ერთი კვირის წინ ქართველ კათოლიკე მისიონერზე პეტრე ხარისჭირაშვილზე მოვამზადე მასალა, რომელსაც (ჩემდა გასაკვირად) თურქეთის ქალაქ იანაგიოლამდე „ჩაუღწევია“. იქაური მკვიდრი მამუკა ც. (მისი სურვილით ასე მოვიხსენიებ) გამომეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და მკითხა ვიცით თუ არა რამე საქართველოში, XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი დიპლომატის იოსებ ქართველის შესახებ. მინდა ბატონ მამუკას მოვახსენო, რომ ეს პიროვნება- იოსებ აბესალამაშვილი ჩვენი მეცნიერებისთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი, მის შესახებ არა ერთი ნაშრომიც არსებობს, პირველ ყოვლისა კი მიხეილ თამარაშვილს შეუსწავლია მისი ისტორია. სწორედ ამ დიდ ქართველზე დაყრდნობით, მინდა თქვენც გაგაცნოთ ეს მართლაც უაღრესად საინტერესო პიროვნება.
იოსებ ქართველი, აბესალამაშვილი დაიბადა 1687 წელს თბილისში. ქართველი კათოლიკეების ოჯახში. იოსების მამას ქალაქის ნაცვლის თანამდებობა ეკავა. ქალაქის ნაცვალის გაკათოლიკებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა იგი ოჯახითურთ თბილისიდან გააძევეს. 10-11 წლის იოსები მამასთან ერთად ევროპაში მიემგზავრება. ის კიდევ ერთია იმ ქართველთა ჩამონათვალში, რომელთაც ცხოვრება-მოღვაწეობა სამშობლოდან მოშორებით მოუხდათ.
იოსებს დაწყებითი განათლება მიუღია თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში, სადაც მას შეუსწავლია იტალიური და ლათინური ენები და საქრისტიანო (კათოლიკური) მოძღვრება, მამასთან ერთად ევროპაში ჩასულ იოსებს სწავლის გაგრძელება რომში ურბანოს კოლეჯში მოუწადინებია, მაგრამ ურბანოს კოლეგიაში უადგილობის გამო არ მიუღიათ და გაუგზავნიათ მონტეფიასკონის სემინარიაში, თუმცა 1703 წლის 11 ოქტომბერს მაინც ჩარიცხულა ურბანოს კოლეჯში. იოსებ ქართველს ამ კოლეჯში 6 წელი უსწავლია, მაგრამ ვეღარ დაუმთავრებია და საქართველოში დაბრუნებულა. ევროპაში სწავლისას მას მრავალმხრივი განათლება მიუღია და ფართო ერუდიციის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებულა. იოსების თანამედროვე და მასთან დაახლოებული ფრანგი ისტორიკოსის ლუი ანდრე ლა მამიე-კლერაკი მას ახასიათებს, როგორც მდიდარი მეხსიერების, ცოცხალ, საღი გონების, ფართო ერუდიციის პატრონს. ცოტა განსხვავებულია იოსებ ქართველის ურბანოს კოლეჯის დავთარში შეტანილი დახასიათება: „ჭეშმარიტად მშფოთვარე და დაუმორჩილებელი სულისა, ღმერთმა უწყის რა დაემართება მას“ — ასეთი შეფასება, როგორც ჩანს, გამოიწვია იოსებ ქართველის დაუინტერესებლობამ კათოლიკე მისიონერის კარიერით. შესაძლოა ესეც იყო ერთი მიზეზი რატომაც აღნიშნული კოლეჯი ვერ დაამთავრა. 1716/1717 წლიდან იწყება იოსებ ქართველის დიპლომატიური სამსახური. ამ წელს იგი კონსტანტინოპოლში ხვდება საფრანგეთის ელჩს გარდანს და მასთან ერთად მიემგზავრება ირანში.
გარდანის ელჩობის უმთავრესს მიზანს 1715 წელს ირანსა და საფრანგეთს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია წარმოადგენდა. ამასთანავე საფრანგეთის ელჩს დავალებული ჰქონდა ირანში მყოფი ვახტანგ VI-ის მდგომარეობის გარკვევა და შესაძლებლობის ფარგლებში მისთვის დახმარების გაწევა. იოსებ ქართველი, ერთი მხრივ, მონაწილეობდა საფრანგეთ-ირანის მეტად მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავშირი ირანში მყოფ ქართველებთან. ეს ის პერიოდია, როცა ქართველებს ირანში ეკავათ უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობები. იოსებ ქართველმა, როგორც ჩანს, შეძლო ისპაჰანში მყოფ ქართველებთან კავშირის დამყარება, რის შედეგადაც გარდანი თავის ხელმძღვანელობას ვახტანგ VI-ის შესახებ ცნობებს აწვდიდა. სპარსეთში ყოფნისას იოსებ ქართველი მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტის თვითმხილველი და თანამონაწილე გამხდარა.
1722 წ. ავღანელებმა ისპაჰანი აიღეს. გამარჯვებულ ავღანთა მეთაურმა მირ-მოჰამედმა შაჰ-ჰუსეინი ტყვედ ჩაიგდო. იოსებ ქართველი ამ ამბების უშუალო თვითმხილველი გახდა. გარდანმა ის მირ-მოჰამედთან მოციქულად გაგზავნა, რათა ახალი შაჰისაგან მფარველობა ეთხოვა. იოსებმა დაკისრებული მისია წარმატებით შეასრულა. მირ-მოჰამედმა შეიწყნარა გარდანის თხოვნა და მას მფარველობა აღუთქვა. იოსებ ქართველი კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის მომსწრე გამხდარა ის შაჰის სასახლეში დასწრებია შაჰ-ჰუსეინის მიერ გამარჯვებული მირ-მოჰამედისათვის გვირგვინის საკუთარი ხელით თავზე დადგმის ცერემონიას. საფრანგეთის ელჩი დ' ანდრეზელი 1725 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში აღნიშნავს, რომ იოსებ ქართველმა უზრუნველყო მისი აუდიენცია ოსმალეთის დიდ-ვეზირთან. ამ დიპლომატიური შეხვედრისას მას საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ საკითხებზეც ესაუბრა. როგორც ცნობილია, 1725 წელს კონსტანტინეპოლს ჩავიდა საქართველოს კათალიკოსი დომენტი IV, სადაც ის ფაქტიურად ოსმალთა საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა. კათალიკოსს თარჯიმნად დაუნიშნეს იოსებ ქართველი. სავარაუდოდ, იოსებ ქართველმა დომენტის შესთავაზა სამშობლოში დაბრუნება საფრანგეთის ელჩის შუამავლობით… საფრანგეთის ჩარევას კი დომენტი კათალიკოსის საქმეებში ამ უკანასკნელის მდგომარეობა სულთნის კარზე კიდევ უფრო გაურთულებია.
იოსებ ქართველის მოღვაწეობის ბოლო წლებისა და მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები ამ მოკლე დროში ვერ მოვიძიე, თუმცა, მგონი აქ მოთხრობილი ფაქტები საკმარისია, რათა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ მისი დიპლომატიური უნარი ქართულ საქმეს მხოლოდ ნაწილობრივ მოხმარდა. ეტყობა იმ ეპოქის ხვედრი გახლდათ, რომ ბევრ ნიჭიერ ქართველს უცხო ტომთა საკეთებელში გაეხარჯა თავისი შესაძლებლობა.