ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი ვისთვის როგორ და ჩემთვის გასული კვირა დღე უცნაურად დაიწყო… შინ „ახალი საქართველო“ მესტუმრა, თავაზიანად მომესალმნენ და დაუპატიჟებლად სტუმრობის მიზეზიც განმიმარტეს. მითხრეს, რომ მათი პოლიტიკური ერთობა ამჟამად ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებისთვის იბრძვის, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს და პარლამენტში წარსადგენად, კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერებს აგროვებს.
„განვითარებულ ქვეყნებში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი არის გათანაბრებული. ის ნორმა, რომელიც დღეს ჩვენ კანონშია, არის დისკრიმინაციული. ორივე შემთხვევაში საპენსიო ასაკი უნდა იყოს 60 წელი“, — მწყობრად ჩამომიყალიბეს სათქმელი და დასძინეს, თუ წინააღმდეგი არ ბრძანდებით, თანხმობა ხელმოწერით დაგვიდასტურეთო. ვუთხარი, რომ ინფორმაცია ახალი არ არის, არც პირველები არიან, ვინც საპენსიო თემატიკით წინასაარჩევნოდ აპელირებს, გავახსენე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა „მშრომელთა პარტია“ საპენსიო ასაკის ხუთი წლით შემცირების ინიციატივით გამოვიდა… თუმცა, გადაწყვეტილების მისაღებად პაუზა ავიღე, საკითხსს პრაგმატულად მივუდექი – რა არის იმაში ურიგო, თუ ოჯახის ბიუჯეტი ყოველთვიურად, თუნდაც 180 ლარით, ხუთი წლით ადრე შეივსება? მანამდე დრო კიდევ არის, ცოტას მაინც მოიმატებს. ასე რომ, აქ საფიქრალი არაფერია, თანაც ამ სიცხეში კარდაკარ სიარული ადვილი საქმე არ არის. აქტივისტებს გარჯა დაუფასდათ, თანხმობის ნიშნად ხელი მოვაწერე და სტუმრები ფინჯან ყავაზეც მივიპატიჟე. დავინტერესდი, როდის და როგორ განისაზღვრა ჩვენში საპენსიო ასაკი, რა განაპირობებს ქალებსა და მამაკაცებს შორის საპენსიო ასაკის დიფერენციაციას და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა. პასუხად კი სახეზე ღიმილის გარდა ვერაფერი მივიღე. მივხვდი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს საკითხის ბევრი არაფერი გაეგებოდათ. შესაძლოა არც არის საჭირო, მათ წინაშე ხელმოწერების შეგროვების ერთი კონკრეტული ამოცანაა და, როგორც მითხრეს, კარგადაც ართმევენ თავს. კმაყოფილები წავიდნენ. მე კი პასუხგაუცემელი კითხვებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართე…
პენსიებისა და სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე: „საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისათვის 60 წელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, 90-იანი წლების ბოლოს განისაზღვრა. დღევანდელი მდგომარეობითაც, საქართველოში გვაქვს უნივერსალური სოციალური საპენსიო სისტემა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე. ის არ განასხვავებს ერთმანეთისგან სამუშაო სტაჟის მქონე და არმქონე პირებს. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა. ასაკობრივი სხვაობა განპირობებულია მრავალი ფაქტორით, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალებსა და მამაკაცებს შორის გაწეული სამუშაოსთვის განსხვავებული ანაზღაურება და ქალების მიერ გაწეული არაანაზღაურებითი შრომა, რომელიც მოიცავს შვილებზე ზრუნვას და საოჯახო მეურნებაში მუშაობას. თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებს აქტიური სამუშაო ძალის ჭრილში, ქალები ნაკლებად დასაქმებულები არიან. მათი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა ნაკლებია მამაკაცების ნომინალურ ხელფასზე. ასევე ქალებს ხშირად უწევთ კარიერის შეწყვეტა, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ან ანაზღაურების გარეშე საოჯახო მეურნეობებში მუშაობა, რათა მეტი დრო დაუთმონ ბავშვების აღზრდას და საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. განსხვავებული საპენსიო ასაკი გენდერული უთანასწორობის ერთგვარ საკომპენსაციო ღონისძიებად შეგვიძილია მივიჩნიოთ…“
