვნენ. უფრო მეტიც, როცა 1152 წელს კარნუ-ქალაქის (არზრუმის) ამირა სალდუხი ანისს შემოესია, დემეტრე თავისი ყმადნაფიცის დასახმარებლად თურქთა დიდ ლაშქარს შეება. "ნებითა ღმრთისაითა მეფეს გაემარჯვა, დახოცნა და ამოსწყვიტნა" თურქნი, თავად სალდუხი კი დაატყვევა და ერთხანს თბილისის ციხეში ჰყავდა ჩამწყვდეული, მაგრამ მერე დიდსულოვნად შეიწყნარა და გაათავისუფლა.
დემეტრე მეფეს გაულაშქრია განძაშიც. ამის შესახებ განძის ქალაქის კარიბჭის წარწერა გვიამბობს, რომელიც მეფე დემეტრეს ალაფად საქართველოში ჩამოუტანია. განძის კარიბჭე დღესაც გელათის მონასტერში ინახება. „გულადი და ღვთის მოყვარე და ყოვლითურთ თავის მამის დავითის მსგავსი" დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა გაუკაცრიელებული „ჰერეთი, სომხეთი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო", რომლებიც დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს შემოუერთა. დემეტრე მეფემ აღასრულა მამის ანდერძი და დაამთავრა გელათის მშენებლობა, მისი ბრძანებით აიგო ბევრი ახალი ეკლესია (მათ შორის უბისის ტაძარი). განსაკუთრებით ზრუნავდა დემეტრე მეფე დავით გარეჯზე, თითქოს წინასწარ ჭვრეტდა, რომ სიცოცხლის ბოლოს ბერად აღკვეცის შემდეგ სწორედ აქ დამკვიდრდებოდა. აქ შექმნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უკვდავი "შენ ხარ ვენახი", რომელსაც ცხრა საუკუნეა გალობენ საქართველოს ეკლესიებში. გარეჯის მონასტრის კედელზე ერთ დროს ღირსი დამიანეს (ერისკაცობაში დემეტრეს) ფრესკაც ყოფილა, რომელიც ანტონ კათალიკოსს, მოგვიანებით კი პლატონ იოსელიანსაც უნახავთ, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი სახე მხოლოდ მაცხვარიშის (ლატალის) ეკლესიის ფრესკამ შემოინახა.
ვერც მეფე დემეტრე გადაურჩა შინაურთა გაუტანლობასა და ღალატს. მისი მეფობის მეხუთე წელს გამჟღავნდა ივანე აბულეთის ძის შეთქმულება, რომლის მიზანიც დემეტრეს დამხობა და მისი ნახევარძმის ვახტანგის (ცვატას) გამეფება იყო. დემეტრეს ბრძანებით შეთქმულები შეიპყრეს და დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. მეფემ მკაცრად დასაჯა ამბოხებულები.
საკმაოდ ტრაგიკული და ინტრიგებით სავსე ჩანს დემეტრეს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, აქ ის შუა საუკუნეების მონარქის სასტიკ ხასიათს ავლენს, მისი ბრძანებით ვახტანგს თვალები დათხარეს და მას შემდეგ აღმაშენებლის უმცროსი ვაჟი ისტორიის ფურცლებიდან საერთოდ ქრება. კიდევ უფრო უცნაურია შვილებთან მისი ურთიერთობა, რაც, ფაქტობრივად, დიდი ტრაგედიის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მეფის სიმპათიამ ერთი შვილისადმი, ფაქტობრივად, შეცვალა ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრეთა კანონიერი ხაზი. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ თავის ორ ვაჟთაგან დემეტრე გიორგის ანიჭებდა უპირატესობას. იგი აპირებდა ტახტის გადაცემას გიორგისთვის, რითიც კანონიერ მემკვიდრეს — დავითს ართმევდა მეფობის უფლებას.
1150 წელს დავითი მამას აუჯანყდა, თუმცა, ეს ცდა მარცხით დამთავრდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1155 წელს დავითი ახერხებს დემეტრეს ტახტიდან გადაყენებას და მას აიძულებს ბერად აღიკვეცოს, ხოლო თავად იმავე წელს გამეფდა, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვე იმეფა, რადგანაც მალე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
დამიანე ბერის სახელით აღკვეცილი დემეტრე კვლავ ტახტზე დაბრუნდა და გიორგიც თანამოსაყდრედ აღიარა. ამით მან დავითის მეფობაც კანონგარეშედ გამოაცხადა და მის ვაჟ დემნასაც სამუდამოდ გადაუღობა გზა სამეფო ტახტისკენ. ამას მოჰყვა პირველი ქალი მონარქი საქართველოს სამეფო ტახტზე, ხოლო დავითის ძე დემნა, რომელმაც თამარის წინააღმდეგ აჯანყება სცადა, ასევე სასტიკად დაისაჯა. ასეთი იყო დემეტრე როგორც მეფე და ერთპიროვნული მმართველი. თუმცა, ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა მისი, როგორც საეკლესიო მოღვაწის, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბერისა და შესანიშნავი ჰიმნოგრაფის, ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის პორტრეტი. პირველ რიგში, როგორც უკვე მოგახსენეთ, უნდა აღინიშნოს საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და ქართული ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს:
„შენ ხარ ვენაჳი, ახლად აღყვავებული.
მორჩი, კეთილი, ედემში დანერგილი,
ალვა სუნელნი, სამოთხით გამოსული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული“.
გარდა ამისა, დემეტრეს კალამს ეკუთვნის სხვა იამბიკოებიც, განსაკუთრებით საინტერესოა ერთი მათგანი, რომელსაც ეპიტაფიის სახე აქვს და, სავარაუდოდ, მეფე დემეტრეს საფლავის ქვა უნდა დაემშვენებინა. თუმცა, ასე არ მოხდა:
„ნაშრომი საშრომ, მშრომელი უშრომ,
მეფეთგან მცნობი, აწ ვერ საცნობი,
ვიშვე ვისადვე, შევედ მისადვე“.
დიდი მეფე დემეტრე, იგივე წმინდა ბერი დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში 1157 წელს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.