სწავლის დაწყებამდე თითქმის ორი თვე დარჩა. „Sputnik-საქართველო" ესაუბრა ფსიქოლოგ სოფო მაისურაძეს, რომელმაც გვიამბო, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისათვის, რომ პირველი წელი სკოლაში ბავშვისათვის სტრესად არ იქცეს.
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ვარიანტი „ჩემი დაქალის ბიჭი მალევე შეეჩვია და არ ტიროდა" — პანაცეა არ არის. მთავარია, ფსიქოლოგის აზრით, ბავშვის სწორი მომზადება სკლისთვის ხუთი წლიდან უნდა დავიწყოთ.
„მშობლებმა უნდა უთხრან ბავშვს, რომ მომავალი წლიდან ის სკოლაში შევა, დეტალურად აღუწერონ ის გარემო, სადაც მას ბევრი დროის გატარება მოუწევს, განუმარტონ, რას გააკეთებს ის გაკვეთილებზე და ა.შ.", — განაცხადა მაისურაძემ.
თუ ამის შესაძლებლობა იქნება, სწავლის დაწყებამდე სკოლის ტერიტორიაზე ბავშვთან ერთად ისეირნეთ, გააცანით მას მომავალი პედაგოგი და კლასელები. რაც უფრო მეტად ნაცნობი იქნება გარემო, რომელშიც ის მოხვდება, მით ნაკლები იქნება სტრესი, ირწმუნება ფსიქოლოგი.
სკოლისთვის მომზადება მშობლებმა მხიარულ და შემეცნებით რიტუალად უნდა აქციონ. ბავშვთან ერთად საყიდლებზე წასვლა და სასკოლო ჩანთის, კალმების და ყველა საჭირო სასკოლო ნივთის არჩევა, რომელიც მას მოეწონება — ეს ყველაფერი სკოლისთვის მომზადებას წაადგება.
„ფრაზები "შენ მიდიხარ სკოლაში, ამიტომ უნდა იყო ყურადღებიანი, დაუჯერო მასწავლებელს და კარგად ისწავლო" და ბევრი სხვა მითითება იმდენად ძაბავს ბავშვს, რომ ის აღიქვამს სკოლას, როგორც რაღაც ნეგატიურ ადგილს", — ხაზი გაუსვა მაისურაძემ.
ამის გარდა, ბავშვი ფიზიკურად უნდა იყოს მზად სკოლისთვის, მას უნდა განუვითარდეს მოტორიკა. ამას პლასტილინთან მუშაობით შეიძლება მიაღწიოთ. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ფსიქოლოგი ასევე „სკოლობანას" თამაშს სთავაზობს.
„სწავლის შეყვარება ბავშვს მხოლოდ თამაშის წყალობით შეუძლია. ბავშვს საყვარელი საქმიანობა არ წაართვათ. სწავლა თამაშით — საუკეთესო ვარიანტია", — აღნიშნა მაისურაძემ.
ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ მშობლები, რომლებიც თავის შვილებს ხშირად საყვედურობენ, მათში ამით კომპლექსებს აყალიბებენ, რაც ნიჭის და ძლიერი მხარის გამოვლენას ხელს შეუშლის.
„არ შეიძლება ბავშვს უთხრათ ასეთი ფრაზები — "თუ კარგად არ ისწავლი, აღარ მეყვარები". თუ გინდათ, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, მცირე წარმატებებისთვისაც ის უნდა შეაქოთ", — ხაზი გაუსვა მაისურაძემ.
თუ ბავშვს სკოლაში ადაპტირება გაუჭირდება, იტირებს და სახლში წასვლას მოითხოვს, ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს სპეციალისტს მიმართონ. ცრემლები — გარკვეული დისკომფორტის ნიშანია, ამიტომ უნდა გაირკვეს, რის გამო განიცდის ბავშვი.
საერთოდ, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პროტესტს ბევრი ბავშვი გამოხატავს, განაცხადა მაისურაძემ. ეს ხშირად იმას უკავშირდება, რომ ბავშვებისგან შესაძლებელზე უფრო მეტს მოელიან.
ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, სკოლას გაცილებით მარტივად ეჩვევიან, აღნიშნა სპეციალისტმა. თუ ბავშვმა იცის ლექსები, ციფრები და ასოები — ეს არ ნიშნავს, რომ ის სკოლისთვის მზად არის. მაისურაძის თქმით, არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ბავშვების მზადყოფნას განსაზღვრავს.
დღეს ამ ფაქტორებს ადგენენ სპეციალისტები ტესტირებაზე, რომელსაც ყველა მომავალი პირველკლასელი გადის. თუმცა მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მშობლებმა შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები სკოლაში არ უნდა მიიყვანონ.
მისი თქმით, ამას ადასტურებს კვლევები, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება, ასევე პრაქტიკა, რომელმაც აჩვენა, რომ სკოლისათვის საჭირო უნარები ექვსი წლის ასაკის ბავშვს ჩამოყალიბების პროცესშია.
„შედეგად გამოდის, რომ სხვა ბავშვებს, რომლებიც რამდენიმე თვით უფროსები არიან, რაღაცა უკეთ გამოსდის, ვიდრე თქვენს ბავშვს, და ამის გამო ის დისკომფორტს განიცდის. ამ შემთხვევაში, დამიჯერეთ, რამდენიმე კვირასაც მნიშვნელობა აქვს", — აღნიშნა მაისურაძემ.
მაისურაძის თქმით, ბევრი მშობელი თავის შვილებს დროში ზღუდავს და ძირითადად გაკვეთილების გაკეთებას აიძულებს, თამაშისთვის კი დროს არ უტოვებს. შედეგად, ბავშვი თავისუფალი დროის დეფიციტს განიცდის და სკოლას ვერ იტანს იმის გამო, რომ მან თამაშის შესაძლებლობა წაართვა.
ფსიქოლოგის ძირითადი რჩევა — გაგებით მოეკიდეთ ბავშვებს. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილები იწყებენ ახალ, ძალიან რთულ ცხოვრებისეულ ეტაპს. სწავლაში წარუმატებლობა ოჯახური კამათის საბაბი არ უნდა გახდეს.
ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ, პირველკლასელებო!