თბილისის მერობის მსურველთაგან არავინ უარყოფს, რომ ქაოტური მშენებლობები ჩვენი დროების დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საინტერესოა როგორია საარჩევნო მარათონში ჩაბმული კანდიდატების ურბანული პოლიტიკა – მშენებლობის სრულად აკრძალვა, დროებითი მორატორიუმი თუ კონკრეტულ უბნებში შეზღუდვების დაწესება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ერთადერთია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სრულად აკრძალვას გეგმავს.
კახა კუკავა: „ჩვენ უნდა ვთქვათ მკაფიოდ, თბილისმა მიაღწია უკვე თავისი მოსახლეობის პიკურ მაჩვენებელს, საცხოვრებელი ფართის დამატება დედაქალაქისთვის პრობლემა იქნება…“
მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს გიორგი გუგავაც. ლეიბორისტების კანდიდატი თვლის, რომ თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილში შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
გიორგი გუგავა: „ის, რასაც ბოლო ათეული წელია დედაქალაქში ვხედავთ, განაშენიანება არ არის, ეს ურბანული გენოციდია… ქალაქი დაემსგავსა შავი და ცივი ბეტონის კედლებით ნაგებ ჯურღმულს… უნდა ვაშენოთ მხოლოდ და მხოლოდ გენერალური გეგმის მიხედვით. ამავე დოკუმენტით ქალაქის ისტორიულ ნაწილებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს…“
მორატოტიუმის წინააღმდეგია, თუმცა მკაცრი წესების დადგენის მომხრეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ უბნებში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აკრძალავს…
ზაალ უდუმაშვილი: „მიდგომები უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს!.. ქალაქის უბნებისთვის უნდა განვსაზღვროთ დიფერენცირებული სამშენებლო მოცულობები, ე.წ. კოეფიციენტები. კი, მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის, ჩვენ არ უნდა ვისუნთქოთ სამშენებლო მტვერი… ვიფიქროთ გარემოზე… დეველოპერებს უნდა დაევალოთ სარეკრეაციო ზონების მოწყობა…“
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი კი თვლის, რომ არსებული პრობლემის მოგვარებას პირველ რიგში პოლიტიკური ნება სჭირდება. მისი აზრით, აქცენტი ავარიული ნაგებობების ახალი შენობებით ჩანაცვლებაზე უნდა გაკეთდეს.
ელენე ხოშტარია: „ასეთი სიმჭიდროვით ე.წ. „ბეტონის ტყეების“ მშენებლობის აკრძალვას არა საკანონმდებლო ცვლილებები, არამედ, პირველ რიგში, პრობლემის გააზრება სჭირდება. ჩვენ სამშენებლო აქცენტები უნდა გადავიტანოთ კონკრეტული ავარიული სახლებისა და, ზოგადად, უბნების რეაბილიტაციაზე. ეს არც ეკონომიკას დააზარალებს და ქალაქის განვითარებასაც ხელს შეუწყობს…“
ყოველგვარი გამონაკლისების გამორიცხვა და მშენებლობის ერთიან სტანდარტებში მოქცევა — ასეთია პოლიტიკური ერთობა „ახალი საქართველოს“ ხედვა. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება არასწორი მენეჯმენტის შედეგია.
გიორგი ვაშაძე: „ქალაქის ცენტრში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მშენებლობები და უნდა გაჩნდეს ახალი სამშენებლო არტერიები. ეს არის, პირველ რიგში, ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკებით“ გაშენებული ტერიტორიები, ეს არის ლილოს ტერიტორია და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი მიკრორაიონები, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, არამედ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სჭირდება თანამედროვე ქალაქს…“
„შენების მოძრაობის“ კანდიდატი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ახალი სამშენებლო ნორმების განსაზღვრითა და შესრულებაზე მკაცრი კონტროლით.
თენგიზ შერგელაშვილი: „უნდა ჩამოვაყალიბოთ სისტემა, სადაც გადაწყვეტილების მიღება დაეფუძნება არა რაიმე სხვა სუბიექტურ ან ობიექტურ ინტერესებს, არამედ კონკრეტული პროექტების შედარებას დადგენილ მოთხოვნებთან. ახალ სტანდარტებში კი უნდა შევიდეს აშენებული ფართობებისა და გამწვანებული ფართობების თანაფარდობა, ენერგოეფექტურობა, ცენტრალური გათბობის აუცილებლობა და ა.შ…“
„ქართული ოცნების“ კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის მიღების შემდეგ ეს საკითხი მარტივად მოგვარდება…
კახა კალაძე: „ეს არც არის ახალი პრობლემა. ის ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვერგო. არავის უფიქრია ქალაქის განაშენიანების კონცეფციაზე, არ არსებობს გენერალური გეგმა. პირველ რიგში ამ დოკუმენტს მივიღებთ, რაც წერტილს დაუსვამს ქალაქში ქაოტურ მშენებლობას…“
აბა რა, ყოველივე გენიალური ხომ ძალზე მარტივია! თუმცა, მკითხველის ყურადღებას იმ გარემოებაზე გავამახვილებ, რომ ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა უკვე მომზადებულია და საკრებულოს ვერდიქტს ელოდა. გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა… რატომ? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საკრებულოს პატივცემულ წევრებს დრო არ ეყოთ… ვიცი, სათანადო ნებისა და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენში ასე არ ხდება ხოლმე. ვარაუდს გამოვთქვამ: არ არის გამორიცხული არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ძალზე მაღალია, უკვე დასრულებულ დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. არავინ იფიქროს, რომ ამ შესაძლო „ცვლილებების“ მიღმა ახალი მერის ბიზნეს-ინტერესებს მოვიაზრებ. სავსებით დასაშვებია, რომ პრობლემის მოგვარების კახი კალაძისეული რეალური ხედვა ის იყოს, რომელიც არ არის ასახული საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტში. თუ ასეა, დოკუმენტი მომავალ მერს მუშაობაში ხელს შეუშლის… მოგეხსენებათ, ნებისმიერი კანონი თუ წესი პრობლემის გადაჭრას უნდა ამარტივებდეს და არა პირიქით…
პრობლემის მოგვარებას სტრუქტურული ცვლილებებით გეგმავს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი: „უნდა იყოს მკაფიო წესები და რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია. არ არის საჭირო ეს ე.წ. ზონალური თუ ისტორიული საბჭოები… აქ ხდება ჩაწყობები და მიიღება გადაწყვეტილებები კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით…“
და, ბოლოს: ყველა კანდიდატი ბრძანებს — „უნდა“, კითხვაზე „ვინ უნდა…“ პასუხი იქნება მალე! არევნებამდე დარჩენილი დრო დღეებს ითვლის…