როგორ გადაარჩინა სერ უინსტონ ჩერჩილი ტყვეობას ქართველ ბაგრატიონთა შთამომავალმა

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები - პარიზი
მსოფლიოს ქალაქები - პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული საუკუნის 80-იან წლებში გახლდით პარიზში და მამაჩემის რეკომენდაციით, დავუკავშირდი მხცოვან ქართველ ემიგრანტს ბატონ თათარხან წულუკიძეს (შესაძლოა სახელი მეშლებოდეს, იმდენად უცხო იყო ჩემთვის). შეხვედრა ლათინთა უბნის ერთ პატარა კაფეში შედგა.

ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს მკითხა, ხომ არ გინდა აქაურ ქართველებთან შეხვედრაო. აბა, ამისთანა შეთავაზებაზე უარს როგორ ვიტყოდი და ორიოდ დღეში ოჯახში ვესტუმრეთ 70 წელს მიტანებულ ქალბატონს, მუხრან-ბატონთა შთამომავალს — ირენ ბაგრატიონს. იქ, რამდენიმე საინტერესო ადამიანს შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ახლა მინდა მასპინძელზე გიამბოთ, რომელიც ჩემი თაობის (და არამარტო) ახალგაზრდებისთვის სამაგალითო და მისაბაძი პიროვნების ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბური) ქალიშვილი გახლდათ. ვთხოვე, მამაზე მოეთხრო ჩემთვის ისეთი რამ, რაც მის წიგნში არ იყო შესული. წიგნში ყველაფერია, რაც მამას თავს გადახდენია და ახალს ვერაფერს მოვიგონებ, თუმცა, ერთი ისტორიის გაგრძელება შემიძლია გიამბოო, მითხრა. საქმე ეხება ნიკო ბურისა და დიდი ბრიტანელი მოღვაწის უინსტონ ჩერჩილის ურთიერთობას. თანმიმდევრობით რომ მივყვე, ჯერ ამ ორი ადამიანის შეხვედრაზე გიამბობთ მოკლედ და მერე ქალბატონი ირენის ნაუბარზე გადავალ. აი, რას წერს ნიკო ბაგრატიონი ჩერჩილის დატყვევებაზე:

კადრი ფილმიდან გიორგი სააკაძე - Sputnik საქართველო
გიორგი სააკაძე – გმირი, მოღალატე თუ ორსახა იანუსი?!

„… ბურები ლმობიერად ეპყრობოდნენ ტყვეებს. ერთხელ გენერალ ბოტას ბანაკში მოვხვდი. ჩემი იქ ყოფნის დროს მოიყვანეს ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ინგლისელი. ერთი მათგანი იყო წითელლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი, შემდეგში ყველასთვის ცნობილი უინსტონ ჩერჩილი. იგი მაშინ „მორნინგ პოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ აფრიკას… გენერალმა ბოტამ ტყვეები დააპურა, ის საღამო მათთან ერთად გავატარე და ვისაუბრეთ კიდეც. შემდეგ ყველანი ზურგში, პრეტორიაში გადაგზავნეს, საიდანაც ჩერჩილმა იოლად მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა პორტუგალიის ბოღაზს — ლორენსო მარკოს, აქედან კი, როგორც შემდეგ გავიგე, იგი გადასულიყო ინგლისელების კოლონიაში, ნატალიში“.

გოგირდის აბანოები თბილისში - Sputnik საქართველო
როგორ იქცა ყველასგან მივიწყებული ქაიხოსრო ქართლის გვირგვინოსან როსტომ ხანად

ისევ პარიზში ვბრუნდები და ამბავს ჩემი მასპინძლის მონათხრობით ვაგრძელებ: „50-იანი წლების ბოლოს, პარიზს სტუმრობდა პოლიტიკიდან უკვე წასული უინსტონ ჩერჩილი. ყველამ იცოდა, რომ ბევრი ინგლისელის მსგავსად არც მას უყვარდა ფრანგები, არც შარლ დე გოლი ეხატებოდა გულზე, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკური წრეების დაჟინებული მოთხოვნით, დე გოლის მხარდასაჭერად, მაინც ჩამოვიდა. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა, მაინტერესებდა, ახსოვდა თუ არა მამა. ნიკოს მეგობარ გრაფ ბრედას ოჯახის რეკომენდაციით, მოვხვდი იმ ვახშამზე, სადაც ჩერჩილი ჩაიზე იყო მიპატიჟებული. გასაუბრებაც მოვახერხე და მამაზეც ვკითხე. გავოცდი, როდესაც მითხრა, მახსოვს, ძალიან მაღალი და საშიში შესახედაობის, აღმოსავლეთის რომელიღაც ქვეყნის პრინცი იყოო. მესაუბრა კიდეც ინგლისელების სისასტიკეზე, თან მირჩია, ამ ომში აღარ ჩაერიოო. მისი ეს რჩევა ნამდვილად გავითვალისწინე“.

მეჩეთის ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

მოგვიანებით გავიგე, რომ ქალბატონი ირენი ნიკო ბაგრატიონის უმცროსი ქალიშვილი ყოფილა და დასთან ნატალიასთან ერთად დაუტოვებია საქართველო გასული საუკუნის ოციან წლებში. იგი პარიზში გარდაიცვალა 2000 წელს. აქვე მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო ჩერჩილთან დაკავშირებით, რომელსაც მართალია, არანაირი კავშირი არ აქვს ამ ამბავთან, მაგრამ ჩერჩილისა და დე გოლის ურთიერთობას ეხება და საინტერესო მგონია. სერ უინსტონი საკუთარ ჩვევებს არასდროს ღალატობდა. ერთხელ სადილობისას მოახსენეს, დე გოლი გირეკავთო, ჩერჩილმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. თუმცა ფრანგის დაჟინებულ თხოვნას მაინც დაჰყვა და მასთან საუბრის შემდეგ ფრიად გაბრაზებული მიუბრუნდა საყვარელ კერძს, რომელიც უკვე გაციებულიყო. მაშინ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა: „ამ ფრანგმა იმისთვის მომწყვიტა სადილს, რათა ეთქვა, საფრანგეთში მეორე ჟანა დ’არკს მეძახიანო“. მეუღლე დაინტერესდა, შენ რა უპასუხეო — „ვუთხარი, რომ პირველი ჩვენ უკვე დავწვით!“

 

ყველა ახალი ამბავი
0