ქალაქის უზენაესი მმართველობა მეფის მიერ დანიშნულ მოურავს ევალებოდა, რომელიც, როგორც წესი, მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან გამოსული პირი იყო. საყურადღებოა, რომ ერეკლემდე თბილისს რამდენიმე მოურავი განაგებდა, რომლებიც სხვადასხვა უწყებას ხელმძღვანელობდნენ. ეს, რასაკვირველია, აკნინებდა ქალაქის მოურავის უფლებას და ხლართავდა საქმის წარმოებასაც. ამიტომ 1784 წელს მთავრობამ (ქალაქის მოურავის დავით ციციშვილის ინიციატივით) მოხუცებულ მოქალაქეთა, ქედხუდთა და სამღვდელოთა გამოკითხვით დაადგინა, რომ „ქალაქში 1 მელიქი, 1 მამასახლისი და 1 ნაცვალი ესხათ მხოლოდ“. ამგვარად, შემთხვევით შემოპარული მრავალ-მოურავობა მოსპობილა და ძველი წესი აღდგენილა: „ერთი ქალაქის მოურავიღა დატოვეს“.
ქალაქის მოურავს დიდი უფლებები ჰქონდა. „რაც ბატონმა ქალაქს სთხოვოს, ან შეაწეროს, ან სხვა რამე საქმე იყოს, ვიდრე საქმეს გადაწყვეტენ და აღსრულებას შეუდგებოდნენ, თავდაპირველად მოურავის აზრი უნდა გაიგოსო“. ქალაქის მოურავის მოვალეობა იყო ქალაქსა და მცხოვრებთა კეთილდღეობაზე, მათ ქონებასა და სიცოცხლის ხელშეუვალობაზე ზრუნვა. „მოურავი ქალაქისა და მოქალაქის მოვლას დიდად უნდა სცდილობდეს ყოვლის თავის გარჯით და თავდადებითო“, — ბრძანებდა დებულება. ერეკლე თავის 1784 წლის ბრძანებით ქალაქის მოურავს ავალებდა: „ჭეშმარიტ სიმართლეს და ქალაქის მოვლასა და ბეჯითად გარჯას ნუ დააცადებდეთო“. ქალაქის მოურავის პირდაპირ მოვალეობა გახლდათ „ავი კაცებისა“ და უზნეო ქალების ძებნა. დებულებაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „მოურავი მუდამ ქურდსა და ბოზს უნდა ეძებდესო“. ამისათვის მას ასასები ჰყავდა. „ორი სამი გამოულევლად ახლდნენ“, „ქურდსა და ბოზს მოახსენებდნენ ხოლმე“. მოურავი ასეთ დამნაშავეს ჯარიმას ახდევინებდა.
სასამართლოს მოქმედებაში და სამართლის „ბჭობაში“ მონაწილეობას იღებდნენ თვით მოურავი, როგორც თავმჯდომარე და „სამი-ოთხი სარწმუნო მოქალაქე“, ვითარცა მოსამართლე წევრები. „მოჩივარი“ მოურავთან უნდა მისულიყო და საჩივარი მიერთმია. მოურავს „ორი უნდა თუ სამი მოქალაქე, იმათ დასმენ და სამართალს მოქალაქენი ისმენენო“. შეიძლებოდა ქალაქის მოურავი სამართალში მარტო წევრადაც ყოფილიყო. ეს მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლო მეფის ბრძანებით იმართებოდა. 1784 წლის ბრძანებით ერეკლე ქალაქის მოურავს ავალებს – „საბჭოდ ჯდომის“ დროს სამართლის თანასწორობა და მიუდგომელობა დაეცვა. „თავაზსა და ხათრს წესიერსა და კანონიერს საქმეზედ ნურავის შეუნახავთო“.
თბილისში (ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში) სანოვაგის, სურსათის, ხილეულობისა და მაგარი სასმელების ფასებს მთავრობა აწესებდა, რასაც ნიხრი ერქვა. ნიხრით ვაჭრობა სავალდებულო იყო ყველასთვის: ყასბების, მეთევზეების, ბაყლებისა თუ სირაჯებისთვის. ნიხრი ფასების მიხედვით მერყეობდა. „საზოგადო წესით მოურავმა სამს თვეში ერთხელ უნდა ნიხრი მისცეს ქალაქსაო“. ზოგ საქონელს, მაგალითად, ხილეულობასა და თევზეულობას, წელიწადში ერთხელ ჰქონდა შემოსავლის დრო. ამიტომ ასეთ საგნებზე ნიხრს მოურავი მაშინ აწესებდა, როცა მას ქალაქში შემოიტანდნენ. მოურავი თვალყურს ადევნებდა, რომ ნიხრი არავის დაერღვია. თუ ვინმე დააშავებდა, მოურავთან აგებდა პასუხს.
