როცა საზღვარი „დაუცველია“... ანუ ერთი კაცის ნაფიქრალი...

© REUTERS / Kacper Pempelმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არის თუ არა მზად ხელისუფლება მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის... თამაშის ფსონები აიწია, აზარტი მეტია, მეტია გაურკვევლობაც!...

სამუშაო კვირა „მძიმედ“ და მოულოდნელად დაიწყო… სატელეფონო ზარმა გამაღვიძა… დიდი ხნის მეგობარი შემეხმიანა, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა. კითხვით მომმართა და თავადვე უპასუხა… „რა მოიგო მიშამ წუხანდელი გარღვევით?!… აჩვენა, რომ თამაშშია, რომ ფიგურაა, რომ მარტო კი არ არის, არამედ სხვა სერიოზული ოპოზიციური ფიგურებიც მის გვერდით დგანან… განსაკუთრებით კი იულია ტიმოშენკო, რომლის პარტიაც ახლა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური დაჯგუფებაა. მოკლედ, უკრაინაში მარგინალიზაციის საფრთხე ჰქონდა და მან ეს გადალახა. სულ მცირე, უკრაინის მთავარი ნიუსმეიკერია, ერთხანს მაინც… თანაც საქართველოში მომხრეებიც გამოაცოცხლა…“ პათოსმა გამაოცა, მეგობარი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. „დილაადრიან რას მერჩი, რა დაგიშავე ასეთი?…“, მივუგე საპასუხოდ. დიდხანს ვისაუბრეთ და ბევრი ვიკამათეთ.  შევთანხმდით, რომ დრო გვიჩვენებს ვინ დარჩება „მოგებულ-წაგებული“ და ვინ იხეირებს საზღვრის გადმოკვეთის პერფორმანსით. მერე სოციალურ ქსელს გადავხედე, საინფორმაციო სააგენტოების მასალებს გავეცანი და გადავწყვიტე ნაფიქრალი გაგიზიაროთ…       „რუბიკონი გადალახულია!..“, „მიშა მაგარია!..“, „ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტი!…“, „აწი იწყება თავდავიწყება“, „იყო ქინძი და გახდა კიტრი!..“, „თბილისში ჩამოვა მალე!…“, „უკრაინაში ვარდების სურნელი ტრიალებს“, „პეტრო პოროშენკომ წააგო!…“, — ეს რამდენიმე ამონარიდია ე.წ პოსტებიდან. განსაკუთრებული მონდომება არ ჭირდება ავტორთა პოლიტიკური „გემოვნების“ გამოცნობას… ერთი სიტყვით, უხვად იფრქვევა „სიბრძნე“ და მასთან ერთად ემოციები.

მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად - Sputnik საქართველო
დატრიალდება თუ არა კიევში ვარდების სურნელი

ამასობაში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ, მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯერ-ჯერობით საქმე აღძრულია „ფაქტზე“ და არა მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ… შესაძლოა, უკრაინული გენპროკურატურა ფრთხილობს, რაკი ჯერ ზუსტად ვერ დაუდგენიათ, რა უნდა, რა სჭირდება, რა აწყობს და რა არ აწყობს უმაღლეს ხელისუფალს — ანუ პეტრო პოროშენკოს. ამ მხრივ პოსტსაბჭოური ქვეყნები მართლაც საოცრად ჰგვანან ერთამნეთს.

არ არის გამორიცხული, უკვე დღეს, „ფაქტზე“ აღძრული საქმე „დაზუსტდეს“ და იპოვოს მთავარი სუბიექტი, მაღალი ალბათობით მიხეილ სააკაშვილი. სხვა გამოსავალი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უბრალოდ არა აქვს, რადგან  ის, რაც მოხდა, არა უკრაინული სახელმწიფოს, არამედ კონკრეტულად მისი კრახია. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

