ერეკლე მეფე და საერთაშორისო დონის ორი ავანტიურისტი

CC BY 2.0 / Shankar s. / King Erekle IIერეკლე მეორის ძეგლი თელავში
ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინტერესო სიტყვაა - ავანტიურა, კიდევ უფრო საინტერესო კი ადამიანების კატეგორია, ვინც ამ სიტყვით კვალიფიცირდება.

თავად სიტყვაც და მისი მიმდევრებიც ძირითადად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებიან, მაგალითად – სარისკო და საეჭვო საქმე, რომელიც შემთხვევით გამართლებას ემყარება, ან ავანტიურიზმი — საქმიანობა, რომელიც იოლი წარმატების მისაღწევად უპრინციპო ქმედებებით ხასიათდება.

თუმცა გვხვდება შედარებით რბილი განმარტებებიც — ადამიანთა კატეგორია, ვისთვისაც რისკიანი თავგადასავლები ცხოვრების მთავარი მოტივატორია. ცნობილი ფრანგი (თუ ჩეხი) მწერალი მილან კუნდერა კიდევ უფრო შემწყნარებელია — „ავანტიურა შეუცნობლის აღმოჩენის ვნებაა“.

ასეა თუ ისე, დღეს სწორედ ადამიანთა იმ  კატეგორიაზე მინდა გესაუბროთ, რომელთაც ზუსტად ეს განმარტება შეესაბამებათ, თან არა უბრალო, არამედ საერთაშორისო დონის ავანტიურისტებზე. ასეთები არც ისე მრავლად არიან და განა საოცარი არ არის, რომ ორ მათგანს ბედმა ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე II გადაჰყარა, თან დროის თითქმის ერთსა და იმავე მონაკვეთში?! შედარებით „მსუბუქი“ კატეგორიის ავანტიურისტით დავიწყებ:

CC0 / Wikipedia / burusi.wordpress.com / Heraclius II of Eastern Georgiaერეკლე მეორე
ერეკლე მეორე - Sputnik საქართველო
ერეკლე მეორე

– იაკობ რეინეგსი (ნამდვილი გვარი – კრისტიან რუდოლფ ელიხი) 1744 წელს დაიბადა საქსონიაში. ახალგაზრდობაში მრავალი პროფესია გამოიცვალა – იყო პარიკმახერი ლაიფციგში, მსახიობი ვენაში, ექიმი უნგრეთში, ბუნებისმეტყველი პოლონეთში. შემდეგ ბედმა თურქეთში გადაისროლა და იქიდან საქართველოსაც ესტუმრა. აქ  გაახსენდა, რომ ყველაფერთან ერთად ექიმიც იყო და მალე ერეკლე მეფის კარის ექიმის თანამდებობასაც გამოჰკრა ხელი. მედიცინაში მთლად ჰიპოკრატე არ იყო, მაგრამ არც უვიცი ეთქმოდა. რამდენიმე წელი მეფის ფავორიტი აქიმის თანამდებობაზე გაატარა, მაგრამ შემდეგ რაღაცით განარისხა ყოვლისშემძლე დედოფალი დარეჯანი და იძულებული გახდა რუსეთში გადახვეწილიყო. სანქტ-პეტერბურგში თავად პოტიომკინს დაუახლოვდა და ახლა დიპლომატიურ ასპარეზზე სცადა თავისი შესაძლებლობები და არცთუ წარუმატებლად. კავკასიის საქმეებში ჩახედული ადამიანი მაშინ რუსეთის სამეფო კარზე დიდად ფასობდა და მალე ისევ ესტუმრა საქართველოს, უკვე რუსეთის საიმპერატორო კარის დიპლომატის რანგში. რეინეგსმა დიდი როლი ითამაშა  გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერაში 1783 წელს. ეს მისი ბოლო სტუმრობა გამოდგა ჩვენ ქვეყანაში, სიცოცხლის ბოლო ათწლეული პეტერბურგში გაატარა ქირურგიული სასწავლებლის დირექტორის რანგში. მის კალამს ეკუთვნის „კავკასიის ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა“ (Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus).

თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო
დავით სოსლანი - მხოლოდ თამარ მეფის მეუღლე თუ შამქორისა და ბასიანის გმირი?!

