პარიზის შტურმით ამღები ქართველი გენერალი ივანე გურიელი

CC0 / Wikipedia / / Russparisრუსეთის არმიის მიერ პარიზის აღება
რუსეთის არმიის მიერ პარიზის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟს ბაგრატ ბატონიშვილს 1815 წელს ხელთ ჩავარდნია რუსულად თარგმნილი ლუსიენ ბონაპარტის წიგნი „ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობა და გამოქცევა“. ბატონიშვილს ყურადღება მიუქცევია, რომ პეტრე ბაგრატიონის გარდა არც ერთი ქართველი გენერალი არ იყო მოხსენიებული.

ბაგრატმა ქართულად თარგმნა წიგნი და იქ მოიხსენია სამამულო ომის მონაწილე 37 ქართველი ოფიცერი, თუმცა არც ეს სია გახლდათ სრული. პროფესორმა ირაკლი ანთელავამ გამოიკვლია, რომ სინამდვილეში 90-ზე მეტი ოფიცერი იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. გამორჩენილთა შორის იყო გენერალ-მაიორი ივანე სტეფანეს ძე გურიელი, რომელსაც სიმამაცით პეტრე ბაგრატიონს, სუვოროვსა და მილორადოვიჩს ადარებდნენ. სანამ მის დამსახურებებზე მოგითხრობთ, ცოტა რამ წარმომავლობის შესახებ.

ბოროდინოს ბრძოლა - Sputnik საქართველო
პეტრე ბაგრატიონი - ორი ეკატერინეს მსხვერპლი, ომებში დაუმარცხებელი გენერალი!

ივანე გურიელი იყო გურიის მთავრის ქაიხოსრო III-ის შვილიშვილი. 1717 წელს ქაიხოსრო გურიის მთავრის ტახტიდან თურქების დახმარებით ძმამ გიორგიმ ჩამოაგდო. ქაიხოსრომ თავი ქართლს შეაფარა (ვახტანგ მეფის მეუღლე თუთა მისი ახლო ნათესავი იყო.). ვახტანგ მეფის რუსეთში ემიგრირებისას ქაიხოსრო ოჯახით თან გაჰყვა და საქართველოში აღარც დაბრუნებულა. სწორედ ეს ქაიხოსრო გახლდათ პირველი ქართული ჰუსართა პოლკის მეთაური, რომელმაც თავი გამოიჩინა რუსეთ-თურქეთის ომებში. ბოლოს მისი გვარი 1747 წელს მოიხსენიება, როდესაც ჩვენ სასიქადულო პოეტს დავით გურამიშვილს დახასიათებას აძლევს, რათა ამ უკანასკნელს პორუჩიკის წოდება მიენიჭოს. იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ქაიხოსრო გურიელი იქცა ქრისტეფორე გურიალოვად. სამხედრო იყო ივანეს მამაც, სტეფანე, რომელმაც გენერალ-მაიორის ჩინით დაასრულა სამხედრო კარიერა.

CC0 / Wikipedia / Vasily Vereshchagin / The end of Borodino battleბოროდინოს ბრძოლის დასასრული
ბოროდინოს ბრძოლის დასასრული - Sputnik საქართველო
ბოროდინოს ბრძოლის დასასრული

ივანე გურიელი დაიბადა 1772 წელს. ფრანგების რუსეთში შემოსვლისას უკვე გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა და თითქმის ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ კუტუზოვმა დასაჯილდოებელ გენერალთა სია წარადგინა, ივანე გურიელი ასე მოიხსენია: „იგი მამაცი და წინდახედული მეთაურია, სწორედ მან მოიგერია ფრანგული კავალერიის პირველი შეტევა და მტერს დიდი ზიანი მიაყენა“… გურიელის ორდენებისა და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გეტყვით მხოლოდ, რომ გარდა რუსეთისა, მის მკერდს პრუსიისა და ავსტრიის ორდენებიც ამშვენებდა. ნაპოლეონის გაქცევის მერე მისი პოლკი ფეხდაფეხ დაედევნა, იბრძოდა პოლონეთში, საქსონიაში, ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის მიდამოებში. მთავარი ბრძოლა კი პარიზის აღებისას გადახდა. ივანე გურიელი გახლდათ პირველი, ვინც შტურმით აიღო მონმარტრის სიმაღლეები და პარიზში შეიჭრა. თვითმხილველები აღტაცებას ვერ ფარავდნენ ქართველი გენერლის სიმამაცის შემხედვარე, იგი პირველ რიგებში იბრძოდა და თავად მიუძღოდა ჯარისკაცებს ფრანგთა დედაქალაქისკენ. 1814 წელს გენერალ მაიორ გურიალოვს ერთბაშად სამი ორდენი მიანიჭეს მონმარტრის აღებისთვის – პრუსიული წითელი არწივის, წმინდა ვლადიმირის და წმინდა გიორგის ორდენები.

გენერალი ანტონ შალიკაშვილი - Sputnik საქართველო
სამშობლოს დიდებისთვის უცხოეთში მებრძოლი ქართველი გენერალი ანტონ შალიკაშვილი

მისი თანამედროვე დენის დავიდოვი ივანე გურიელს იხსენებს როგორც ბრწყინვალე, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, რომელიც თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და, მიუხედავად ამდენი ბრძოლებისა, არასდროს დაჭრილა. 1816 წლიდან მეთაურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის 27-ე დივიზიას. რუსეთისთვის მებრძოლი სახელოვანი გენერალი გარდაიცვალა 1818 წელს. სამწუხაროდ, მისი დაკრძალვის ადგილი ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0