როგორ დავიცვათ ხმები არჩევნების დღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქის თავისუფალ არჩევანს რომ უდიდესი გავლენა აქვს მის მომავალსა და ცხოვრებაზე, ვფიქრობ, სადავო არაა. საარჩევნო უფლებისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ, ამიტომ ახლობლის ხათრით ან, სულაც, გარკვეული საზღაურის ნაცვლად ხმის მიცემა მომავლისა და საკუთარი ბედის გაყიდვას ემსგავსება...

ჩვენ შევეცდებით, ძალიან მოკლედ მოგითხროთ იმ საარჩევნო დარღვევების შესახებ, რაც უშუალოდ არჩევნების დღესაა მოსალოდნელი და რომელთა მეშვეობითაც პარტიები, შესაძლოა, შეეცადონ არჩევნების გაყალბებას.

დარღვევის პირველი საშიშროება ყუთის გახსნასთანაა დაკავშირებული. გასაკონტროლებელია, რომ ამ დროს არ მოხდეს მასში წინასწარ შემოხაზული ბიულეტენების ჩაყრა. ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს დათვლილი, რამდენი ამომრჩეველი და ბიულეტენია ადგილზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას თვალი უნდა მიადევნოთ, რომ არავინ შეძლოს თქვენი ბიულეტენის კონვერტზე ან თავად ბიულეტენზე რაიმე ნიშნის დატოვება. ხშირად საზოგადოებისთვის საინტერესო პირებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბიულეტენს უნიშნავენ, მაგალითად, წერტილით ან რაიმე „შემთხვევითი“ ანაბეჭდით და იტყობენ მისი არჩევანის შესახებ, რაც კანონდარღვევაა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ოთხი დღე არჩევნებამდე: რაიონებისა და ქალაქების მერობის კანდიდატები

2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა ნაციონალებს საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის ნდობაც აღარ ჰქონდათ, გავრცელებული იყო „5“ ნომრის გარეთ შემოხაზვის პრაქტიკა. არგუმენტი — კოდექსში არსადაა ნათქვამი, რომ არ შეიძლება. არადა, ხმის მიცემა არის ფარული პროცესი. ახლა ტექნიკა შედარებით დახვეწილია და მობილურით ფოტოს გადაღება და არჩევანის ასეთი სახით დაფიქსირება უფრო გავრცელებულია. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ ცესკომ კლიპები უკვე დაამზადა და მათი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. თუ ვინმე მოგთხოვთ კონკრეტული კანდიდატის შემოხაზვას და გადაღებას, ჯერ შემოხაზეთ, შემდეგ კი გადახაზეთ და დატოვეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.

რა თქმა უნდა, ყველაზე საშიში გაყალბების მხრივ გადასატანი ყუთი და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განვითარებული მოვლენებია. ყუთი რომ გავაკონტროლოთ, მას აუცილებლად უნდა გაჰყვეს მოუსყიდავი ადამიანი, რომელიც შეამჩნევს, თუ მოხუც ბებოს ან უსინათლო ადამიანს რაიმე არჩევანისკენ უბიძგებენ. ყველა დარღვევაზე კომისიის წევრს და დამკვირვებელს აქვს უფლება, დაწეროს საჩივარი და იდავოს არჩვენების შედეგების კანონიერებაზე.

ბანერი კახა კალაძის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
რა სიმდიდრეს ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები

და, აი, დგება ის მომენტი, როცა არჩევნები სრულდება და იწყება მისი შედეგების დათვლა. აქ საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება, რომ ყუთი ვინმემ არ გაიტაცოს. სირცხვილია, მაგრამ საქართველოში 21-ე საუკუნეშიც კი ხდება მსგავსი ამბები. თან იქონიეთ ფანარი ან სანთელი – იმ შემთხვევისათვის, თუ შუქი წავიდა. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო! ჰოდა, ხმებსაც ყველაზე კარგად ღამით იპარავენ…

ბოლოს — დათვლის პროცესი, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის, კომისიის ყველა წევრს და დამკვირვებელს აქვს უფლება, მოითხოვოს საუბნო კომისიის შეჯამებული შედეგების ასლი. დააკვირდით, რომ მას აუცილებლად ერტყას ბეჭედი, ჰქონდეს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერა. სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგე ეცდება სწორედ ის უბანი გაგიუქმოთ, სადაც არჩევნები მოიგეთ. თუ თითო უბანზე და გადასატან ყუთზე თითო ერთგული და კომპეტენტური ადამიანი გყავთ, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ვერ გაგიყალბონ, თუ, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მხარს გიჭერთ.

ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოში პარტიებმა წინასაარჩევნოდ 8,8 მილიონი ლარი დახარჯეს

ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წინაასაარჩევნო გარემოს. საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მშვიდი, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლების ხელშია თავმოყრილი, თუმცა, თუ მაგარი ხარ, ამ პირობებშიც შეიძლება არჩევნების მოგება.

„წინასაარჩევნო გარემო, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად გაუმჯობესებულია, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რაც უკავშირდება სოციალური ქსელებით აგიტაციას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, — ასე აფასებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წინასაარჩევნო გარემოს.

შედარებით რადიკალურია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც საბავშვო ბაღებში ხმების შეგროვებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

არჩევნებამდე სამი დღეღა დარჩა. იმედია, ეს არჩევნები მშვიდად, ცივილიზებულად, ევროპულად ჩაივლის. ბოლოს და ბოლოს, ქართველთა სიამაყის საგანი უნდა გახდეს ცივილიზებულობა, ხოლო საარჩევნო უბნებზე ატეხილი ცემა-ტყეპა მხოლოდ დაბალი კულტურის ნიშანია და სახელს უტეხს საქართველოს, რომელსაც ევროპული ოჯახის წევრობის უდიდესი შანსი გაუჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0