ამ ელექტორატისათვის წინასაარჩევნოდ კანდიდატების მიერ გაცემული დაპირებები, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გადაგვეხედა პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებისთვის თუნდაც თბილისის მასშტაბით და გაგვერკვია, სად გადის ზღვარი „პირობასა“ და „შესაძლებლობას“ შორის.
საქართველოში ამომრჩეველი, სამწუხაროდ, 27 წელია ნაირ-ნაირი დაპირებებითაა გაბრუებული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტყუვდება კიდეც. დროთა განმავლობაში ხელისუფლებამაც ჭკუა ისწავლა და ხალხმაც, ამიტომ ან აღარ იძლევიან კონკრეტულ დაპირებებს, ან მინიშნებებით გვპირდებიან სამოთხის აშენებას. არცაა გასაკვირი, ოტო ბისმარკს უთქვამს, არასოდეს ისე ოსტატურად არ იტყუებიან, როგორც ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინო. ხოლო მაკიაველისთვის ხელისუფლების ხელში ჩასადგებად მიზანი ყოველთვის ამართლებდა საშუალებას.
ქართული არჩევნების კიდევ ერთი სენი „ურაპატრიოტული“ დაპირებებია ქვეყნის აღმშენებლობისა და ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვის დაპირებითა და გულში მჯიღის ცემით. ჰოდა, რადგან დღეს დაპირებების შესრულების უზრუნველყოფა არც თამასუქით ხდება და არც მარჯვენა ულვაშის ღერით, პოლიტიკოსებიც ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში მოსახვედრად.
თბილისის მერობის კანდიდატებიდან ყველაზე დაუჯერებელი დაპირებები ელენე ხოშტარიას აქვს. როგორ უნდა მოხდეს პენსიის გაზრდა მხოლოდ ერთ ქალაქში და რამდენად კონსტიტუციური იქნება ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ ვინმე ელენე ხოშტარიასა და ნაციონალებისგან გამოყოფილ ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის გუნდს დაუჯერებს, ისინი სერიოზულ ხმებსაც მიიღებენ. თუმცა, პოპულიზმით ევროპელი დემოკრატების დაპირებები არაფრით ჩამოუვარდება ქდმ-ის ადრინდელ დაპირებებს (თუ გახსოვთ „ნაციონალების“ სატელიტი ქრისტიან-დემოკრატები გიორგი თარგამაძის მეთაურობით, მაშინ მართლაც საოცარ რამეს გვპირდებოდნენ: „გაზი — 10 თეთრი, დენი — 5 თეთრი, წყალი — უფასოდ“, ამის წყალობით მოხვდნენ კიდეც პარლამენტში). თან იციან, რომ ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვლენ და დაპირებების შეუსრულებლობას ამით გაამართლებენ. მათი პროგრამა მაქსიმუმი ხომ ივანიშვილის კარზე „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებაა.
არც ნაციონალების დაპირებები გამოიყურება რეალისტურად. ახლა რომ დადის თვალცრემლიანი ზალიკო უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებთან, ეს ხალხი გუშინ არ გაღატაკებულა და დაავადებულა. ნაციონალური მოძრაობის ზეობის წლებში კი არც ზალიკოს პროტესტი გაგვიგია სადმე და „რუსთავი 2“-სთვისაც ცხოვრება ძალიან მშვენიერი იყო. ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებებში აღწერილ სიღატაკეს ისინი საქართველოში ვერ ხედავდნენ. არადა, იყო…
ზაალ უდუმაშვილმა თბილისელ ამომრჩეველს ხუთი ძირითადი დაპირება მისცა. ის, პირველ რიგში, თბილისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით 100 მილიონის დაზოგვას და ამ თანხის სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50-ლარიანი დახმარების დანიშვნას გვპირდება. მეორე დაპირება იპოდრომის ტერიტორიაზე მწვანე საფარის გაშენებაა, რაც ძალიან რეალურად გამოიყურება. „თბილისი საცობების გარეშე“ — საცობებით გატანჯული ხალხისთვის შვებაა და ამ დაპირებას თითქმის ყველა კანდიდატი გვაძლევს, მაგრამ… და, ბოლოს — ნაციონალების კანდიდატი ყველა წარმატებულ თბილისელ სტუდენტს უცხოეთში სწავლის დაფინანსებას და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სპეციალური ფონდის შექმნას აპირებს.
