ადამიანის ტვინი რომ საკმაოდ მიდრეკილია უცნაურობებისკენ, ეს არახალია, მაგრამ სანამ მოვლენების კალენდარს არ ჩახედავ, ვერც წარმოიდგენ, რომ მსოფლიოს მართლა ასეთი უცნაური და ხშირად გამაოგნებელი საგადასახადო სისტემა აქვს და ჰქონდა!
1851 წლის 24 ივლისს ალბიონზე შეიცვალა ცნობილი „კანონი ფანჯრების შესახებ“! XVII—XVIII საუკუნეებში მინა სერიოზულ და მხოლოდ შეძლებულთა ხელმისაწვდომ ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომ მეფე უილიამ მესამის მიერ მინიან ფანჯრებზე გადასახადის დაწესება თავისი არსით ქონების გადასახადის ტოლფასი გახლდათ. რიგითი მოქალაქისგან გამორჩეულობის სურვილმა მდიდართა კასტა ახალ რეალობას აზიარა. მინიანი, დროსთან შეთანხმებული დიზაინის ფანჯრები მშენებარე, აგრეთვე ახლად შეძენილი ძველი ციხე-დარბაზებისა, თუ ქალაქგარეთ სახლებისათვის ნოვატორულ არქიტექტურულ სიახლედ იქცა. იქამდე, რომ ფანჯრებს ძველი დარბაზების მზიდ კედლებშიც კი სვამდნენ ახირებული პატრონები. 1851 წლიდან ეს კანონი სხვა, დროზე უფრო მეტად მორგებული კანონებით შეიცვალა…
სახელმწიფოს მართვა და დაცვა უნდა. მართვას და დაცვას ბევრი ფული სჭირდება. რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით უფრო მეტია გასავალი. ამიტომაც დასაბამიდან დღემდე ყველა ხელისუფალი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბიუჯეტის შევსებას. და რადგან „ფულს სუნი არ აქვს“, გადასახადების სახეობებიც ზოგჯერ გაოგნებამდე კურიოზულია.
სხვათა შორის, ამ ცნობილ გამოთქმასაც, რომელიც თითქმის ოც საუკუნეს ითვლის, გადასახადებმა დაუდო საფუძველი. I საუკუნეში იმპერატორმა ვესპასიანემ რომის მოქალაქეებს ტუალეტების გადასახადი დაუწესა. ეს ბევრს და, მათ შორის, მის საკუთარ შვილსაც არ ეპიტნავა. ამ ხერხით ნაშოვნი ფულით სახელმწიფო საქმეების დაფინანსება უღირსობად მიაჩნდა, მაგრამ როცა ხაზინამ სოლიდური შემოსავალი მიიღო, იმპერატორმა ეს ფული ცხვირთან მიუტანა შვილს და სწორედ ის, მერე უკვე ცნობილი ფრაზა უთხრა — „ფულს სუნი არ აქვს“!
ხომ ძნელია „ბეღურების გადასახადზე“ უფრო უცნაური მოიფიქრო რამე? არადა, მე-18 საუკუნის ვიურტემბერგის მოსახლეობას ასეთი გადასახადი ევალებოდა. თითოეულს 12 ბეღურა უნდა მოეკლა, რაშიც 6 კრეიცერს უხდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქით უწევათ 12 კრეიცერის გადახდა. ბუნებრივია, საბრალო ბეღურების დევნა ბევრად ძნელი იყო და ხაზინაში მუქთად შედიოდა უზარმაზარი თანხა.
აქვე გასახსენებელია პეტრე პირველის „წვერების გამო გადასახადიც“, გაპარსვის მოწინააღმდეგე გაჯიუტებულ ბოიარებს რომ დაუწესა. ასეთი გადასახადის ურჩ გადამხდელებს კატორღაშიც კი აგზავნიდნენ.
1655 წელს ოლივერ კრომველმა როიალისტებს (მეფის მომხრეებს) „დისიდენტობის გამო“ (?!) გადასახადი დაუწესა, რომელიც იმდენად დიდ შემოსავალს იძლეოდა, რომ სახალხო „მილიციის“ დაფინანსებას კარგა მსუყედ აკმაყოფილებდა.
მე-14 საუკუნის ინგლისში უარის ვერანაირი ფორმა ვერ უპირისპირდებოდა „სიცოცხლის გადასახადს“. ცოცხალი ადამიანი მკვდარი ვარო, ვერ იტყოდა, არადა, კანონი კანონია. ამ გადასახადს ზღვარი ცნობილმა Peasants’ Revolt-მა („გლეხთა აჯანყება“) დაუდო.
ზოგადად, ინგლისელები გადასახადების მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევიან. ათასგვარი ბეგარისგან შევიწროებული ხალხი შემმოწმებლებისა და ამკრებებისგან ბუხრისა და ღუმელის მილებში მალავდა ფულს, რაც „საზრიანმა“ ხელისუფლებამ მარტივად მოაგვარა და 1660 წელს შემოიღო „საკვამურის გადასახადი“.
დღეს მართლა ძნელი წარმოსადგენია, რომ 1784–1811 წლების ინგლისში არსებობდა გადასახადი, რომელსაც ვერც დიდი აცდა და ვერც პატარა. მას „ქუდის გადასახადი“ ერქვა და თუ მაშინდელი, ქუდით, ცილინდრით, შლაპით მოსიარულე საზოგადოების რიცხვს გავითვალისწინებთ, სოლიდური თანხა შედიოდა ბიუჯეტში. საინტერესო ის არის, რომ იმის აღრიცხვაც კი ხდებოდა, ვის რამდენი ქუდი ჰქონდა.
ასევე არსებობდა გადასახადები — საათის ტარების და სახლში შენახვის, ათასგვარი მდგომარეობიდან გამოსყიდვის, მარილის მოხმარების, ასე განსაჯეთ, ტრავმის დროს თაბაშირის გამოყენების გამოც კი!
რაც შეეხება ფანჯრებს, ამ მეტად საინტერესო და სკანდალურმა აქციამ თავის დროზე, პირდაპირი გაგებით, სერიოზული ძვრები გამოიწვია არქიტექტურაში.
თუმცა, ინგლისისაგან განსხვავებით, მოდის მოყვარულ პარიზში ეს კანონი ნაპოლეონმა შემოიტანა 1798 წელს და მან 1926 წლამდე იარსება — ერთი განსხვავებით — საფრანგეთში სახლებში კარების რაოდენობაც იბეგრებოდა.
მერაბ ხაჩიძე