ბორჯომის ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ (სხვა სიტყვა ვერ მივუსადაგე), 80-იანი წლები გამახსენა, როცა მაშინ ერთადერთი ტელევიზიიდან მივლინებით გახლდით ამ ულამაზეს მხარეში. ზაფხული იყო და წლევანდელივით მცხუნვარე. რაიკომის შენობაში მისულებს გამოგვიცხადეს ხანძრის საწინააღმდეგო შტაბის სხდომაა და ცოტა მოცდა მოგიწევთო. დავინტერესდი სად არის ხანძარი მეთქი და არსად ბატონო, რომ არ გაჩნდეს იმისთვის სპეციალური ჯგუფები იქმნება, რომლებიც ტრიალ მინდვრებს ათვალიერებენ, სადმე შუშის ნატეხი რომ მოხვდეს ხანძარი გარდაუვალია და მერე მისი ჩაქრობა თითქმის გამორიცხულიო…
კომუნისტების მეხოტბეობას სულაც არ ვაპირებ, აქ თავის წილ სამშობლოზე მზრუნველი ადამიანების ნება უფრო დავინახე. იმ დღეს გავიცანი ერთი უცნაური სახელის მქონე ბორჯომელი კაცი ფრონტოზო აბულაძე — რაიონის მთავარი არქიტექტორი, რომელთან ერთადაც მთელი ხეობა მოვიარე და ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი. ლიკანში რომანოვების სასახლის ისტორია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი — ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. გამოჩენილი ფრანგი ინჟინერ-კონსტრუქტორის ეიფელის კოშკის ავტორ ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს. ადგილზე მისი მონტაჟი კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ განახორციელა.
იმ დროს ეიფელი მსოფლიოში განთქმული პიროვნება იყო, პარიზელები მისი კოშკით ამაყობდნენ, ამერიკელები ფრანგების მიერ ნაჩუქარი იმავე გუსტავ ეიფელის შედევრით — თავისუფლების ქანდაკებით იწონებენ თავს და ჩვენს პატარა საქართველოში კი ამ დიდი შემოქმედის ორი ნაღვაწი მოგვეპოვება. ერთზე უკვე მოგახსენეთ, მეორე კი ქუთაისში გახლავთ. როგორც ცნობილია, ბატონი ნიკო ნიკოლაძე კარგად იცნობდა ეიფელს და მასთან საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებდა, სწორედ მან ჩამოატანინა თავად ეიფელს ქუთაისისთვის „თეთრი ხიდის” კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს ეიფელის კოშკის ყელის ანალოგს. მათი საქმიანი ურთიერთობიდან კი ერთი ფაქტი მოვიძიე- ნიკო ნიკოლაძემ 1886 წელს დააფინანსებინა როტშილდების ბანკს ქალაქ პარიზის განათების ექსპერიმენტი, რომლის პროექტიც ეიფელსა და მარსელ დეპრეს ეკუთვნოდათ.
ვისაც უნახავს და ნამყოფია ეიფელის კოშკზე, ეცოდინება, რომ პატივცემულმა ბატონმა გუსტავმა კოშკის ზედა სართულებზე ბინა აიშენა. ამ ბინაში ის ისვენებდა და სტუმრებს მასპინძლობდა. აპარტამენტებში იყო სამზარეულო, საპირფარეშო, ორი საძინებელი, სასტუმრო ოთახი. ამჟამად ბინაში განთავსებულია მუზეუმი ეიფელისა და ედისონის ცვილის ფიგურებით. ორიოდ სიტყვას თავისუფლების ქანდაკებაზეც მოგახსენებთ, რომელიც აშშ-ს ფრანგმა მოქალაქეებმა რევოლუციის ასი წლის თავზე აჩუქეს. ის თავისუფლების, დემოკრატიისა და მონობის გაუქმების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ქანდაკების ფეხებთან გაწყვეტილი ჯაჭვია, რომელსაც ტურისტები სამწუხაროდ ვერ ხედავენ.
ამბის თხრობამ ბორჯომიდან ცოტა შორს წამიყვანა და ბარემ ამასაც ვიტყვი. დღეს ხანძარი არა მარტო საქართველოშია, იწვის პორტუგალიაში უშველებელი ტყის მასივი, საბერძნეთში, იგივე ამერიკაში ვერაფრით ჩააქრეს კალიფორნიაში მძვინვარე სტიქია, მაგრამ არსად არავის მოსვლია თავში აზრად ვინმესკენ გაეშვირა ხელი, გინდა თუ არა ამის ბრალიაო. ასეთ დროს ერთად დგომა და ერთად შრომაა საჭირო და არა მტყუან-მართლის ძებნა.