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მსოფლიო საპენსიო სისტემები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები აქვს ქვეყანას…
თათია გვარამაძე: „ზოგიერთ ქვეყანაში საპენსიო სისტემა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, ზოგან დაგროვებითი ან შერეული საპენსიო სისტემაა. ასაკიც განსხვავებულია. მაგალითად, ავსტრიაში საპენსიო ასაკი ქალებისთვის არის 60 წელი, მამაკაცებისთვის — 65 წელი, ბულგარეთში ქალების საპენსიო ასაკი 62 წელია, მამაკაცების — 65 წელი, ხორვატიაში კი ქალების — 61 წელი, მამაკაცების — 65 წელი, ლიტვაში — ქალების — 61 წელი, მამაკაცების — 63 წელი და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად მსოფლიოში საპენსიო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც გამოწვეულია მოსახლეობის მატების, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდითა და აქტიური დაბერებით. ამიტომ ქვეყნები ცდილობენ მიიღონ ზომები საპენსიო ასაკის ეტაპობრივი გაზრდის მიმართულებით…“
საინტერესოა როგორ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე „ახალი საქართველოს“ ინიციატივის რეალურად განხორციელება. ანალიტიკოსთა უმრავლესობა საპენსიო ასაკის შემცირებასა და გათანაბრებას ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ეკონომისტი ანდრია გვიდიანი: „საპენსიო ასაკს თავისი საფუძველი და ლოგიკური დასაბუთება აქვს. აქამდეც ხშირად იყო საუბარი, რომ საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრებულიყო, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებაც არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს რეალური არ გამხდარა. სწორედ ფისკალური დაუსაბუთებლობა იყო მიზეზი, რომ საპენსიო ასაკი არ გათანაბრებულა. ბიუჯეტს არ აქვს ამის შესაძებლობა, არ არის ბიუჯეტი მზად იმისთვის, რომ დამატებით ასეთი საპენსიო ხარჯები გასწიოს. ეს მიზეზი ოფიციალურ მიზეზად არასდროს დასახელებულა, მაგრამ რეალური მიზეზი სწორედ ეს არის – რომ ბიუჯეტს საპენსიო ასაკის გათანაბრება დიდ ტვირთად არ დააწვეს. თუ საპენსიო წლები გათანაბრდება, საპენსიო ასაკში ბევრი ადამიანი მოექცევა. ეს არის რეალური მიზეზი, თუმცა ამაზე არც ხელისუფლება და არც სხვა პოლიტიკოსები არ საუბრობენ, ეუხერხულებათ ამის ოფიციალურად გამჟღავნება…“
ოფიციალური მონაცემებით, ასაკით პენსიონერებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით 1 048 839 326 ლარი გაიცა, ხოლო 2016 წელს გაცემულმა თანხამ 1 469 165 816 ლარი შეადგინა. მარტივი არითმეტიკაა, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრების შემთხვევაში ბიუჯეტიდან სხვა კომპონენტების დაფინანსებას მნიშვნელოვანი სახსრები მოაკლდება. სავარაუდოდ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც გადაწყვეტილება არ მიიღება…
ანდრია გვიდიანი: „უბრალოდ, მიზანშეუწონელია ამ ეტაპზე, რადგან სხვა ბევრი ხარჯები აქვს ბიუჯეტს. ბიუჯეტში სხვა ძალიან ბევრი ხარჯია, რომელიც, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს, თუმცა ეს სხვა თემაა… ამ ეტაპზე, ვფიქრობ ეს ინიციატივა დროული არ არის და უახლოეს მომავალში ამ ინიციატივის ძალაში შესვლის საფუძველი არ იქნება…“
ტრადიციას დავარღვევ, ნაცვლად „ეპოქალური“ ან „რიტორიკული“ კითხვის დასმისა, სტატიას ოფიციალური მონაცემებით დავასრულებ: 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიონერი 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალბატონი და 211 316 მამაკაცი. და არავინ იცის როდემდე გასტანს ქალთა ხუთწლიანი „უპირატესობა“…