სულ სხვა გაქანების გახლდათ მეორე —  „ავანტიურიზმის ოქროს საუკუნის“ დიდი წარმომადგენელი გრაფი გოტლიბ კურტ ჰენრიხ ფონ ტოტლებენი. დაიბადა ტიურინგიაში 1715 წელს. ახალგაზრდა ტოტლებენმა ორჯერ იქორწინა საქსონიაში, მაგრამ მალე იძულებული გახდა გამოქცეულიყო, რადგან კორუფციაში დადანაშაულებულს ხანგრძლივი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა. ჰოლანდიაში გადაბარგებულმა სამხედრო საქმეში სცადა ძალა და პოლკოვნიკის ჩინიც მიიღო. მართალია, ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სამაგიეროდ „იყოჩაღა“ სასიყვარულო ფრონტზე და მოიტაცა 15 წლის მარია პეტრონელა გრატიენ ვიქტორი, იმ პერიოდის უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე. ჰოლანდიაში ტოტლებენზე ძებნა გამოცხადდა და ჩვენი გმირიც იძულებული გახდა კიდევ ერთხელ გაქცეულიყო. ამჯერად პრუსიის მთავრობას სთხოვა თავშესაფარი. ახალგაზრდა მეუღლის ქონების წყალობით პრუსიის სამეფო კარზე კარგად მიიღეს და მთელი ოთხი წელი ნებივრობაში გაატარა, მაგრამ მალე მარია ვიქტორს მობეზრდა მისი სასიყვარულო ისტორიები და განქორწინება მოითხოვა. პროცესმა სკანდალური სახე მიიღო და თვით ფრიდრიხ მეორე ჩაერია. შედეგად ტოტლებენი უკვე მესამე ქვეყნიდან გამოაძევეს.

ფოტოკოლაჟი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი იყო თბილისის მმართველობა ერეკლე მეორის დროს

მისი რანგის ავანტიურისტს არ გასჭირვებია მორიგი თავშესაფრის მოძებნა, სადაც დიდ წარმატებებსაც მიაღწია. რუსეთში „მოღვაწეობისას“ ჩვენი გრაფი გენერალ-მაიორის ჩინამდე ამაღლდა, თუმცა მისმა დაუდეგარმა ბუნებამ აქაც არ მოისვენა და მალე ქვეყნის მოღალატედ შერაცხულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნათქვამია „ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო“ — რუსეთ–თურქეთის ომის დაწყებამ სულზე მოუსწრო და ეკატერინე მეორემ შეიწყალა, „ჩინ-მენდლებიც“ აღუდგინა და საქართველოში მოავლინა თურქებთან საბრძოლველად. მას ნაბრძანები ჰქონდა მეფე ერეკლესთან ერთად ემოქმედა, მაგრამ თავნება გენერალი აქაც დააღალატა უხიაკმა ხასიათმა. 

CC0 / Wikipedia/ / Тотлебен, Готтлоб Курт Генрихგოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი
გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი - Sputnik საქართველო
გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი

ჯერ იყო და ყველა ქართველი ოფიცრის გადაყენება მოითხოვა, მერე, მართალია, ერეკლესთან ერთად ახალციხისკენ დაძრა ჯარი, მაგრამ ბოლო წუთს მოღალატის ბუნებამ გამოიღვიძა და მეფე მარტოდმარტო შეატოვა გავეშებულ თურქებს ასპინძასთან. გენერლის თავხედობით აღშფოთებულმა რუსი ოფიცრების ნაწილმა ერეკლე მეფის მხარე დაიჭირეს, მასთან ერთად შეებრძოლნენ თურქებს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს. ტოტლებენი ამასობაში დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდა პეტერბურგში, უჩიოდა ყველას და ყველაფერს. ერეკლემაც აღარ მოუთმინა უზრდელ გრაფს და ეკატერინე მეორემ მასთან ურთიერთობის გაფუჭებას ისევ ტოტლებენის გაწვევა ამჯობინა. ამ კაცის შემდგომი ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა ადრინდელისგან – ყველგან, სადაც მივიდოდა, აურზაური და დავიდარაბა გარანტირებული იყო. ბოლოს და ბოლოს სიკვდილმაც მიაკითხა უკვე პოლონეთში მყოფს და ეს სულით ხორცამდე ლუთერანი მართლმადიდებლური წესით მიაბარეს მიწას.

ასეთი გახლდათ თავისი ეპოქის ორი გამორჩეული ავანტიურისტის ცხოვრების საქართველოსთან და, კერძოდ, პატარა კახთან დაკავშირებული მონაკვეთი.

ყველა ახალი ამბავი
0