თბილისის მელიქ-მამასახლისი ქალაქის მოურავის შემდეგ ერთ-ერთი უპირველესი თანამდებობა იყო, რომლის „შეუტყობრად ტფილისში არა მოხდებოდა რა“. მის უმთავრეს მოვალეობებს შეადგენდა „ვაჭრის მსუბუქი სამართლის“ წარმოება, შეყრილობისა და გაყრილობის წიგნთა დამტკიცება, ქალაქში ყოველგვარი ქონების ნასყიდობის წიგნთა დაცვა, მეფის მიერ ქალაქის მოსახლეებზე გაცემული მამულისა თუ სათარხნე წიგნების დამოწმება, აგრეთვე: სამეფო ყმათა აღრიცხვა, მოქალაქეთა სათანადო დავთრებში აღნუსხვა, მოურავთან ერთად ქალაქში წესრიგის დაცვაზე ზრუნვა, ქალაქში სისუფთავის დაცვა, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, სამეფო გადასახადების აკრეფის მიმდინარეობის თვალის დევნება, მეფისა თუ მაღალ მოხელეთა სიტუაციურ დავალებათა შესრულება, მაგალითად, ხიზნებისა და სტუმრების დაბინავება, სხვადასხვა სამხედრო საჭიროებისთვის ქალაქიდან ურმების გაყვანა, პურისა და პროდუქტების მოგროვება, უმემკვიდრეოდ გადავარდნილი მოქალაქის ქონების წესისამებრ განკარგვა, გასაყიდი თუ დაგირავებული სახლებისა და დუქნების შეფასება და გაყიდვა.
1786 წლიდან თბილისის ნაცვალი ცალკე გამოიყო და საქალაქო მმართველობაში ერთ-ერთ უპირველეს თანამდებობად ჩამოყალიბდა. ნაცვალს მეფე ნიშნავდა. მის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას შეადგენდა ქალაქში, განსაკუთრებით კი ბაზრის ტერიტორიაზე წესრიგის თვალყურის დევნება. საზომ-საწყაოთა სისწორის შემოწმება, „ავკაცობისა და ჩხუბის“ ალაგმვა, ქურდობის, ავი ზნის ქალების, დებოშის ამტეხთა გამოვლენა და დასჯა. იგი მონაწილეობდა დაპატიმრების, გაჩხრეკის ოპერაციებში. მასვე ევალებოდა მონაწილეობა მიეღო ქალაქში სენის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებაში, დაავადებულთა ევაკუაციაში, ქალაქის გაწმენდაში, სისუფთავის დაცვასა და დანაგვიანების აღკვეთაში. მასვე უნდა ედევნებინა თვალყური ბაღების მოვლა-პატრონობისათვის. ნაცვალს, როგორც საპოლიციო ხელისუფლების წარმომადგენელს, ქალაქში მყოფ უცხოელებზე თვალყურის მიდევნებაც ევალებოდა – უნდა ეწარმოებინა მათი რეგისტრაცია, ეზრუნა მათ დაბინავებასა და უსაფრთხოებაზე. ასევე მათი მოქმედებების შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია მიეწოდებინა ქალაქის მოურავისთვის. ნაცვალს მოურავისთვის უნდა შეეტყობინებინა უცხო ქვეყნის ელჩების ჩამოსვლის ამბავი, რომელიც, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას მეფეს გადასცემდა. მასვე ევალებოდა საეჭვო პირების კონტროლი, თვალი უნდა ედევნებინა, რათა ქალაქიდან არ გაპარულიყვნენ პოლიტიკურად საეჭვო პირები, სასამართლო პასუხისგებაში მიცემული მოვალენი და მათი თავმდებები.
მეფის მოხელეებად ითვლებოდნენ ქალაქის მებაჟეები და მესასწორენი, რომელთაც მკაცრად განსაზღვრული სამოქმედო ფუნქციები ჰქონდათ და უშუალოდ მოურავისა და ნაცვალის კონტროლის ქვეშ მოქმედებდნენ. იმ პერიოდის მოხელეთა შორის იყო „ქალაქის მწერალიც“ („მუშრიბი“), რომლის მოვალეობას ქალაქის სახლების, მამულებისა და ბაღების აღწერა შეადგენდა. მათზე კიდევ უფრო წვრილ თანამდებობად ითვლებოდა ჯარჩობა, რომელთა მოვალეობასაც ქალაქის ბაზრებსა და მოედნებზე მეფისა და სხვადასხვა მოხელეთა ბრძანებების გამოცხადება შეადგენდა. ქალაქის საპოლიციო აპარატში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ასასებს, რომლებიც თავიანთ უფროსთან ასასბაშთან ერთად მოურავის იასაულებს (სადამსჯელო ხელისუფალნი) წარმოადგენდნენ. მოურავის სარგოს წიგნებში ვხვდებით ქეთხუდების თანამდებობასაც, რომელიც მუსლიმანური სამყაროდან მამასახლსს აღნიშნავდა. ისინი თბილისის მაჰმადიანურ უბნებში წარმოადგენდნენ მოურავის მოადგილეებს. მათ სურვილისამებრ თავისი წრიდან ირჩევდა მოსახლეობა.
კარგად თუ დავაკვირდებით, მაშინდელი და დღევანდელი „საჩინოვნიკო“ სია მოვალეობების დანაწილებით დიდად არ განსხვავდება (თუ ძველი არ სჯობს), ეგ არის, მეფე ერეკლეს დროს მათი რიცხვი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ახლანდელს, არა იმიტომ, რომ მოსახლეობა ბევრად ნაკლები იყო, არამედ სიმარტივით. ასე მართვაც იოლი იყო და თვალყურის მიდევნებაც. შედეგად კი ხელმრუდე მოხელეების წარამარა დაჭერა-გამოვლინებაც არ უხდებოდათ. დღესაც ხომ არ გვეცადა ეს მამაპაპური განრიგება?