ქვეყანა საარჩევნო ბატალიების მოლოდინში ცხოვრობს… პოლიტიკური პარტიები და მათგან ცალკე მდგომი ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ და საამისოდ არაფერს თაკილობენ… ვიცი, ჩვენში „დიადი“ მიზნის მისაღწევად „ყველაფერი მოსულა“ და არ მიკვირს ის, რასაც ბოლო დროს პოლიტიკურ სცენაზე ვხედავ…
ამასობაში კი ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება. მთავრობა პირობას იძლევა, რომ ინფლაციას შეაჩერებს, მაგრამ უკვე გაძვირებული პროდუქციის გაიაფება წარმოუდგენელია. მიმდინარე წელს პირველადი მოხმარების საქონელი მკვეთრად გაძვირდა და ძალზე მაღალი ალბთობით ეს ფასები 2018 წელსაც შენარჩუნდება. ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ გაისად 3 პროცენტიანი ინფლაცია გვექნება, მოსახლეობისთვის ვერაფერი შვებაა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელ ფასებს არაფერი მოაკლდება და დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც. წელს კი ინფლაცია უკვე 6.2 პროცენტია, რაც წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. დიდი ვარაუდი არ სჭირდება იმას, რომ წლის ბოლოს უფრო უარესი მაჩვენებელი გვექნება. ინფლაციის მოთოკვა ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის მთავარი ბანკი ვერაფერს აკეთებს. თუკი მომავალ წელს ეროვნული ბანკის მიდგომა არ შეიცვლება, სპეციალისტების მოსაზრებით ფასების ზრდა მოსახლეობაზე კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება. გაძვირების ტენდენციის შეჩერება თანდათან შეუძლებელი გახდება. წინ ზამთარია, სამომხმარებლო პროდუქტი გაძვირდება, შემდეგ „მშიერი გაზაფხული“ გველოდება. შესაბამისად, ფასების კლებას არც გაისად უნდა ველოდოთ.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაცია მცდარი მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია და 2018 წელს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად მაღალი ფასების წინაშე აღმოვჩნდეთ, ვიდრე დღეს ვართ. ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დამაიმედებელი პროგნოზის საფუძველი არ არსებობს, ვითარებას ვერც ინფლაციის 3 პროცენტამდემდე დაყვანა შეცვლის და ერთადერთი გამოსავალი იმ არასწორი პოლიტიკის შეცვლაა, რასაც ეროვნული ბანკი წლების მანძილზე ატარებს…
ანალიტიკოსი პაატა შეშელიძე: „ეროვნულმა ბანკმა წინა წლებშიც დააანონსა, რომ ინფლაცია 3 პროცენტის ფარგლებში უნდა დასულიყო. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც წელს 4 პროცენტია, შარშან კი 5 პროცენტი იყო. გეგმა ჰქონდათ, ინფლაციის მაჩვენებელი ასე თანდათან შეემცირებინათ 3 პროცენტამდე. არასწორი პოლიტიკის რეალურ შედეგს ყველა ხედავს, მნიშვნელოვანია, ინფლაციას როგორ განმარტებას მივცემთ. ეროვნული ბანკის განმარტებით, ის ფასების საერთო დონის ზრდაა. თუ ფასების მატებაზეა საუბარი, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ამ პროცესის თანმდევი. ამ კითხვის შემდეგ ისევ უკან ეროვნულ ბანკთან ვბრუნდებით, რადგან ხშირად მათი პოლიტიკაა ფასების ზრდის მიზეზი და არა სხვა ფაქტორები. დღეს რომ მაღალი მაჩვენებელი (6.2%) გვაქვს, ეს არის იმ პოლიტიკის ბრალი, რომელსაც ბოლო წლებია, ქვეყნის ეროვნული ბანკი ატარებს. ჩვენთან ფასების ზრდა ბუნებრივი პროცესი არ არის, ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ ინფლაცია მცდარი მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია. სავსებით მოსალოდნელია, რომ 2018 წელს უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ და კიდევ მეტ სიძვირესთან მოგვიწიოს გამკლავება…“
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არა მარტო ხელმძღვანელობს საბანკო სისტემას, არამედ შესაბამისი რეგულაციებით ცდილობს, ამ სფეროში წესრიგი შეიტანოს. ამით ის ცდილობს, სიგნალი მისცეს საზოგადოებას და საქმიან წრეებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ 2018 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტამდე შემცირდება და ის ჯერჯერობით პოზიციას არ ცვლის, თუმცა ახლა რეალობა სულ სხვაგვარია. გასული წლის განმავლობაში იმდენად მოიმატეს ფასებმა მთელ რიგ პროდუქტებზე, რომ ვითარება აშკარად დაიძაბა და ცვლილებები გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ გაისად ინფლაცია შეიძლება მართლაც შემცირდეს, სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება კვლავაც რთული იქნება და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც ვერ გაიზრდება…
საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის პარალელურად უნდა განისაზღვროს. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება რეალურად უნდა აისახოს მოსახლეობაზე, ამისთვის კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ინფლაციის დაბალი ტემპის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა…
ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ინფლაცია ჩვენ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უნდა განვიხილოთ. წელს ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა ის ასეთ მაღალ ნიშნულზე არ დარჩება. გარკვეული პიკის შემდეგ დაიწყებს დაღმასვლას და ეს შეუქცევადი პროცესია, ეს კი მოსახლეობის გადახდისუნარიანობასთანაა დაკავშირებული. როდესაც ფასები იზრდება, მსყიდველუნარიანობა მკვეთრად იკლებს და ინფლაციის შემცირებაც იწყება. თუ წარმოება გაფართოვდება და გაიზრდება, ეს ძალიან შეუწყობს ხელს ბაზარზე იაფი ადგილობრივი პროდუქციის მიწოდებას. მოსახლეობის შემოსავალი შემცირებულია და კიდევ მეტად შემცირებას უნდა ველოდოთ. მათი მდგომარეობა ვერაფრით გაუმჯობესდება. სწორედ ამისათვისაა საჭირო წარმოების განვითარება, რაც, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილებს შექმნის და, მეორე მხრივ, იაფ პროდუქციას მიაწვდის ბაზარს…“
გამართლდება თუ არა სპეციალისტთა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა „შავი“ პროგნოზი დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაიწყო… გაირკვა, რომ დასახარჯი არც ძალიან ბევრია და არც ისე ცოტა, სულ 12 მილიარდ 298 მილიონი ლარი… გიხაროდენ! 2018 წლის ბიუჯეტი 949 მილიონი ლარით აღემატება წლევანდელს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მთავრობა 4.5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს. ხელისუფლების პრიორიტეტები კვლავაც ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა და განათლებაა. ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე თქვენს ყურადღებას მოგვიანებით გავამახვილებ, საამისოდ დრო ბევრი მაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი ხალხის რჩეულებმა შენიშვნები უნდა ჩამოაყალიბონ და მთავრობას მიაწოდონ. რეგლამენტის თანახმად ეს პროცესი 22 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
ამჯერად საბიუჯეტო პროცესის მოკლე პროგნოზით შემოვიფარგლები… დარწმუნებული ვარ შენიშვნები და მოსაზრებები უხვად იქნება, ოპოზიციის მხრიდან არც ძალზე მწვავე კრიტიკა გამაკვირვებს… მეტიც, ამთავითვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს და ახლაც პასუხისმგებლობის აღება მმართველ გუნდს მოუწევს. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე, ჩვენში ბიუჯეტის მიღების სწორედ ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. ვეჭვობ, რაიმე შეიცვალოს!…