საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი სრულად თუ არა დროებით, მაინც დასრულდა!… ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას და თანაც რა ფარგლებში. მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფოს მეთაურს კონკრეტული წინადადებით მიმართა. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს შესთავაზა ვეტო გამოიყენოს კონსტიტუციაში ორი საკითხის ასახვის მიზნით. ეს არის ბონუსური სისტემის გაუქმება და მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვება. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ ორივე ეს საკითხი სახელმწიფოს ძირითად კანონში ნებისმიერ შემთხვევაში აისახება. თუ პრეზიდენტმა შეთავაზება მიიღო, ხომ „კარგი“ თუ არა და სხვაგვარად საჭირო გახდება საკონსტიტუციო ცვლილებათა ახალი პროცესი, რაც დროსა და რაც მთავარია ხალხის რჩეულთა ძალისხმევას მოითხოვს… მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ელის, უარის შემთხვევაში მორიგი კონსტიტუციური „სანახაობა“ ღვინობის თვეში დაიწყება და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. საპასუხოდ სახელმწიფოს მეთაურმა სათათბიროდ თავისთან იხმო სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები… ოპოზიცია პრეზიდენტს დათქმულ დროს ეწვია, მმართველმა გუნდმა კი „თათბირს“ თავი აარიდა, ეს ფაქტი სახელმწიფოს მეთაურმა შეაფასა…
გიორგი მარგველაშილი: „დასანანია… კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როცა საუბარია რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე ყოველთვის მზად ვარ — ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ…. ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი, მგონი ამაზე ყველა თანხმდება — კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და ამაზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან…“
ოპოზიცია შეთავაზებას არაადეკვატურად აფასებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს განაგრძოს მოლაპარაკებები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ პოლიტიკური დიალოგის განახლებას… პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში აცხადებს, რომ ვეტოს საკითხზე პოლიტიკოსებში კონსენსუსი უკვე არსებობს…
ფიქრია ჩიხრაძე: „ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს „ქართული ოცნება“. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ კი ამის სურვილი მათი მხრიდან იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს, გავაგრძელებთ დიალოგს ისევ ოპოზიციურ ძალებთანაც…“
სახელისუფლებო გუნდის პოზიცია ცნობილია და ვეჭვობ შეიცვალოს… უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვეტო მმართველ გუნდს კი არა, პრეზიდენტს სჭირდება პოზიტიური ცვლილებების შეტანის პროცესში პოზიტიური როლის შესასრულებლად…
მამუკა მდინარაძე: „ვეტო არის გამოსავალი, რომ თავად პრეზიდენტი გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც თავად შევიდა, დაწყებული საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და შემდეგ, როდესაც ისეთი საკითხები ჩამოწერა და მოთხოვნები დააყენა, რომელსაც მის გარშემო შემოკრებილი ოპოზიციის გარდა, არავინ დაეთანხმა, მათ შორის, ვენეციის კომისია, რომელიც პირიქით, მიესალმა იმ საკითხების ჩვენეულ გადაწყვეტას, რაზეც პრეზიდენტი აპელირებდა. ჩვენ ვასრულებთ პირობას, დავეთანხმოთ ვენეციის კომისის მიერ გახმოვანებულ რეკომენდაციებს და ამას პრეზიდენტის ვეტოს საშუალებით თუ ახალი ცვლილებების ინიცირების სახით გავაკეთებთ…
ჩვენ პრეზიდენტს შანსი მივეცით, თუმცა ის ამ შანსს იყენებს კამპანიისთვის კონსტიტუციის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა…“
ერთი სიტყვით პოლიტიკური ისტებლიშმენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია და სანამ ვერდიქტს შევიტყობთ მოკლედ შევაფასოთ პროცესი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო:
იმედია დამეთანხმებით, რომ სახელმწიფოს ძირითადი კანონის დახვეწის ეს მცდელობა განსაკუთრებით ხმაურიანი და სანახაობრივი გამოდგა… საწყის ეტაპზე ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა საერთო-სახალხო განხილვით, საერთო კონსენსუსის ბაზაზე მიეღო ნამდვილად პროგრესული გადაწყვეტილებები, მაგრამ თავიდანვე იყო ორი ფუნდამენტური საკითხი, რის გამოც ძირითადი პოლიტიკური პერიპეტიები განვითარდა.
პირველი — პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; მეორე — პრეზიდენტის პირდაპირი თუ ირიბი არჩევნები. ამ თემებზე ხელისუფლება ძალიან უცნაურად თამაშობდა და ფაქტობრივად, თავად მოახერხა იმ პრობლემის პროვოცირება, რომელიც დღეს წარმოიშვა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი უცნაურად მიმდინარეობდა — ერთი მხრივ ხელისუფლება თითქოს მოწოდებული იყო შეთანხმებაზე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ორ ძირითად სადაო საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე არ მიდიოდა. ეს ის არის, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა… ანალიტიკოსთა შეფასებით მმართველმა გუნდმა განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით გვითხრა — 2020 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ოთხწლიანი ყოფნით კიდევ უნდა დავტკბეო.
„ერთპარტიული კონსტიტუციის“ მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“, მისდაუნებურად „ააწიკწიკა“ გამანადგურებელი ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება… პარლამენტში ხმების დათვლა აღარავის დააინტერესებს. „ჩაბეტონებული პოლიტიკური სისტემა“, ადრე თუ გვიან იღლება, ბზარები უჩნდება, შემდეგ ინგრევა და ბევრს თან იყოლებს. მოგეხსენებათ, ამის მდიდარი და „სახელოვანი“ გამოცდილება გვაქვს, ნგრევით „შენებასა“ და გადატრიალებით „დალაგებაში“ ბევრს გავეჯიბრებით. ერთადერთი წამალი საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ მთავრობების ცვლა და კოალიციებია. „მთავრობათა არასტაბილურობა“ კი არადამაჯერებელი არგუმენტია. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე კი მგონია, რომ სჯობს მთავრობათა ხშირი ცვლა, — ქუჩაში მუდმივ დესტაბილიზაციას და რევოლუციათა გაუთავებელ კარუსელს. ახლა რაც შეხება პრეზიდენტს, მას კარგი სვლები აღარ დარჩა. თუ დაადებს ვეტოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ საკითხებს, არამედ პრეზიდენტის არჩევის წესს და მაჟორიტარული არჩევნების უკვე 2020 წლიდან გაუქმების საკითხს, პარლამენტი მის ვეტოს იოლად დაძლევს…
ერთი სიტყვით, სახელმწიფოს ძირითადი კანონის საბოლოო ვერსია ცნობილია. მხოლოდ დროის საკითხია როდიდან ამოქმედდება განახლებული კონსტიტუციური ნორმები. განვლილ პროცესს კიდევ მრავალჯერ დავუბრუნდებით, მანამდე კი უბრალოდ, მოკლე რეზიუმე — მმართველმა გუნდმა სასურველ მიზანს მიაღწია, ოპოზიცია უმწეო გამოდგა!…
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!