კიდევ ერთი ჭირნახული ქართველი, რომელიც ვერ ეღირსა სამშობლოს მიწას

გამოწერა
საინტერესო რამ გახლავთ მატიანე და ადამიანები, ვინც შთამომავლობას ათასწლეულების წინ მომხდარზე მოუთხრობენ. რომ არა ისინი, ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა ჩვენ წარსულზე და იმ დიდებულ ადამიანებზე, ვინც საქართველოს ისტორიას წერდა.

გარდასულის ცოდნა კი მომავლის შენებაში ისევე აუცილებელია, როგორც სახლის შენებისას მტკიცე და საიმედო საფუძველი. დღეს მინდა მოგითხროთ ერთი ქართველი სასულიერო პირის ნაღვაწზე და იმ აუცილებელ საძირკველზე, რომელსაც მან არცთუ შორეულ წარსულში ჩაუყარა საფუძველი.

დაწყებითი განათლება საოჯახო სკოლაში მიუღია, შემდეგ სწავლა ახალციხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სკოლასა და ალექსანდრეპოლის (დღევანდელი გიუმრი სომხეთში) სასულიერო სასწავლებელში გაუგრძელებია, ბოლოს კი რომის უმაღლესი სასულიერო აკადემია დაუმთავრებია, სადაც სრულყოფილად შეუსწავლია ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.

სამშობლოში დაბრუნებულ პეტრე ხარისჭირაშვილს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, რადგან აშკარად დაუპირისპირდა ქართველ კათოლიკეთა გასომხებას და მთელი თავისი მოღვაწეობა ქართული ენის გავრცელებასა და გაძლიერებას მიუძღვნა.

კადრი ფილმიდან გიორგი სააკაძე - Sputnik საქართველო
გიორგი სააკაძე – გმირი, მოღალატე თუ ორსახა იანუსი?!

1856 წელს იგი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში, წმ. ლაზარეს კუნძულზე დასახლდა. იქ მან ქართული სტამბა დააარსა და თავისივე თარგმნილი წიგნიც გამოაქვეყნა. დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კეთილგანწყობა დაიმსახურა და მას კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის დაარსების ნება დართეს. სტამბულში, ფერიქოის მონასტერთან მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულ სტამბაში წიგნები თავდაპირველად ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენაზეც იბეჭდებოდა. გაიხსნა ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, დაარსდა ბიბლიოთეკა.

ეიფელის ხიდი საქართველოში - Sputnik საქართველო
ახ ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და პარიზი!

ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბულის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ თავის დაარსებულ სასწავლებელში განათლების მიღების საშუალება მისცა.

მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულმა საზოგადოებამ მონასტერი გახსნა სტამბულის მეორე უბანში – უსქუდარშიც. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები, 1881 წელს კი ქართულ-ბერძნული სკოლა გაუხსნიათ. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონიათ აგრეთვე ჰერას უბანში, პაპასკვერებში. სტამბულის ქართველ კათოლიკეთა ძმობა ისე გაძლიერებულა, რომ 1874 წელს საფრანგეთშიც დაუფუძნებია ასეთივე ძმობა. ქართველ კათოლიკეთა ძირითადი საქმიანობა მონტობანში წიგნების ბეჭდვა ყოფილა. სიცოცხლის მიწურულს, 1892 წელს მამა პეტრე სტამბულში თავის მიერვე დაარსებულ მონასტერში განმარტოებულა და იქვე გარდაცვლილა. კიდევ ერთი ჭირნახული ქართველი ვერ ეღირსა ქართულ მიწას, თუმცა მისი ძალისხმევით ქართველთა სავანის მნიშვნელობა  იმდენად გაიზარდა, რომ მას თვით სულთანი აბდულ ჰამიდი პატრონობდა. მაშინდელი სტამბულის პრესა აღნიშნავდა, რომ 1893 წელს სულთანმა ქართული სკოლა უხვად დაასაჩუქრა, ხოლო სკოლის დირექტორს ანდრია წინამძღვრიშვილს 150 ოქრო და ორდენის მეოთხე ჯვარი უბოძა. ცერემონიაზე თურქეთის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ისმაილ-ფაშამ სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.

ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი - Sputnik საქართველო
„ყოვლითურთ მამის დავითის მსგავსი“ დემეტრე მეფე და მისი უკვდავი „შენ ხარ ვენახი“

გურჯების ძველ მონასტერს ფერიქოის უბანში დღეს  ბევრი სტამბულელიც ვერ მიგასწავლით. აქაურობა დიდ ხმაურსა და ჟამთა მღელვარებაში ჩაიკარგა. თუ ადრე აქ ორი მოქმედი მონასტერი იყო – მამათა და დედათა, ახლა სიმშვიდესა და სიჩუმეს დაუსადგურებია და  ყველაფერი მხოლოდ წარსულით ცოცხლობს. იშვიათად ნახავთ ქართველ მორწმუნეებს, წირვაც უმეტესად თურქულად აღევლინება.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

გასული საუკუნის ცნობილი კათოლიკე მისიონერი ეჟენ დალეჯო დ’ალესიო 1921 წელს წერდა:

„ამ სავანეში ყოველიფერი საქართველოს მოგაგონებს… უცხოეთში გადმოტყორცნილო ქართველო, რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო, მოდი ამ სავანეში… სულით განახლებული წადი, ქართველო, და ჩაები ცხოვრების ტალღებში… შენ თუ არა, შენი შვილი ან შვილის-შვილი მაინც ნახავს ბრწყინვალე ხანას საქართველოსას და ქართველი ხალხისას”.

ყველა ახალი ამბავი
0