ონლაინ–კრედიტები საქართველოში: გაუქმება თუ მკაცრი რეგულირება

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროკრედიტების გაცემის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში
მიკროკრედიტების გაცემის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა ონლაინ–კრედიტების საპროცენტო განაკვეთების ზღვარს დაადგენენ, კომპანიები კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მისაღებად მზად არიან.

თბილისი, 1 დეკემბერი- Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მთავრობასთან და ონლაინ–კრედიტების გამცემ კომპანიებთან ერთად საკანონმდებლო შესწორებების პაკეტს ამზადებს, რომელშიც „სწრაფი“ კრედიტების გაცემის რეგულირება შევა, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

„კომპანიებთან და მთავრობასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო შესწორებების პაკეტზე ვმუშაობთ, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ონლაინ–კრედიტების რეგულირება იქნება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე კანონპროექტების პაკეტს ამზადებს, რომლის თანახმად, ონლაინ–კრედიტების გაცემა აიკრძალება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნაა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

თუმცა, ონლაინ–კრედიტების გაცემის საერთოდ აკრძალვა ხელისუფლებამ თანდათან დაკრედიტების არსებული მოდელის რეგულირების აუცილებლობაზე ლაპარაკით ჩაანაცვლა. კერძოდ, დაწესდება საპროცენტო განაკვეთების ზღვარი, რაც დღემდე არ კონტროლდებოდა.

„კომპანიები რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ. ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა იმისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეები გართულებებისგან დავიცვათ, რასაც ონლაინ–კრედიტები იწვევს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ.

არასაბანკო საკრედიტო კომპანიების ასოციაციამ მთავრობას მიმართა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სივრცეში შესვლის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ მზად ვართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სივრცეში შევიდეთ და მთავრობას დახმარება ვთხოვეთ, რომ ეს პროცესი დროულად და კოორდინირებულად განხორციელდეს“, — განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ გია ტარიელიძემ.

20 ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ონლაინ-კრედიტები აიკრძალება

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ ონლაინ–კრედიტების გაცემის უფლება.

ამავე დროს, ექსპერტი ლია ელიავა მთავრობის ინიციატივას ონლაინ–კრედიტების გაცემის გაუქმების შესახებ დროულ ზომას უწოდებს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ეს კარგი ზომაა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ და მოსახლეობა გათავისუფლდებოდა მევახშეების წნეხისგან, რომლებიც მოსახლეობის შემოსავლებს შთანთქავენ და საკუთარი ფინანსების რაციონალურად განაწილების საშუალებას არ აძლევენ.

მისი თქმით, ეს მევახშეები ხალხს ატყუებდნენ, როდესაც კრედიტებს საკომისიო და არა წლიური განაკვეთებით სთავაზობდნენ.

„ეს ტყუილი, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ძვირი იყო, უნდა შეწყდეს. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას სრულიად აიკრძალოს მოსახლეობის საფინანსო მომსახურების ასეთი ველური სახე“, — განაცხადა ელიავამ.

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და, მიუხედავად უსაშველოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

მათ მიერ გაცემული პირველი სესხი, როგორც წესი, უპროცენტოა და ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენება კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეკლამისას, თუმცა არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება შემდგომი კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე.

ფულის კუპიური - Sputnik საქართველო
კალაძე: დოლარში აღებულ კრედიტებს, ეროვნულ ვალუტაში გადაიყვანენ

ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, რა თანხის კრედიტებია გაცემული მსგავსი ორგანიზაციების მიერ, არ არსებობს.

ონლაინ-კომპანიების მომხმარებელი მოკლევადიან სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იღებს. სესხი 10-15 წუთში მტკიცდება და მომხმარებლისადმი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მისი ასაკი მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს.

კრედიტების გაცემის პირობები კლიენტებისთვის ძალიან მარტივია – მათგან საჭიროა მხოლოდ ანკეტის შევსება საიტზე, სასურველი თანხის არჩევა, კრედიტის ვადის მითითება, რეგისტრაციის შევსება და იდენტიფიკაციის გავლა. მომხმარებელთა უმეტესობა სესხს 500-დან 1000 ლარის ფარგლებში იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0