მავანნი, განსაკუთრებით ჩვენში „უკრაინული სახელმწიფოს სისუსტეზე“ საუბრობენ… რა უნდა ეღონათ სახელმწიფო სტრუქტურებს, სასაზღრო სამსახურს? გაეხსნათ ცეცხლი და დაეხოცათ ასეულობით ადამიანი, რომ პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური ოპონენტის ქვეყანაში სვლა არ დაეშვათ? ეს გამორიცხულია! იმედია მკითხველი დამეთანხმება, რომ ამგვარი თავლსაფდასხმის თავდან აცილების ერთადერთი საშუალებაა აქამდე არ მიიყვანო საქმე!… გაარღვევს თუ არა ადამიანთა უზარმაზარი მასა უიარაღო პოლიციელების, მესაზღვრეების, თუნდაც ჯარისკაცების ე.წ კორდონს საკითხავი არ არის და თუ ვინმე მაინც დასვამს ამ კითხვას, პასუხი მარტივია — ყოველთვის გაარღვევს!.. ვისაც ეჭვი ეპარებოდა დარწმუნდა, მოკლედ „მოსახდენი“ მოხდა და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. პოლიტიკოსები, ექსპერტ-ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ჩვეულ „ფორმაში“ არიან და უხვად იძლევიან რეკომენდაციებს. ყველა თავისას „აწვება“… არის მოსაზრება, რომ პეტრო პოროშენკომ უნდა დააპატიმოს მიხეილ სააკაშვილი, რაც სარისკოა, რადგან მაშინ ის უკრაინაშივე უნდა გაასამართლონ, ან საქართველოს გადმოსცენ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ნიშნავს, რომ იგი უმალ იქცევა გაერთიანებული ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად. ისევე, როგორც, თავის დროზე, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დაპატიმრებული იულია ტიმოშენკო. მნიშვნელოვანია, რომ იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ჰგლეჯდა“ სასაზღვრო ბარიერებს. ამ „გაზის პრინცესას“ განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო ჰქონდა მუდამ და, როგორც ჩანს, გრძნობს მიშას პოტენციალს. მიხეილ სააკაშვილმა კი წინასწარ განაცხადა, რომ პირადად მას არა აქვს ლიდერობის პრეტენზია, არ სურს და კანონმდებლობით არც შეუძლია უკრაინის პრეზიდენტობა. მზადა არის უკრაინის რეფორმატორული ძალებისთვის „მოთამაშე მწვრთნელი“ იყოს… იდეალური სიტუაციაა იულია ტიმოშენკოსა და სხვა უკრაინელი ოპოზიციური ლიდერებისათვის — მათ ექმნებათ შანსი, გამოიყენონ მიშას პოტენციალი და, ამავე დროს, გამორიცხონ მისი ლიდერობა ძალაუფების გაყოფისას.

პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ღიად მიანიშნებს, რომ ჯერ-ჯერობით, ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს 2003 წლის ნოემბრის რევოლუციურ სიტუაციას. მიხეილ სააკაშვილი ახერხებს ილაპარაკოს იმ ენაზე, რომელიც ხალხს ესმის… „ოლიგარქები… მილიარდერები… კორუფცია… რატომ უნდა ვცხოვრობდეთ პოლონელებზე უარესად…“ ანუ, ჩვეულებრივი საოციალისტური ნარატივია შინაარსობრივად, როგორც ყოველთვის და მუდამ, ყველა ეპოქასა და ერში, მით უმეტეს ომისა და კრიზისის დროს. მაგრამ მიშას „ფენომენალურობა“ ისაა, რომ ამ სოციალისტურ ნარატივს იგი ოსტატურად „ფუთავს“ ლიბერალურ-პროდასავლურ რიტორიკით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით“ მაშინაც, როცა „ხალხს“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ესმოდა და ესმის, როგორც მდიდრებისათვის ქონების ჩამორთმევა და ღარიბებისთის დარგება.

ისტორია ადასტურებს, რომ ეს უკვდავი ნარატივია მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური იდეა (მისი რადიკალური გამოხატულებით, რასაც კომუნიზმს უწოდებენ) თითქოსდა მკვდარია და ისტორიულად დამარცხებული; მაგრამ ადამიანური თვისებები, რასაც იგი ეფუძნებოდა, არსად გამქრალა. უბრალოდ ახლა უფრო კრეატიულად იფუთება კრეატიული პოპულისტური ტექნოლოგიით. მაგალითად, „ოლიგარქების და კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლით“…

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
მამრაძე: აჟიოტაჟი - ნარკოტიკია სააკაშვილისთვის

ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილს როგორც „მოთამაშე მწვრთნელს“ მზად ექნება პროექტი, თუ რა უნდა გააკეთოს უახლოეს მომავალში. ცალკე საკითხია კიევსა და თბილისშიცც  ვის სჯერა და ვის არა მიხეილ სააკაშვილის „უკრაინული მისწრაფებების“, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურად გადარჩენის  ერთადერთი შანსი მისთვის ახლა უკვე უკრაინულ პოლიტიკაში წარმატებაა. არადა პეტრო პოროშენკოსაც აქვს მხოლოდ ერთი ოფცია, ეს არ დაუშვას, დააპატიმროს და გადმოსცეს საქართველოს. ამ შემთხვევაში კი ეს  უკვე „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი გახდება. „მიშა-თბილისის ციხეში“, ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას და პოლიტიკურ პრობლემებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში…

და ბოლოს, რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მოლოდინები ჩნდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის თუ არა მზად ხელისუფლება მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო სცენარით განვითარებისთვის დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, თამაშის ფსონები აიწია, აზარტი მეტია, მეტია გაურკვევლობაც!…

 

ყველა ახალი ამბავი
0