თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში იმ ბავშვთა საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაცია, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ექვსი წელი უსრულდება, 8 მაისს დაიწყება, ნათქვმია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იმისათვის, რომ ბავშვი პირველ კლასში ჩაირიცხოს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე საჭირო არის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია სამ ეტაპად ხორციელდება და 10 აპრილიდან 30 ივნისამდე გრძელდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
მეორე ეტაპი 8 მაისს, თბილისის დროით 9:00 საათზე დაიწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. თუ დოკუმენტები დროულად არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სკოლაში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა არის სავალდებულო: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს.
პირველ ეტაპზე, რომელიც 10 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდა, დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მესამე ეტაპი 19 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება. რეგისტრაციის დროს მშობლებმა ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა იქონიონ.
გამოცხადებული რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს, საუბარია მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. ახალი სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.