როგორ იქცა ყველასგან მივიწყებული ქაიხოსრო ქართლის გვირგვინოსან როსტომ ხანად

© photo: Sputnik / Anna Yarovikovaგოგირდის აბანოები თბილისში
გოგირდის აბანოები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ავტორი თამაზ ჩიქვანაია ირანში მოღვაწე ქართველებზე მოგითხრობთ, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს არა მარტო ირანის, არამედ საქართველოს ისტორიაშიც.

ისპაჰანის გარეუბანში, ერთ ნახევრად დანგრეულ სახლში, წავკისელი გლეხის ქალი დიდი გაჭირვებით ზრდიდა შვილს. ბიჭს ქაიხოსრო კი ერქვა, მაგრამ ადგილობრივებმა თავიანთ რჯულზე ხოსროდ მონათლეს. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ქაიხოსრო-ხოსროს, რომ არა დიდ მოურავად წოდებული გიორგი სააკაძე. სააკაძე იმ ხანად, უკვე ცნობილი სარდალი და „მზეზე მაღალი“ შაჰის კარზეც ფრიად დაფასებულია. თუმცა ბოლომდე ვერ პირველკაცობს, რადგან სეფიანთა კარზე სეფე სიტყვა ჯერაც ალავერდი ხან უნდილაძეს და მის დასტას ეკუთვნის. ამადაც იყო საჭირო ახალგაზრდა ქაიხოსრო, დედით წავკისელი გლეხის ქალი და მამით ქართლის ბაგრატიონთა შთამომავალი. განგებამ და გიორგი სააკაძის შორსმჭვრეტელმა გონებამ ინებეს, რომ ამ კაცს დიდი როლი ეთამაშა არა მარტო ირანის, არამედ საქართველოს ისტორიაშიც.

მეჩეთის ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

სააკაძის პროტექციით, მალე უკვე როსტომ ხანად ქცეული ქაიხოსრო ბატონიშვილი ისპაჰანის ტარუღად, ანუ მერად, გნებავთ გამგებლად ინიშნება. დიდი მოურავის გათვლა საკმაოდ მარტივია — მას ხოსრო მირზას ბაგრატიონობა ხიბლავს და ლუარსაბ მეფის ალტერნატივად მოიაზრებს, ამიტომაც დაუახლოვდა სვიმონ ქართლის მეფის ძმის, დაუდ ხანის უკანონო შვილს. თავის მხრივ ეს ურთიერთობა ხოსრო მირზასთვისაც უმნიშვნელოვანესია. გიორგი სააკაძესთან სიახლოვე ირანში გამორჩეული მდგომარეობის მოპოვების პერსპექტივას ნიშნავს. მოგვიანებით ის კიდევ უფრო წინაურდება შაჰის კარზე. გარკვეულ პერიოდამდე როსტომს საქართველოსთან უშუალო შეხება არ ჰქონია. ის ქართლში მოხვდა 1625 წელს, სადაც ისევ გიორგი სააკაძე ფიგურირებს. ეს იყო მარტყოფის აჯანყება, შემდეგ – მარაბდის ბრძოლა. შაჰ აბასს ჰყავდა 120-ათასიანი არმია და სააკაძემ მას დაახლოებით 60 ათასი მებრძოლი დააკარგვინა. გიორგი სააკაძე ქსნის ხეობაში ჩაუსაფრდა შაჰის ლაშქარს, გაწყვიტა 12 ათასი მეომარი, ცოცხალი მხოლოდ ხოსრო მირზა და მისი რამდენიმე თანმხლები გადარჩა. შემთხვევითობა თუ ისევ სააკაძის გათვლა? ისტორიული წყაროები იუწყებიან, როსტომ ხანი მამაცურად იბრძოდა და მტრის ლაშქარი გაარღვიაო, მაგრამ, სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ გაარღვევდა, თვითონ გიორგი სააკაძეს რომ არ მოესურვებინა თავისი მეგობრის დანდობა. ცხადია, მან ის გაუშვა. სხვათა შორის, ეს ურთიერთობა მოგვიანებით ძალიან დაუფასა როსტომ ხანმა გიორგი სააკაძის შთამომავლებს.

ავღანეთი, ხედი ქაბულზე - Sputnik საქართველო
ავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, 1629 წელს, ირანის ტახტზე ადის შაჰის შვილიშვილი სეფი პირველი, რომელიც, ფაქტობრივად, როსტომის გაზრდილია და მას შაჰი „მამას“ ეძახის. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხოსრო მირზა განაგებს ირანს. მან საბოლოოდ დაამარცხა მანამდე ყოვლისშემძლე უნდილაძეები და პირწმინდად ამოწყვიტა დიდებული პიროვნების, ალავერდი ხან უნდილაძის საგვარეულო. ამ პერიოდისთვის ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, იგი ღიად დაუპირისპირდა სეფი პირველს. 1632 წელს თეიმურაზმა დაარბია შაჰის სამფლობელო – განჯა-ყარაბაღი. როსტომს სულ უნდოდა ქართლის ტახტის ხელში ჩაგდება, ის ხომ ქართლის ბაგრატიონთა შთამომავალი იყო და თეიმურაზ პირველის ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი ამისათვის კარგად გამოიყენა. მან აამხედრა სეფი პირველი თეიმურაზის წინააღმდეგ. შედეგად, შაჰ სეფიმ ჩამოართვა თეიმურაზს ქართლის მეფობა და 1632 წლის ბოლოსათვის ქართლის ტახტზე დაჯდა ხოსრო მირზა, როსტომ ხანად წოდებული. აქედან მოყოლებული, იგი 26 წლის განმავლობაში მართავს ქართლს. როსტომმა იქორწინა სამეგრელოს მთავრის – ლევან მეორე დადიანის დაზე, მარიამ დედოფალზე. მარიამი მასთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, ამ პერიოდისათვის როსტომ ხანი 68 წლის იყო. პატრიოტსა და დიდ მამულიშვილს, მარიამ დედოფალს, როსტომი არ უშლის ხელს ქართული საქმეების კეთებას. მარიამის ბრძანებით, გადაიწერა „ქართლის ცხოვრება“, მისი ძალისხმევით გადაურჩა განადგურებას სვეტიცხოველი და მარიამ დედოფლის პატივსაცემად დახატეს სვეტიცხოველში მისი ფრესკა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
დედით ქართველი ოსმალო სულთნისა და ფრანგი დედოფლის სასიყვარულო ისტორია

