თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქიმიაში მენდელეევის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართული გუნდის წარმომადგენელმა საბა თავდგირიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება ოლიმპიადის ვებ-გვერდი.
ღონისძიება ასტანაში 23-29 აპრილს ჩატარდა. საქართველოს გუნდის შემადგენლობაში მასწავლებლის ჩათვლით ხუთი მონაწილე იყო.
საბა თავდგირიძე კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. დანარჩენმა ქართველმა მოსწავლეებმა ლექსო ფიჩხაძემ, ლევან გოჯიაშვილმა და დავით რიჟინაშვილმა ოლიმპიადის მონაწილეთა დიპლომები მიიღეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის 120 მოსწავლე, რომლებმაც ქიმიის სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.
ოლიმპიადა 1997 წლიდან ტარდება, გამარჯვებულებსა და პრიზიორებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეთის სხვა წამყვან უმაღლესებში. მენდელეევის ოლიმპიადების პრიზიორები რუსული უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ირიცხებიან.
ოლიმპიადის ძირითადი სამუშაო ენა რუსულია, თუმცა მონაწილეთა სურვილით მათ ინგლისურ ენაზე შედგენილ დავალებებს სთავაზობენ. ასევე, გუნდების ხელმძღვანელებს ოლიმპიადის თითოეული ტურის წინ დავალებების ეროვნულ ენაზე თარგმნის შესაძლებლობა ეძლევათ.