საზოგადოება სამ ბანაკად დაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ შეფასების სისტემა არასამართლიანია და ბევრი ადამიანი რჩება სოციალური დახმარების გარეშე. მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ დახმარება სრულიად უსაფუძვლოდ მოუხსნეს. მესამე ნაწილის აზრით კი აღნიშნულმა სისტემამ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დეგრადაციამდე მიიყვანა, ვინაიდან სახელმწიფო დახმარების იმედით, მუშაობის სურვილი გაუქრა.
საქართველოს შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინსიტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-სთან საუბრისას განმარტა, როგორ უნდა მიიღოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა შესაბამისი სტატუსი.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც სოციალურად დაუცველად მიიჩნევს თავს, უნდა მიმართოს საციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია მივიდეს მითითებულ მისამართზე და ოჯახის დეკლარაცია შეავსოს.
სწორედ ეს დოკუმენტი თამაშობს მთავარ როლს ქულების დათვლისას. მასში მითითებულია ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათი განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პენსიონერების, ბავშვების, მარტოხელა დედის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრების რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღინიშნება ოჯახის წევრების შემოსავლების რაოდენობა, მითითებულია, არის თუ არა მათ მფლობელობაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, პირუტყვი, ფუტკრის ოჯახი, ავტომობილი ან სხვ.
საოჯახო დეკლარაციაში შედის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია და თითოეული ფურცლის ბოლოში ოჯახის უფროსი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სოცაგენტის მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
ამის შემდეგ მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში შედის სხვა უწყებების მონაცემებთან შესადარებლად. მაგალითად, შემოსავლების სამსახურის, შსს-ის, საჯარო რეესტრის, სახელმწიფო განვითარების სერვისების სააგენტოს მონაცემებთან და ა.შ.
საოჯახო დეკლარაციის შევსებიდან 30-ე დღეს, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, ითვლება ოჯახის სარეიტინგო ქულები ან კეთილდღეობის ინდექსი, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა ოჯახი დახმარებას.
როგორ ითვლება ქულები
ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არავის შეუძლია. ამ პროცესში მნიშვნელობა აქვს ყველა დეტალს, რომელიც კია შესული საოჯახო დეკლარაციაში და სპეციალურ ფორმულაშია ასახული.
„შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ვთქვათ, ორ ხუთ-ხუთ სულიან ოჯახს ზესტაფონსა და თბილისში ერთნაირი სოციალური მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ განსხვავებული სარეიტინგო ქულები მიიღონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთ-ერთ ოჯახს უნარშეზღუდული პირი ეყოლება. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ ოჯახს უფრო მეტად სჭირდება დახმარება, ვიდრე მეორეს“, — განმარტა თეა გვარამაძემ.
სარეიტინგო ქულები თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალურად ითვლება, კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, ვინ მიიღებს და ხმარებას და ვინ — არა.
დღეისთვის არსებული ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ძირითადი აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე კეთდება. ფორმულა, რომელიც 2015 წლამდე მუშაობდა, ნაკლებად „ხედავდა“ ბავშვებს. ეს კი დიდად აშფოთებდა გაეროს ბავშვთა ფონდს.
2015 წლიდან ქვეყანაში ახალი მეთოდოლოგია ამუშავდა სარეიტინგო ქულების გამოსათვლელად, რომელიც ძველი ფორმულისგან იმით განსხვავდება, რომ საყოფაცხოვრები ნივთებისა და ტექნიკის ქონა აღარ ახდენს გავლენას ქულების რაოდენობაზე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ახალ ფორმულაშია ასახული — ეს სოციალური აგენტის ობიექტური შეფასებაა.
„უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ აგენტს არ შეუძლია ქულების დაწერა. მონაცემები საოჯახო დეკლარაციაში ფიქსირდება, შემდეგ ტექნიკურად მუშავდება, შედის სპეციალურ პროგრამაში და სწორედ ის ითვლის სარეიტინგო ქულებს“, — განმარტა გვარამაძემ.