ძალიან საქმიანი და კარგი პროგრამა და დაპირებები აქვს „შენების მოძრაობის“ ლიდერ თენგიზ შერგელაშვილს. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მას თბილისის მოწყობის და მართვის საკითხები სერიოზულად აქვს გააზრებული და პოპულიზმსაც იშვიათად შეხვდებით მის დაპირებებში. პროგრამა ძნელი განსახორციელებელი, მაგრამ სოციალური პოპულიზმისგან დაცლილია.
დაუჯერებელს და შეუსრულებელს არაფერს გვპირდება ალეკო ელისაშვილი, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი მაინც ისაა, რომ არც ცენტრალურ ხელისუფლებაში ჰყავს მხარდამჭერები და არც თბილისის საკრებულოში ეყოლება. ანუ მისი გამარჯვების შემთხვევაში ელისაშვილს გაუჭირდება თუნდაც გულწრფელი დაპირებების შესრულება. პოლიტიკა, გვინდა თუ არა, გუნდური თამაშია და, ამავე დროს, ამ სფეროში პრაგმატულად მოაზროვნენი უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე იდეალისტები.
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამომრჩევლებს ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას და უხუცესთა საბჭოს შექმნას ჰპირდება. ხომ არამატერიალური დაპირებებია, მაგრამ — შეუსრულებელი, რადგან რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტარდება და ინაშვილის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. „არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისის მერიის მიერ, თუ არ იქნება ჩატარებული რეფერენდუმი", — თქვა ტელეკომპანია „იმედთან“ პირდაპირ ეთერში ირმა ინაშვილმა.
განხორციელებადობის რა მოგახსენოთ და ყველაზე შთამბეჭდავი და თანამედროვე გიორგი ვაშაძის დაპირებებია. საინტერესო ამბავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა არა თბილისის ან საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გაიაზრა საქართველოს ფუნქცია და თავისი, შესაძლოა, ცოტა ულტრათანამედროვე და განუხორციელებელი, მაგრამ საინტერესო ხედვები წარმოგვიდგინა. კალაძის ადგილზე ვაშაძეს სწრაფი განვითარების ნაწილში ერთობლივ მუშაობას შევთავაზებდი.
სოციალურ და ეროვნულ თემებზე აკეთებს აქცენტს კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის გუნდი საარჩევნო კლიპებში. კახა კუკავა წამლების მონოპოლიური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლას და წამლების ფასების შემცირებას გვპირდება. აქაც გაუგებარია, თუ თბილისელი ამომრჩევლებისათვის სპეციალური თანადაფინანსების ფონდი არ შეიქმნა, როგორ შეიძლება, რომ თბილისში „კაპტოპრილი“ სხვა ფასი ღირდეს და გორსა და ხაშურში — სხვა. ან, თუ არა საკანონმდებლო რეგულაციები, როგორ შეძლებს თბილისის მერი ასეთი პრობლემების გადაჭრას?! ასევე საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციას მიეკუთვნება ქართული მიწის ყიდვა-გაყიდვის თემის დარეგულირება და არა — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი.
რეალობაა, რომ თბილისის მომავალ მერად მოსახლეობის უმეტესობას კახი კალაძე წარმოუდგენია. „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, — სასიამოვნოა, მაგრამ — კონკრეტულად არაფრის მთქმელი. სამივე პოსტულატის რეალიზება ზოგადად თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ კი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის — ღარიბი და მდიდარი, საცობებით გადატვირთული და უჟანგბადოც.
რეალურად, კალაძის ყველაზე დიდი გამოწვევა დედაქალაქში სიღარიბის დამარცხებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის როგორც საკუთარ, ასევე საზოგადო სახსრებს არ ზოგავს არც ქველმოქმედებისა და არც პრობლემებისთვის, მარტო მას, თუ საზოგადოება მხარში არ ამოუდგა, პრობლემების დამარცხება გაუჭირდება. თბილისის მთავარი სამი პრობლემა დღეს გაჭირვება, უჟანგბადობა და საცობებია. სასურველია და შესაძლებელიც, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. თუმცა ყველა ჩვენგანმა ამაში საკუთარი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ და საკუთარი პატარა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ.