ის უცნაური ბედის კაცია. უფრო ბედის კი არა, ხასიათის. მსოფლიო დონის პროვოკაციებს აწყობს და მოსახლეობას უხსნის, მატარებლით იმიტომ არ წავედი, პროვოკაციას მოვერიდეო. არადა, პროვოკაციის მოწყობა მისი სტილია. ოღონდ იცვლება მასშტაბები. თუ ადრე მიშა ძირითადად საქართველოს მასშტაბის პროვოკაციებს აწყობდა და საკმაოდ დააზარალა ქვეყანა, განსაკუთრებით რუსეთთან ომით, ახლა ევროპის დონეზე ცდილობს „ვარდების რევოლუციის“ დეჟავიუს შექმნას. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკმაოდ კორექტულად უწოდა მას „საერთაშორისო დონის ავანტიურისტი“. მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კი — საერთაშორისო მაწანწალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, გიყვარს სააკაშვილი თუ არა, მას პოლიტიკური პროცესების „გაცხელება“ შეუძლია და მხარდამჭერებიც ჰყავს. მოკლედ, მას ვერავინ დააბრალებს, რომ უფერული პოლიტიკოსია. მეორე საკითხია, ვისი დავალებითა და მხარდაჭერით მოქმედებს სააკაშვილი, რისი მიღების იმედი აქვს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ექსპერტთა ნაწილი მის უკან დალასის გეგმას, აშშ-ის ფერადი რევოლუციების სქემას და ევროპის მხარდაჭერას ხედავს, ნაწილი კი არც იმას გამორიცხავს, რომ მისი აქტივობები წყალს ასხამდეს რუსეთის ინტერესებზე, რადგან, მათი აზრით, სწორედ რუსეთს აძლევს ხელს არეულობა საქართველოსა და უკრაინაში.
„მზად ვარ თავი გავწირო უკრაინისთვის“, — ამბობს ის და ძნელია არ დაუჯერო, რადგან საქმეში ისეთ ძვირფას ადამიანს ითრევს, როგორიც 11 წლის შვილია. არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ყველაზე ჭკვიანურ ფრაზებს ამბობს — ამბობს, რომ ეშინია, ამბობს, რომ სკოლას აცდენს და ეს მას, როგორც ჩანს, აწუხებს და ბოლოს: „ღმერთი გვფარავდეს!“ — პატარა ნიკოლოზი ოჯახს იცავს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს თავგანწირვა გულს არ აუჩუყებს.
სააკაშვილი მარტო არ მოქმედებს. მის ავანტიურას ასევე ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ციხეში გამობრძმედილი იულია ტიმოშენკო და სხვა მხარდამჭერები უმაგრებენ. ბევრი ექსპერტი მის უკან დასავლურ ძალებსაც ხედავს. ფაქტია, რომ ის აშშ-სა და ევროპაში უპასპორტოდ დადიოდა და თან ყველა ოპონენტს დასცინოდა — ამბობდა, რომ უკრაინულ პასპორტს სცნობდნენ, ასევე მას, და მესაზღვრეები მასთან სელფებს იღებდნენ.
როგორც არ უნდა შევაფასოთ გუშინდელი დღე, „მიშისტებისა" და „რუსთავი 2"-სთვის ის გმირია, პოლიტიკური ოპონენტებისთვის — ავანტიურისტი, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებისათვის — საკმაოდ სერიოზული თავის ტკივილი, ჟურნალისტებისთვის — საუკეთესო რესპონდენტი, რომელსაც შეუძლია არაფრისგან სკანდალი შექმნას. სწორედ ასე, დაძაბულ ატმოსფეროში, კამერებით გარემოცული, მრავალ ენაზე მოლაპარაკე და ხმაურის შემტანი სიმშვიდეს შეჩვეული ევროპის ცხოვრებაში, წარმოუდგენია მას თავისი თავი. მას მშვიდი ცხოვრება, უბრალოდ, არ შეუძლია. ბევრი ექსპერტი განიხილავდა მის მომავალს ამერიკულსა თუ ევროპულ უნივერსიტეტებში. ბოლოს და ბოლოს, ასეთი საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანს ლექციების წაკითხვას ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მაღალანაზღაურებად სამსახურს არავინ დააყვედრიდა. მაგრამ არა, მას არ შეუძლია სცენიდან ჩამოსვლა — ჯერ ადრეა. იქნებ, სწორედ ისაა დამნაშავე, რომ სტალინივით ისიც კავკასიელია, ისიც 21 დეკემბერსაა დაბადებული და ძალაუფლებისათვის ბრძოლაში მზადაა ყველაფერზე წავიდეს?
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებდა თვალს უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს. ამერიკას ქარიშხალი „ირმა“ ებრძოდა, პოროშენკოს ხელისუფლებას — ქარიშხალი, სახელად „მიშა“ და არავინ იცის, რომელ სტიქიას მეტი დამანგრეველი შედეგის მოტანა შეეძლო.
დღეს უკვე ნათლად გამოჩნდა პოროშენკოს ხელისუფლების სტრატეგია სააკაშვილის მიმართ. „ტკბილ“ ოლიგარქსა და პრეზიდენტს არ სჭირდება ზედმეტი პრობლემები. ასე რომ არ იყოს, მისი ბუნებიდან რომ გამომდინარეობდეს, პირველივე მცდელობაზე დააკავებდა სააკაშვილს და შემდეგ სიამოვნებით გადმოსცემდა საქართველოს ხელისუფლებას. პოროშენკომ ჩვენზე უკეთ იცის, რომ უკრაინა კორუფციის ჭაობშია, რომ უკრაინელები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი მისი ხელისუფლების მიმართ, რომ აღმოსავლეთში ომის გამო მას სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ პოროშენკო დათმობებზე მიდის. მან გასცა განკარგულება, რომ არ ესროლათ საზღვარზე. ხოლო დღეს გაირკვა, რომ სააკაშვილის დაკავებას ჯერ არავინ აპირებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს. სანამ პოროშენკო და ავაკოვი იმაზე ფიქრობენ, რა მოუხერხონ დაუპატიჟებენ სტუმარს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ელჩს სააკაშვილის ინტერესების დასაცავად ახსნა-განმარტებისათვის იბარებს. სააკაშვილი ლვოვის მერთან ერთად ვახშმობს, ხოლო რესტორანს „დონბასის“ ვეტერანები იცავენ. რესტორნიდან გამოსული ამბობს, რომ ის, რაც საზღვარზე მოხდა, არ იყო დარღვევა. „მე არ დამირღვევია არავითარი იურიდიული ნორმა. მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადმომიყვანეს“.
თუ სააკაშვილმა აიძულა პოროშენკო, დააკავოს, ის, რა თქმა უნდა, ეცდება მიშა საქართველოს გადმოსცეს. მაგრამ სჭირდებათ კი სააკაშვილი საქართველოში? საკითხავი, აი, ეს არის.
„ამ პოლიტიკურ ვითარებაში, სანამ ბრალდებები არ არის გამყარებული და ძიება არ არის ბოლომდე მისული, ექსპრეზიდენტის ექსტრადირება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და ის ყველანაირად ეცდება, ხელისუფლებას მაქსიმალურად ბევრი შეცდომა დააშვებინოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც არაფერში არ სჭირდებოდა ზედმეტი თავის ტკივილი, ისედაც არჩევნების წინ, დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ავანტიურაში ჩაერთო. მე მიმაჩნია, რომ პოროშენკომ სააკაშვილთან მიმართებაში ფატალური შეცდომები დაუშვა და ამას სააკაშვილი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს. ის არის კრიზისული ლიდერი. ყოველ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნის პოროშენკოს ხელისუფლებას. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, — უთხრა „Sputnik საქართველოს“ ექსკლუზიურად ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
თავად სააკაშვილს, მგონი, ყველაზე კარგად ესმის, რომ საქართველოში ის გმირი ვერასოდეს ვეღარ გახდება. ხოლო მისი მომხრეების, „რუსთავი 2"-ისა და რამდენიმე ჟურნალისტის გულში მუდამ იქნება მისი ადგილი, სადაც არ უნდა იყოს… როგორც ჩანს, ისიც მისი ბედია, რომ სწორედ ქართველმა ჟურნალისტებმა ამხილონ მისი დესპოტური ბუნება. ძალიან არამომგებიანია, როცა მიშა დემოკრატიაზე ლაპარაკობს და „იმედს“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ივანიშვილის ხელქვეითებს უწოდებს. ასეთი რამ იმ კაცისთვის, რომელიც „იმედში" შეიარაღებული ხალხით შეიჭრა და რომელიც ამის გამო ამერიკელებმა აიძულეს პოსტიდან გადამდგარიყო, მინიმუმ არამომგებიანია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ეგზოტიკურ გამონათქვამებზე — რომ ის არაა ქინძი, კიტრი და ა.შ…
ჩვენ ვიცით, როგორია მისი მმართველობა. ის ჯერ თავად ებრძვის კორუფციას და ამ ლოზუნგით მოსული ირგვლივ ანადგურებს ყველაფერს და თავად ხდება შეუზღუდავი ძალაუფლების სიმბოლო. უკრაინაში ეს ჯერ არ იციან. ამიტომ ებღაუჭება ის უკრაინას. ეს მისი უკანასკნელი ბასტიონია. იქ შესაძლოა მოხდეს ყველაფერი — განმეორდეს ვარდების რევოლუციის სცენარი, მეიდანი, გახდეს პრემიერ-მინისტრი, გუბერნატორი, მმართველი პარტიის ლიდერი. ზოგადად, ქართველები ხომ უცხოეთში უფრო დიდ წარმატებებს აღწევენ, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე ქარიშხალი სახელად მიშა, ევროპის თავზე დაძრწის და ახალ კატაკლიზმებს გვპირდება.
ფაქტია, რომ გზა, რომელსაც ის დაადგა, კიევამდე მიიყვანს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!