თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებით მომავალი პირველკლასელები სკოლისათვის მომზადებას შეძლებენ, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სკოლისათვის მომზადების პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდს გულისხმობს, რომელიც ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას უწყობს ხელს და სკოლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. პროგრამა უკვე დანერგილია როგორც თბილისის საბავშვო ბაღების უფროს ჯგუფებში, ისე ქვეყნის რეგიონების საბავშვო ბაღებში.
ამგვარად, ბავშვები მზად იქნებიან იმ გამოწვევებისათვის, რომლებიც მათ სკოლაში ელის, რადგან ახალი პროგრამის დახმარებით, თითოეული მათგანი საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ განვითარებას შეძლებს.
პროგრამა 30 კვირას გაგრძელდება და მას დღეში სამი საათი დაეთმობა.
ამჟამად, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო პროცესი სახელმწიფო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.