ძვირფასო მკითხველო, ჩვენი დროების უარყოფით ასპექტებზე საუბრით ბოლო დროს აშკარად დაგღალე… კმარა ნეგატივი! დროა ყურადღება თანამედროვეობის „დადებით“ ტენდენციებზე გავამახვილო. ჩვენი სახელმწიფოს საფინანსო და ეკონომიკურ სექტორში საბანკო საქმიანობა ის ერთადერთი მიმართულებაა, რომელიც სტაბილურად უფრო და უფრო მომგებიანია. დიახ, ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმალურია, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ბიზნესის განვითარების ტემპი დაბალია, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებს აღწევს. ეროვნული ბანკის მონაცემით ირკვევა, რომ 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბანკების წმინდა მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 290 მილიონი ლარით, ანუ 54%-ით. მთავარია, რომ ამ მოგების ძირითად ნაწილს სულ რაღაც ორი-სამი ბანკი ინაწილებს. ეს როგორ?! — შესაძლოა ჩამეძიოთ და მეც მზად ვარ უცნაური „ამოცანა“ ამოვხსნა.
ექსპერტების, ფინანსისტებისა და თავად საბანკო სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდილი მაჩვენებელი გარკვეულწილად სავალუტო რყევებმა განაპირობა. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც.
ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა დააფუძნეს ბანკებზე და ეროვნულ ბანკს უხარია, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ ასეთი იდეოლოგია, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ბანკების მსგავსი მიდგომა მოსახლეობის დიდ ნაწილზე ცუდად მოქმედებს. ამ გავლენას ხალხი ყოველდღიურად გრძნობს სხვადასხვა სასესხო ვალდებულების ხარჯზე. ცხადია, ვერ ვკითხავთ ბანკს, რატომ აქვს მას დიდი მოგება. ამისთვის უნდა არსებობდეს რეგულატორი, რომელიც ყველაფერს შეამოწმებს და გაასაჯაროებს… მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მოსახლეობის საკრედიტო ისტორიებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სესხი არ აქვს. საქართველოში არის ფინანსური სასესხო პირამიდა. ადამიანი ერთი ორგანიზაციიდან აღებული სესხით მეორეს ფარავს. ნათლად ჩანს, რომ საბანკო სისტემა კმაყოფილია ზემოგებით და მხოლოდ მოსახლეობაა უკმაყოფილო მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო…“
სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომერციული ბანკები სწორედ მოსახლეობის ხარჯზე აღწევენ მაქსიმალურ მოგებას, რაც განსაკუთრებულ რეაგირებას საჭიროებს.
ფინანსისტი დავით წიქარიძე: „საქართველოში თუ რამე გამართულად მუშაობს, ეს საბანკო სექტორია. ის, რომ კომერციულმა ბანკებმა მოგება ნახეს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა, კარგად მუშაობენ. თუმცა, მეორე საკითხია, როდესაც ამხელა მოგებაზე გადიან და როცა მარჟა 50 პროცენტზე მეტია, ეს ვიღაცის ხარჯზე ხდება… ეს „ვიღაც“ კი ყოველთვის მოსახლეობაა, რომელიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, რეგულატორმა უნდა იმოქმედოს და ბანკებს პროცენტი დააწევინოს. ეს არის პროცესი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაკეთდეს დასკვნები. ამხელა მოგება მართლა დაუშვებელია. რეალურად, ბანკი თავის საქმეს აკეთებს და მოგებაზეა ორიენტირებული. მეორე საკითხია, როგორი რეგულაციები და ზედამხედველობაა ქვეყანაში, რომ ბანკების მოგებამ მაქსიმუმს არ გადააჭარბოს…“
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. სპეციალისტების ერთი ნაწილი ბანკების მოგების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად კურსთა შორის სხვაობას ასახელებს. მათი შეფასებით, კურსის ცვლილების გამო ბანკების პირველი ექვსი თვის წმინდა მოგება არც ისე „საგანგაშოდ“ გამოიყურება…
ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე: „დიახ, აქ მთავარია კურსთა შორის სხვაობა. სესხების ძირითადი ნაწილი ამერიკულ დოლარშია გაცემული. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გაიზარდა სესხების მოცულობა. ცხადია, აქტივები გაიზარდა კურსის გაუფასურების გამო. შესაბამისად, მოგებაც გაიზარდა. რამე განსაკუთრებული ამ კუთხით არ არის. რამდენადაც ცნობილია, 448 მილიონ ლარს შეადგენს საკრედიტო ვალდებულება, როდესაც დაახლოებით 15-18 მილიარდამდე უნდა იყოს. თუ ამას გაცემულ სესხებზე გავყოფთ, სხვაობა მაინც და მაინც დიდი არ გამოდის…“
არსებული მონაცემებით, ქვეყნის საბანკო სექტორი წარმოდგენილია თექვსმეტი კომერციული ბანკით, თუმცა მათ შორის სულ სამი ბანკია, რომელიც ბაზარზე თამაშის წესებს განსაზღვრავს და ფულადი რესურსის უდიდესი ნაწილიც მათ ხელშია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ეკონომისტი ნიკა შენგელია: „ქვეყნის საბანკო სექტორში ორი დომინანტი ბანკი გამოიკვეთა. სახეზეა მათი გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე, რაც ნაკარნახევია მათივე კორპორატიული ინტერესებით. აშკარაა, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მართავენ საქართველოს ეკონომიკას. ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ქვეყანაში მინიმუმ ორი საინვესტიციო ბანკი მაინც შემოიყვანონ. საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი არის საბანკო ოლიგოპოლია და მათი ლობისტების მიერ თავსმოხვეული კანონები. საქართველო ასეთი საბანკო სისტემის პირობებში ვერასოდეს განვითარდება…“
აქვე განვმარტავ, რომ ოლიგოპოლია არის ის საბაზრო სტრუქტურა, სადაც რამდენიმე მსხვილი საწარმო აწარმოებს მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს… კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: მიმდინარე წლის ივნისის თვის მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელიწადსა და ექვს თვეში ქვეყნის საბანკო სექტორის მოგება სამჯერ აღემატება წინა თხუთმეტი წლის მანძილზე მისივე საერთო მოგებას! 1998-2012 წლებში კომერციული ბანკების ჯამური მოგება არასრული მილიარდი ლარია, ხოლო 2013 წლიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით ეს მაჩვენებელი თითქმის სამი მილიარდია! ასე რომ, ვისთვის ოცნება ოცნებად და ვისთვისაც რეალობად იქცა.
ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა: „საბანკო სექტორის მოგების მკვეთრი ზრდა უკავშირდება მის აქტიურობას უპირატესად საცალო-სამომხმარებლო სექტორში და არავითარ შემთხვევაში ეკონომიკის იმ დარგებში, რომლებიც განვითარებას განაპირობებს. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყურადღების მიღმა დატოვა და თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა მოსახლეობის ჭარბვალიანობამდე. დღეს ეროვნული ბანკი დაგვიანებულად, მაგრამ იწყებს სავალუტო ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებას, რამაც საბანკო სექტორი სწორი მიმართულებით უნდა განავითაროს და ჩააყენოს ეკონომიკური წინსვლის სამსახურში. ველოდები როდის დაიწყება საპენსიო რეფორმა, რომ გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში ეკონომიკის განმავითარებელი სექტორების დასაკრედიტებლად…“
სტატიის დასასრულს გავკადნიერდები და დასკვნის სახით ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ. კომერციულ ბანკებს აქვთ ყველა სახის ბიზნესი, უთანასწორო და არჯანსაღ კონკურენციას უწევენ და აკოტრებენ ბიზნესმენებს, რაც ძირშივე სპობს ჯანსაღი ბიზნესის განვითარებას საქართველოში! ბანკებს თავად აქვთ ბიზნესები ყველა სფეროში, მათ არ აწყობთ დაბალი საპროცენტო განაკვეთით გასცენ სესხი სხვა ბიზნესმენებზე. ამიტომ არის მაღალი პროცენტები, რაც აფერხებს დამწყები და საშუალო ბიზნესს განვითარებას! უკონტროლობის გამო ბანკები ატყავებენ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებული არიან ისარგებლონ ბანკის მომსახურებით…