საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარ იაჰანეს ჰანის ინიციატივით საქართველოში სექტემბრიდან მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნება.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა და ევროკომისია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნას გეგმავენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იოჰანეს ჰანი საქართველოს ხუთშაბათს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის ხვდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

„ევროკომისიასთან ერთად იგეგმება საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა. ეს იდეა ეკუთვნის იოჰანეს ჰანს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას, აღნიშნა პრემიერმა.

EU4Energy-ის ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო
თბილისში ენერგეტიკის შესახებ ევროკავშირის პროგრამის ოფისი გაიხსნა

განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმის" შესახებ ფინანსური შეთანხმების გაფორმება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად საქართველოსთვის 32 მილიონი ევროს დახმარებას გულისხმობს.

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0