როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები ძველად, უნდა გამოვრიცხოთ პომიდორი, კარტოფილი, ლობიო და სიმინდი, რადგან ეს ამერიკული კულტურები საქართველოში რუსეთიდან და ევროპიდან მე-17 საუკუნიდან შემოვიდა.
დაახლოებით 8 ათასი წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ფიქსირდება განვითარებული მიწათმოქმედება. მარნეულის ველზე არსებულ ნეოლითურ ნასახლარებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ხორბალი, ქერი და პარკოსანი მცენარეები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში ჩვენი წინაპრები ხორბლისგან პურს აცხობდნენ, ხოლო პარკოსნებს ფაფის სახით ღებულობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ფაფას ხორბლისგანაც ამზადებდნენ. ასევე ცნობილია, რომ იმ პერიოდში ჩვენ მდიდარი ტყეები გვქონდა და ამიტომ აქტუალურობას არ ჰკარგავდა შემგროვებლობაც.
მე-6 ათასწლეულის ნეოლითურ ნასახლარებზე ასევე ფიქსირდება ვაზი, ნაპოვნია უძველესი ქვევრი სადაც არის ვაზის გამოსახულება და რომელშიც სავარაუდოდ ღვინო ინახებოდა, რომლის დაყენების ტექნოლოგია ადამიანმა უძველესი დროიდან იცოდა.
ველური ვაზი ჯერ კიდევ დინოზავრების პერიოდიდან არის ცნობილი. ადამიანმა ამ მცენარის შეცნობა და გამოყენება უძველესი დროიდან დაიწყო, ხოლო მისი დომესტიკაცია სავარაუდოდ ქვის ხანიდან (ნეოლითი) დაიწყო.
უძველესი ნამოსახლარების კულტურულ ფენებში შემორჩენილი მცენერეული ნარჩენების შესწავლა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ როგორც მცენერეული საფარის ასევე მიწათმოქმედების რეკონსტრუქცია. ზოგ შემთხვევეში მცენარეული ნარჩენები გვხვდება სპეციალურ სათავსოებში, ჭურჭელში, დასაკრძალავ კამერაში და სხვ. ყოველი ასეთი აღმოჩენა ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას ჩვენი წინაპრების საკვები რაციონის შესახებ.
კახეთში სოფელ ჭაბუკიანთან ანანაურის დიდ ყორღანზე განხორციელებული საველე-არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, სხვა საინტერესო არტეფაქტებთან ერთად ნამარხი მცენარეული მასალაც აღმოჩნდა. დიდი რაოდენობით თხილი, წაბლი, ასევე კვრინჩხი და ონტკოფა (Physalis alkekengi) აღმოჩნდა დასაკრძალავ კამერაში. აღნიშნული მცენარეები სავარაუდოდ წარმოადგენდა ე. წ. „იმქვეყნიური საგზალს“ მიცვალებულისათვის.
ბოტანიკური მასალის პირველადი დათვალიერების დროს ჩვენი განცვიფრება გამოიწვია ყორღანში არსებულ მცენარეთა დაცულობამ. აღმოჩენილ მცენარეულ მასალას გარეგნულად შერჩენილი ჰქონდა თანამედროვე მცენარისათვის დამახასიათებელი ფორმა, ფერი და ზოგ შემთხვევაში სუნიც.
აქვე აღმოჩნდა გამჭვირვალე კრისტალები, რომლებიც სავარაუდოდ თაფლს ეკუთვნოდა.
კავთისხევში ანტიკური ხანის სატაძრო კომპლექსის გათხრების დროს, ერთ-ერთ სათავსოში ხორბალთან ერთად აღმოჩნდა მახობელის (Cephalaria syriaca) თესლები. მახობელის თესლებს ჩვენი წინაპრები ხორბლის ფქვილში ურევდნენ. მახობელიანი პური დიდხანს ინახებოდა და ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ობდებოდა. პურის ცხობის ეს წესი გასულ საუკუნემდე იყო შემორჩენილი საქართველოში. კავთისხევში აღმოჩენილი მახობელის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ პურის ცხობის ეს მეთოდი ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან არის ცნობილი.
ქარელთან ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით დათარიღებულ დედოფლის გორის სასახლის გათხრების დროს, სათავსოებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ასევე ვაზის, შინდის და კაკლის თესლები და ნაყოფები.
ძვ. წ. აღ-ის VI ათასწლეულის, ასევე სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარების კულტურულ ფენებში ხშირად ვპოულობთ მჟაუნას თესლებსაც, ძნელია ვამტკიცოთ რომ ამ მცენარისაგან წვნიანს ამზადებდნენ, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ფაქტია, რომ მჟაუნას წარსულში ფართო გავრცელება ქონდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ველურ მცენარეებზეც, რომელთაც სამკურნალო გამოყენება აქვთ და რომლებიც მრავლად გვხვდებიან გათხრების დროს.
მსოფლიოში მიწათმოქმედებამ განვითარება, მარცვლოვანი მცენარეების მოყვანით დაიწყო. ზოგან ხორბალი, ზოგან სიმინდი და ზოგან ფეტვი, ეტყობა იყო ამაში რაღაც ენერგიის მიმცემი და უფრო ხანგრძლივ დანაყრებას იწვევდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანი თავიდან ველურ ხორბალს აგროვებდა, რომელიც ბუნებაში იზრდებოდა. მსოფლიოში დაფიქსირებული ხორბლის 28 ჯიშიდან 21 საქართველოში გვხვდება, აქედან ჩელტა ზანდური, მახა, ძველი კოლხური, ასლი, დიკა, ჟუკოვსკის ხორბალი საქართველოს ენდემებია, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ფეტვიც და სავარაუდოდ მისგანაც ფაფას ამზადებენ. უგრეხელი, ბარდა და ოსპი კი ის პარკოსნებია, რომლითაც ჩვენი წინაპრები ათასწლეულების მანძილზე იკვებებოდნენ.
სიმინდმა დასავლეთ საქართველოში ღომი (Setaria italica) იმიტომ ჩაანაცვლა, რომ სიმინდის მოვლა გაცილებით ადვილი იყო.
ჩვენი პარკოსანი მცენარეები ლობიომ მთლიანად ჩაანაცვლა, მაგალითად ოსპი, რომელიც საკმაოდ კარგი კულტურაა, ჩვენს მეზობელ თურქეთში და სომხეთში დღემდე შემორჩენილია, მას ნაკლები მეტეორიზმი ახასიათებს და სწრაფად იხარშება. მე-20 საუკუნეში კი საქართველოში თითქმის აღარ ითესება.