თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში თანამედროვე შენობები შეიძლება იყოს ძალიან საშიში და მათ მობინადრეებს სიკვდილსა და ავადმყოფობას უქადის, განაცხადა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, მშენებელმა და პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მშენებელმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს და შეუძლებელია იმის თქმა, მობინადრეების საჭიროებებს რომელი სამშენებლო კომპანია აქცევს ყურადღებას.
"პირველი — ტოქსიკური აირების გამოყოფა ყალბი სამშენებლო მასალების გამოყენებისას. ეს ძალიან საშიშია, მაგალითად სახლის ან სველი წერტილების მოპირკეთებისას. თვით შენობა შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა იყოს, მაგრამ რემონტის შემდეგ შესაძლოა უბედურება დატრიალდეს", — განაცხადა საკანდელიძემ.
მისი თქმით, თანამედროვე სახლებში რადიაციის პრობლემაც დგას. როგორც მშენებელი ამტკიცებს, საქართველოში მშენებლობისას შეიძლება გამოიყენებოდეს სამშენებლო მასალები და მილები ლითონისგან, რომელიც ჩერნობილიდან ტრანსპორტირებული მილებისგან არის გადამდნარი.
"ეს ლითონი, ძირითადად, საქართველოში წამოვიდა… არ გამოვრიცხავ, რომ ის სახლების მშენებლობაში გამოიყენეს", — აღნიშნა საკანდელიძემ.
მშენებლის თქმით, თანამედროვე სახლების კიდევ ერთ საშიშროებას ელექტრომაგნიტური გამოსხივება წარმოადგენს. მისი თქმით, უნდა მოწმდებოდეს, რამდენად შეესაბამება ელექტროგაყვანილობა უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან საკანდელიძემ აღნიშნა, რომ სახლებში არ უნდა გამოიყენებოდეს გამაგრძელებლები და "ტრაინიკები".
"თითოეულ მოწყობილობას საკუთარი კვების წყარო უნდა გააჩნდეს", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ყველაზე მთავარ საშიშროებად მშენებელს აირი რადონი მიაჩნია.
რადონი — უსუნო და უფერო აირია, რომელსაც ვერ იგრძნობ, მაგრამ ის სერიოზულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის კიბოს. რადონი მიწის ქვეშ გროვდება და ვენტილაციის სისტემის გავლით, სარდაფებიდან და წყლიდან ხვდება სახლებში.
"თბილისში ძალიან ბევრი ბარი და რესტორანი პირველ სართულებზე და სარდაფებშია განლაგებული, და აუცილებელია მათი შემოწმება ამ აირის კონცენტრაციაზე", — განაცხადა საკანდელიძემ.
ამასთან, საქართველოში საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებაზე საუბრისას, პროფესორმა 1991 წლამდე აშენებულ სახლებს უსაფრთხო უწოდა.
საკანდელიძე მიიჩნევს, რომ შვიდბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი მთლიანად დაინგრევა.
"კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველა შენობის შემოწმება უნდა მოხდეს", — განაცხადა მან.
ამ დროს სხვა მშენებელმა, მალხაზ ბედიაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული შენობები შვიდბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, ხოლო თანამედროვე შენობებისთვის უსაფრთხოების რეგლამენტი არ არსებობს.
"ამ სახლებს სეისმომდგრადობაზე არავინ ამოწმებს", — აღნიშნა ბედიაშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი 7-ბალიანი მიწისძვრა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამ მიწისძვრამ თითქმის 200 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა დაახლოებით 46 ათასი საცხოვრებელი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.