საქართველოსთან სისხლისმღვრელმა ომებმა ირანიც დააუძლურა, საჭირო იყო ახალი პოლიტიკა ამ ერთი ციდა ურჩი ქვეყნის დასამორჩილებლად და ეს გზაც მოიძებნა; ირანის სამეფო კარზე გაჩნდა აზრი საქართველოს სამეფო ტახტზე მაჰმადიანი ხელმწიფე აეყვანათ, მშვიდობა ჩამოეგდოთ და ქართველთა გონება და სიფხიზლე მოედუნებინათ. მაშინ ყველაზე მეტად საქართველოს სიმშვიდე ენატრებოდა.

ამ ვითომ მშვიდობიანი პოლიტიკის ფონზე სწორედ მორალურად უნდა გატეხილიყო ქართველი, ეს ყველაზე მეტად უჭირდა ირანს, ვერ გატეხეს უნდილაძეები, ვერ ააღებინეს იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, ვერც ქეთევან დედოფალს მოუხერხეს ვერაფერი, ეს ზნეობრივი მაგალითები გადამდები გახლდათ მოსახლეობისთვის. სწორედ ეს მაგალითები უნდა მოეშალათ მათთვის… ფიზიკური დამორჩილება არ ნიშნავდა მენტალურ მორჩილებას. პირიქით — მტრის ფრაგმენტული წარმატებები ქართველობისთვის ახალი მოტივაციის საფუძვლებს აჩენდა.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ქართველი დიდი ვეზირები ოსმალეთის იმპერიაში

როსტომ ხანის მმართველობის ხანაში ირანელების შემოსევები ქართლში შეწყდა, ხალხი მოძლიერდა, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შენდებოდა ქარვასლები, გზები, ხიდები. როსტომ ხანის აშენებულია ცნობილი „წითელი ხიდი“, რომელიც დღესაც არსებობს, ფუნქციონირებს და იმავე სახელით მოიხსენიება. თუმცა, ამავე დროს, ქვეყანამ ძალიან სწრაფად დაიწყო გადასვლა ირანულ ყაიდაზე. ქართველებმა ლამის ქართული ენა დაივიწყეს. მეფის მიბაძვით, ძალიან ბევრი ადამიანი მაჰმადიანდებოდა. რაც ირანელმა შაჰებმა ვერ შეძლეს მახვილითა და ცეცხლით, ის როსტომმა თავისი რბილი პოლიტიკით იოლად მოახერხა. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ქართველი ხალხი, იკარგებოდა ქართული ტრადიციები. როსტომ ხანის მმართველობიდან მოყოლებული, 113 წლის განმავლობაში, ქართლსა და კახეთში გამეფება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფობის კანდიდატი გამაჰმადიანდებოდა. ასე გაგრძელდა თეიმურაზ მეორემდე და ერეკლე მეორემდე, როდესაც ამ უკანასკნელებმა შეძლეს შაჰის ვასალობიდან გამოსვლა და ქვეყნის ტრადიციულ, ქართულ-ქრისტიანულ რელსებზე დაბრუნება.

ფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გიშრისთვალება ქართველი სულთანი და ეკატერინე II-ს „მთავარი საჭურისი“ მიხეილ კუტუზოვი

და მაინც, რა შეფასება უნდა მიეცეს როსტომ ხანის მმართველობის ეპოქას? ალბათ ერთი მხრივ დადებითი, რადგან დაუძლურებულ და სისხლდაშრეტილ ქვეყანას საშუალება მისცა, მოფერიანებულიყო და ფეხზე წამომდგარიყო, ეკონომიურად მოძლიერებულიყო. იქნებ, ბიძის, დიდი მეფისა და მამულიშვილის, სვიმონის სისხლმა იყივლა და ქართული საქმეები აკეთებინა მაჰმადიანური ჩალმით შემოსილს?— ძნელი სათქმელია, რადგან როგორც მოგახსენეთ, მისი დროიდან მოყოლებული, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მართალია არ იდევნებოდა, მაგრამ ქართული წამხედურობის გამო, იჩრდილებოდა ეროვნული ფასეულობები და რაც მთავარია, დიდი საფრთხე შეექმნა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორია უძლურია, ზუსტი შეფასება მისცეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში როსტომ ხანის მეფობის პერიოდს. პირადად მე, მინდა მჯეროდეს, რომ მასში მაინც ცოცხლობდა წავკისელი ქართველი დედის სული და მართალია, სხვათა ხელით, მაგრამ მაინც ქართულ საქმეებს აკეთებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0