მეფე გიორგი პირველსა და ოსთა მეფის ასულ ალდეს ჰყავდათ ვაჟი დემეტრე, რომელიც საქართველოს ტახტის მემკვიდრე არ ყოფილა. დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი დავითი, ალდემ თავის სამშობლოში წაიყვანა, სადაც ქართველი უფლისწული ოსთა მეფის ასულზე დაქორწინდა და ოსთა მეფედ იწოდა, დავით სოსლანი სწორედ მათი შთამომავალი გახლდათ. ექვსი თაობის შემდეგ, ოსეთს მეფედ ჯადრონ ცარაზონი მოევლინა,რომელსაც ვაჟი — სოსლან ცარაზონი შეეძინა. სოსლანი გიორგი მესამის დის, რუსუდანის აღზრდილი იყო და თამარს მამიდამ (გიორგი რუსის შემდეგ) სოსლანზე დაქორწინება ურჩია. მათ ჯვარი1187 წელს დიდუბის ეკლესიაში დაიწერეს, სადაც ეწოდა სახელი დავით.
ისტორიული წყაროების თანახმად დავით სოსლანი ქართულ ჯარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში სარდლობდა და ქართველთა ლაშქარი მისი მეთაურობით პრაქტიკულად ყოველთვის იმარჯვებდა. ჩახრუხაძის თამარიანში სოსლანს ავტორი „მხნესა და ბრძენს”, ”ძმათა შვებისა მოუკლებარეს”, ”ეფრემის ძირთაგან აღმორჩებულსა” და ”ეფრემის ძირთა ისართა მთლელს” უწოდებს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეფრემისძეობა ოსთა უფლისწულებისა ოს მეფეთა დინასტიის წარმომავლობის იმგვარივე მითოლოგიზაციაზე მიანიშნებს, როგორიც ჩანს ქართველ ბაგრატიონთა დავითიანობში. როგორც თანამეცხედრე, დავითი სახელმწიფო მართვაშიც მონაწილეობდა, თუმცა ისტორიამ მისი სახელი შემოგვინახა როგორც შესანიშნავი სტრატეგისა და უბადლო მეომრისა. ამის დასტურია იმ პერიოდში გადახდილი ორი დიდი ბრძოლის პერიპეტიები: შამქორისა და ბასიანის ომები. ქრონოლოგიას დავიცავ და თავდაპირველად შამქორზე გიამბობთ. საქართველოს აღმოსავლეთით, დღევანდელ აზერბაიჯანთან მოსაზღვრედ განძის საათაბაგო მდებარეობდა. ტახტის მემკვიდრე აბუ ბაქრმა თამარ მეფის ხელდასხმული ამირ მირანი გამოაძევა და ქართველებს და მეზობელ შირვანშაჰს მუქარის წერილებიც გამოუგზავნა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა.
საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს ერთხანს გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს დავით სოსლანი წამოეშველა ძირითადი ლაშქრით და ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.
დავითის სტრატეგიული ნიჭი განსაკუთრებით ბასიანის ბრძოლისას გამოჩნდა.ქართული ლაშქარი ბრძოლაში სადროშოების მიხედვით ეწყობოდა. სულ საქართველოში ოთხი სადროშო იყო:
1. მეწინავე სადროშო (სამხრეთ საქართველოს საერისთავოები);
2. მემარჯვენე სადროშო (დასავლეთ საქართველოს საერისთავოები);
3. მემარცხენე სადროშო (კახეთ-ჰერეთი)
4. მეფის სადროშო (ქართლი)
1202 წელს, ბასიანში, სოსლანმა სამნაწილიანი საბრძოლო წყობა გამოიყენა, თავად უსარდლა მემარცხენე ფრთას, რომელსაც მეფის სადროშოც შეუერთა. მარჯვნივ ზაქარია მხარგძელი გაამწესა, ხოლო მეწინავე სადროშოს ძმები შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. სწორედ მეწინავე სადროშოზე მოდიოდა უმთავრესი დარტყმა, მათ უნდა გაეძლოთ სანამ დავით სოსლანი მტერს მარცხნიდან დაუვლიდა და გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა. ბასიანში უდარდელად დაბანაკებულ (“არა უდგა დარაჯანი სულტანსა”)სელჩუკთა უზარმაზარ ლაშქარს ქართველთა მხედრობა მოულოდნელად თავს დაესხა. მართალია, ქართველთა ავანგარდის იერიშის გამო მტერი პირველ ხანებში დაბნეულა, მაგრამ სელჩუკ სულთანს მოუხერხებია ჯარის საომრად განლაგება და ომში ჩაბმა. ქართველი მემატიანის გადმოცემით, „ეახლნეს წინამბრძოლნი ორთავე, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი”. ასეთი სასტიკი ბრძოლა დიდხანს გაგრძელებულა. ორივე მხარე დიდად დაზარალებულა. ბრძოლა ისე წარიმართა, რომ ქართველთა ავანგარდის მეთაურებს ცხენები დაუხოცეს და ქვეითად დარჩენილებმა გააგრძელეს ომი. მათთან ერთად რიგითი მებრძოლებიც ჩამოქვეითდნენ და მათ მხარში ამოუდგნენ. ქვეითად დარჩენილნი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სწორედ ამ დროს ქართველთა მეწინავე ლაშქარს მიეშველა მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე განლაგებული ჯარი. ქართველთა ლაშქრის გამოჩენამ არსებითად გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
ქართველი მემატიანის ცნობით, „პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა… ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსქდა, იძლია, დაიპანტა „სელჩუკთა ლაშქარი. იმდენად მოულოდნელი იყო სელჩუკებისათვის ქართველთა ორი მხრიდან შემოტევა, რომ მათ გაქცევით ძლივს უშველეს თავს. ქართველთა ქვეითად მებრძოლი მეწინავენი კვლავ ამხედრდნენ და მტერს გამოუდგნენ. მემატიანის გადმოცემით, ქართველთა წინამებრძოლნი “აღსხდეს ჰუნეთა და, ვიდრე ღამედმდე, დევნა უყვესდა ჴოცდეს, ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს”ქართველებს ხელიდან არ გაუშვიათ ინიციატივა, ვიდრე საბოლოოდ არ დაამარცხეს და არ გააქციეს საიერიშოდ მომზადებული სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია, ქართველებმა სელჩუკთა ბანაკი ხელთ იგდეს.
რუქნ ად-დინი მოღის ედ-დინ თოღრულ შაჰთან და სხვა ემირებთან ერთად არზრუმში გაიქცა. ერზინჯანისა და მენგუჯიკის გამგებელი ბაჰრამ შაჰი ტყვედ ჩაუვარდა ქართველებს. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ომში ხელთ იგდეს აღმოსავლურ სამყაროში ცნობილი სამედიცინო ტრაქტატი — კარაბადინი, რომელიც მწიგნობართუხუცესის ბრძანებით მაშინვე ითარგმნა ქართულად.
იმდენად თვალისმომჭრელი იყო თამარის ბრწყინვალება, რომ მის გვერდით უდავოდ დაიჩრდილა ჩინებული მოღვაწისა და დიდებული მეომრის საქმენი საგმირონი. ბასიანის ბრძოლაში გამოჩენილი მისი სტრატეგიული ნიჭი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს მისი სახით უძლიერესი მხედართმთავარი ჰყავდა. დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღად 1205 წელი მიიჩნევა, თუმცა მიზეზებზე ისტორია დუმს. ფაქტი ერთია, რომ დავით სოსლანის პიროვნებაზე საუბარი როგორც მხოლოდ თამარ მეფის მეუღლეზე უმართებულოა.