განათლების სამინისტრომ TIMSS-სა და PISA-ს საერთაშორისო კვლევები და სახელმწიფო შეფასების შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს.
ქართველ მოსწავლეების შედეგები, წინა მაჩვენებელთან შედარებით, გაუმჯობესებულია, თუმცა, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ისინი საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელს ვერ აღწევენ.
TIMSS-ის საერთაშორისო კვლევა
TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში — ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს.
TIMSS-ის მონაცემებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები ამ საგნებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელს, როგორც მეოთხე, ისე მერვე კლასებში.
მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, მეოთხეკლასელთა 26% და მერვეკლასელთა 30% საბაზისო ცოდნას არ ფლობს.
კვლევა მსოფლიოს 57 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 580 ათასმა მოსწავლემ მიიღო.
TIMSS-ი (Trends in Mathematics and Science Study) — საერთაშორისო კვლევაა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხე და მერვე კლასის მოსწავლეებში ოთხ წელში ერთხელ ატარებს. TIMSS-ს საქართველო 2007 წელს შეუერთდა.
PISA-ს საერთაშორისო კვლევა
PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას აფასებს, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას.
PISA-ს შედეგების თანახმად, საქართველოს მოსწავლეების 50% საბუნებისმეტყველო საგნებში საბაზისო ცოდნასაც ვერ ფლობენ, ხოლო რაც შეეხება მათემატიკას, მოსწავლეების 60% საგანში ელემენტარულ ცოდნას ვერ ფლობენ.
კვლევა მსოფლიოს 72 ქვეყნის 15 წლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა, რომელშიც 500 ათასამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მონიტორინგი სამ წელში ერთხელ სამი მიმართულებით ტარდება: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
PISA – საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამაა (Programme for International Student Assessment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ეგიდით რეალიზდება.
კვლევა „სახელმწიფო შეფასება“
საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%, ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს.
განსაკუთრებით ცუდი შედეგებია იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს სოფლებში შედეგები გაცილებით ცუდია, ვიდრე თბილისში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლების მოსწავლეების მოსწრება საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, გაცილებით მაღალია.
კვლევაში საქართველოს 1000 სკოლიდან 16 ათას 523 მოსწავლე, 1 ათას 7 პედაგოგი, 15 ათას 128 მშობელი მონაწილეობდა.
განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საკუთარი საგანმანათლებლო შედეგების გაანალიზების შესაძლებლობებს იძლევა.
საქართველოში სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობს, რომელიც განათლების სამინისტროსა და „ათასწლეულის ფონდი — საქართველოს“ მხარდაჭერით 3-4 ივნისს კონფერენციას გამართავს, რომელზეც წარმოადგენს ინფორმაციას თუ რა ვითარებაა ქვეყანაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლის კუთხით.