ძველი მეთოდოლოგიით კი სოცაგენტის სუბიექტურ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გარკვეულ შემთხვევებში — გადამწყვეტიც კი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სოცაგენტს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო განესაზღვრა, იყო თუ არა ოჯახი ღარიბი.
მიღებული სარეიტინგო ქულების გასაჩივრება ყველა იმ პირს შეუძლია, რომლებიც უკმაყოფილოები არიან შედეგებით. თეა გვარამაძის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოჯახის უფროსს საოჯახო დეკლარაციის ყველა გვერდზე ხელმოწერით დაუდასტურებია სოცაგენტის მიერ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სისწორე, მაგრამ შემდეგ განუცხადებია, რომ დოკუმენტში არასწორი ინფორმაცია იყო დაფიქსირებული.
სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური აგენტი ვალდებულია, კვლავ შეამოწმოს ოჯახი და ბენეფიციარის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დაადგინს შესაბამისი სარეიტინგო ქულები.
„ჩვენს მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ოჯახები არ გვატყობინებენ, თუ საცხოვრებელი მდგომარეობა ეცვლებათ. მაგალითად, თუ მუშაობას იწყებენ, ავტომობილს ყიდულობენ, ან მისამართს იცვლიან… ინფორმაციის არარსებობა კი, ისევე როგორც არასწორი მონაცემების მიწოდება, ნიშნავს იმას, რომ ოჯახი ავტომატურად ამოვარდება ბაზიდან და დახმარება მოეხსნება“, — განმარტა გვარამაძემ.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იქ სამი თვის ვადით დარჩენის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ თუ უცხოეთში მეტი ხნით დარჩება და ამის შესახებ სოციალურ სააგენტოს არ შეატყობინებს, ინფორმაცია ამის თაობაზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბაზიდან ჯანდაცვის სამინისტროს მაინც გადეგზავნება და პროგრამა ავტომატურად ამოშლის პირს ბაზიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა პირმა ითანამშრომლოს სააგენტოსთან.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ორი ან მეტი შრომისუნარიანი წევრია, ისინი ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ შორმის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში.
„ჩვენ გვსურს, რომ ამ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე ვაკანსიების, სამუშაო ადგილების, დასაქმების ფორმბისა და გადამზადების თაობაზე, რათა რამენაირად დავეხმაროთ მათ შრომის ბაზარზე გასვლაში. დღეისათვის ისინი ვალდებულები არიან, სოციალური სტატუსის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში დარეგისტრირდნენ ამ სისტემაში“, — განაცხადა გვარამაძემ.
სარეიტინგო ქულები და ფულადი დახმარება
იმისათვის, რომ სახელმწიფომ ფინანსური დახმარება დანიშნოს, აუცილებელია 65 ათასი ქულის მოგროვება. სოციალური დახმარების ფულადი რაოდენობა სწორედ ამ სარეიტინგო ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ოჯახი, რომელიც 30 ათას ქულაზე ნაკლებს მოაგროვებს, ოჯახის თითოეულ წევრზე 60-60 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. ოჯახში ბავშვების არსებობის შემთხვევაში, ამ თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება თითოეულ ბავშვზე.
თუ ოჯახი 30 ათასიდან 57 ათას ქულამდე დააგროვებს, მის წევრებზე ყოველთვიურად 50-50 ლარი გაიცემა.
57 ათასიდან 60 ათასამდე ქულის შემთხვევაში ოჯახის თითოეულ წევრზე 40-40 ლარი გაიცემა, ხოლო 60 ათასი ქულიდან 65 ათასამდე – 30-30 ლარი.
ის ოჯახები, რომლებიც ასი ათასამდე ქულას მოაგროვებენ, დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ოჯახში ბავშვი ეყოლებათ და ეს იქნება 10 ლარი თითოეულ ბავშვზე.