80-იან წლებში, სტეფანწმინდაში (მაშინდელი ყაზბეგი) სტუმრობისას, ჩემმა მასპინძელმა ქალაქის შესასვლელში მდებარე წყაროზე მიამბო ლეგენდა, რომლის თანახმადაც, მგზავრობით დაღლილ მეფე თამარს, ამ წყაროს წყალი მიართვეს, მეფეს ეამა და ასე უბრძანებია: დე ამ წყალმა მწყურვალს გვამი დაუამოს, მტერს კი კბილი მოჰკვეთოსო. ალბათ ბევრს აქვს გასინჯული ამ წყლის გემო და დამეთანხმებიან, რომ ცოტა მოიძებნება ისეთი, ვისაც ჭიქის ბოლომდე გამოცლა შესძლებოდეს. ჩემი ქვეყნის მტერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ვერც მე მოვახერხე და ყინულივით ცივი წყლით ნახევრად სავსე ჭიქა აღარ ვიცოდი სად წამეღო. გადაღვრა ვერ შევბედე დიდი ქალბატონის სახელის მატარებელ სასმელს. ისევ მასპინძლებმა მიშველეს და პატარა გუბურაში გადაღვარეს ნარჩენი.
საქართველოში ბევრი ლეგენდა არსებობს თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. მათი უმრავლესობა ხალხური წარმოშობისაა და არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიულ სინამდვილესთან. ოფიციალური ქართული ისტორიოგრაფია ცალსახად და ნათლად აფიქსირებს თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს.
თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსების მხოლოდ სამმა ნაშრომმა მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ და „ლაშა გიორგის მემატიანე“. სწორედ ამ წყაროებზე დაყრნობით, ოფიციალური ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელად, გელათის მონასტერია მიჩნეული.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთან“–ის ავტორი წერს: „წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც იზიარებს ამ ისტორიულ ცნობას: „მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“. თამარ მეფის გელათში დაკრძალვაზე მიუთითებენ ასევე ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და თეიმურაზ ბაგრატიონი.
სამი გამოჩენილი ისტორიკოსი და ორი მისი თანამედროვე წერენ, რომ თამარი დაკრძალეს გელათში, რა უფლება გვაქვს არ ვირწმუნოთ, მით უმეტეს, რომ, როდესაც თამარი გარდაიცვალა, მისი საფლავის დამალვის და სადმე სხვაგან წაღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ლეგენდების მოგონება სავარაუდოდ მოგვიანებით დაიწყო, როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა, საინტერესოა, რომ ამ მითების შექმნასაც ჰქონდა საფუძველი.
საინტერესო ცნობაა დაცული საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ დოკუმენტურ მასალაში, ფრანგი ჯვაროსნის – დე ბუას წერილი. ფრანგი რაინდი ბეზანსონის არქიეპისკოპოს ამადეი დე ტრემლეს ატყობინებდა — „გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგენ ურწმუნოთა წინააღმდეგ. მათი თექვსმეტი წლის მეფე მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებით, რწმენით კი – არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის – უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლო დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“. ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი 1929 წელს ზურაბ ავალიშვილმა გამოაქვეყნა პარიზში. თუმცა, როგორც ამბობენ, თავად ბატონ ზურაბსაც არ სჯეროდა ფრანგი ჯვაროსანის ამ ცნობის.
XX საუკუნეშიც არ განელებულა თამარ მეფის საფლავის ადგილმდეობარეობაზე ინტერესი, ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის ივლისში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად გელათში არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. თამარის საფლავად მიჩნეულ სამარხში თამარ მეფის ნაცვლად, სხვა ოთხი მიცვალებული აღმოჩნდა დაკრძალული. აქედან ერთი ქალია, ორი – ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი – ბავშვი.
ახლა, რა თქმა უნდა რთული და არაფრისმომცემია ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ თუ თამარ მეფის გადასვენების ვერსიას სარწმუნოდ მივიჩნევთ, ალბათ, ეს საიდუმლოდ მოხდა მონღოლების შემოსევის წინ, ან მათი ბატონობისას. გარკვეული მიზეზებით ეს ფაქტი არ გახმაურებულა და ამიტომაც, იმ ეპოქის ისტორიკოსებს, ამის შესახებ არანაირი ცნობა არ დაუტოვებიათ. ქართულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაზე დაყრნობით კი თამარ მეფის საფლავი გელათის მონასტერშია.
ერთი რამ ცხადია, სადაც არ უნდა იყოს დაკრძალული დიდი მეფე, მისი პიროვნებისადმი ინტერესი და კრძალვა რვა საუკუნის მერეც არ განელებულა. ჩემი, ერთი უბრალო მოკვდავის აზრი მინდა მოგახსენოთ, რომ სრულად ვეთანხმები საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს, ვინც თავის მხარეს მიიჩნევს თამარის განსასვენებლად, რადგან ის სრულიად საქართველოს საკუთრება გახლდათ…