გენერალი ერმოლოვი ასე ახასიათებდა:
„უშიშარი ბრძოლაში, ნირშეუცვლელი სახიფათო ვითარებებში… ლმობიერი, მრისხანების დამთმენი, ყოველთვის მზად მყოფი შერიგებისთვის; გულუხვი – უთავბოლოდ მხარჯველობამდე; გულში ბოროტების არჩამდები, სიკეთის დამამახსოვრებელი“.
ნაპოლეონ ბონაპარტე დიდად აფასებდა და ამბობდა: რუსეთის დამარცხების გასაღებს სახელად პეტრე ბაგრატიონი ჰქვიაო. სტუდენტობისას, ნაპოლეონის მემუარების კითხვისას წავაწყდი ერთი ისტორიკოსის (სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს) მიერ მოტანილ იმდროინდელ გამონათქვამს: ბრძოლებს შორის შესვენებისას ერთმანეთს შეხვდნენ ფრანგი და რუსი მეომრები. რუსმა ჰკითხა სად არის თქვენი მხედართმთავარიო, პასუხი ასეთი გახლდათ:- На-поле-он. ფრანგმა კითხვა შემოუბრუნა და ასეთი პასუხი მიიღო:- Бог-рати-он. ასე მხოლოდ დიდ პიროვნებებზე საუბრობენ. ერთდროულად რა სამწუხაროა და რა საამაყო შენს თანამემამულეზე ასეთი რამის გაგება. საამაყო რატომაც უკვე ვთქვი, სამწუხარო კი იმიტომ, ქართლის ბაგრატიონთა სამეფო შტოს ამ უნიჭიერეს მხედართმთავარს, ბედის უკუღმართობით, საქართველოსთვის ხმალი არასდროს მოუქნევია.
რამდენადაც წარმატებული იყო სამხედრო საქმეში, იმდენად უიღბლო გახლდათ პირად ცხოვრებაში. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელიანი გენერალი იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო და მეთაურობდა ეგერთა გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. შესაბამისად, პეტრე იმპერატორს მუდამ თან ახლდა. ასე იყო იმ დღესაც 1800 წლის გაზაფხულზე, როცა ერთ-ერთ წვეულებაზე პეტერბურგის ცნობილმა ლამაზმანმა, 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ, მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა. ბაგრატიონმა შორს დაიჭირა მაცდური ლამაზმანის წინადადება და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა, ეკატერინე პეტრეს წამოეწია და უთხრა, მამაც გენერალს არ შეჰფერის, სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენოს და გაექცესო. პეტრე ბაგრატიონი ქალიშვილის სითამამემ და პირდაპირობამ მოხიბლა და მალე თავდავიწყებით შეუყვარდა.
ეკატერინე სკავრონსკაია იმპერატორს შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, ამიტომ გენერლისა და ეკატერინეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რომ გაიგო, პავლე I-მა მათი დაქორწინება გადაწყვიტა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხუმრობით წამოწყებული ფლირტი ასე დასრულდებოდა და ამ ამბავში თავად იმპერატორი ჩაერეოდა.
1800 წლის 2 სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში შედგა ნიშნობა, რომელმაც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი გააერთიანა.
ბაგრატიონის მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე I იყო. იმ ეპოქის (მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი) პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროები ადრეულ ასაკში დაქორწინებას ერიდებოდნენ, რადგან წლობით სახლს მოწყვეტილების ოჯახური ცხოვრება თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული. პეტერბურგელ ნებიერას ცხოვრების სტილი არ შეუცვლია. მისი ყოველდღიური საფიქრალი ზეიმებზე სიარული, გართობა და დროსტარება იყო, ხოლო ბაგრატიონს ახალი საზრუნავი დაემატა — ფულის მოძიება ცოლის დაუსრულებელი გართობებისთვის. როცა პეტრე ნაპოლეონის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ჩაერთო, ეკატერინემ დრო იხელთა და ვითომდა სამკურნალოდ, 1805 წელს ვენას მიაშურა. ავსტრიაში ფუქსავატური გართობის გამო უზარმაზარი ვალები დაედო და ქმრისთვის ფულის სათხოვნელად რწმუნებული გამოუშვა.
უკვე მშვენივრად იცოდა ბაგრატიონმა რა შარშიც გაეხვა, მაგრამ ფული მაინც გაუგზავნა. ქარაფშუტული და აღვირახსნილი სექსუალური ქცევის გამო ევროპაში ეკატერინეს „შიშველი ანგელოზი“ უწოდეს. დადიოდა ხმები, თითქოს ბაგრატიონის ცოლს ინტიმური კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან, პრინცებთან და დიპლომატებთანაც. ეს პეტრე ბაგრატიონის პირველი დიდი მარცხი იყო.
43 წლის პეტრე ბაგრატიონის სახელი მთელ ევროპაში ქუხდა. მას მოწიწებით იწვევდნენ საზეიმო საღამოებზე, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ.
სწორედ ამ დროს გენერლით მოხიბლულ ქალებს შორის აღმოჩნდა იმპერატორ ალექსანდრე I-ის და, 19 წლის ეკატერინა პავლოვნა.
ამბობენ, რომ მათ შორის ხეივანში სეირნობისა და ფინჯან ჩაისთან საუბრის გარდა, სერიოზული არაფერი ყოფილა, თუმცა სკანდალისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
შვედებთან ომიდან შინ დაბრუნებულ გენერალს შეატყობინეს, რომ ეკატერინე, სასწრაფო წესით, ოლდენბურგის უფლისწულ გეორგზე გაათხოვეს. ამბობენ, რომ ქორწინების მიუხედავად, შეყვარებულებმა ერთმანეთის დავიწყება ვერ შეძლეს.
ამ გარემოებით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააჩქარა ბაგრატიონის გაშვება ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს მისი მეორე მარცხი გახლდათ.
1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში, პეტრე ბაგრატიონი სასიკვდილოდ დაიჭრა და 12 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილ გენერალს სათუთუნეში ფაქიზად შენახული ეკატერინე პავლოვნას ფოტო აღმოაჩნდა…