სხვაგვარი მქონდა ხედვა… ამჯერადაც საარჩევნო ბატალიებზე მსურდა საუბარი. წინასაარჩევნო კამპანიისა და ცალკეული კანდიდატების სასტარტო პიზიციების შეფასებას ვაპირებდი, თუმცა „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“… ამ ბოლო დღეებში მოვლენების განვითარებამ საარჩევნო მარათონი და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები დროებით დამავიწყა. არ იფიქროთ, რომ საგულდაგულოდ გაწერილ დღის წესრიგში ცვლილება საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ პოროშენკოს სტუმრობამ ან დედაქალაქში ხუთი დღის ინტერვალით გამართულმა ე.წ მარშირებებმა განაპირობეს. ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე ბევრი ითქვა და ვერაფერს დავსძენ… ჯერ კიდევ საარჩევნო თემატიკაზე ვმუშაობდი, როცა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშიდან რამდენიმე ამონარიდს გავეცანი. საჭიროდ ჩავთვალე ერთი მცირე მონაკვეთი თქვენც გაგიზიაროთ.
ამონარიდი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშიდან: „კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს…“
დოკუმენტში ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, კი არსებულმა მონახაზმა გამოიწვია პოლარიზება, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. რა გასაკვირია, რომ ჩემი ყურადღება ისევ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესმა მიიქცია. თვალნათლივ დავინახე, რომ მრავალთვიანი ძალისხმევის შედეგი უბრალოდ ჩიხია… ვითარების განმუხტვას ხელს არ უწყობს გზა, რომელიც აირჩიეს ერთის მხრივ სახელისუფლებო პარტიამ და მეორეს მხრივ ოპოზიციამ… უკვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს უგზავნიან ერთობლივ მიმართვას, აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება. წერილის ავტორები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მიმართავენ, ხელისუფლების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენონ საკითხი, ქვეყნის ძირითადი კანონის მიღებისას, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ…
ამონარიდი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვიდან: „ოპოზიციური პარტიების მცდელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების’’ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, კვლავაც შეუძლებელი ხდება… ხელისუფლების მხრიდან, ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი, გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავად აქვს გადაწყვეტილი დიალოგის პროცესი დაწყებამდე ჩაშალოს, რაც ყოვლად მიუღებელია ოპოზიციითვის, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და კონსენსუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები…“
მიმართვას ხელს აწერს თხუთმეტი პოლიტსუბიექტი. შესაშური ერთსულოვნებაა, ვერაფერს იტყვი… მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპოზიციას საქციელი დაუწუნა…
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერი რაციონალური წინადადების განხილვასთან დაკავშირებით. ამ ფონზე ოპონენტების ნაწილის მიერ ვენეციის კომისიისადმი მიმართვა არ არის სწორი პოლიტიკური სვლა და ნამდვილად არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ნაბიჯს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსენსუსთან მიმართებით…“
ექსპერტ-ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიჩნევს, რომ არსებული ძალზე დაძაბული ვითარების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს დიალოგის რესურსი… ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ასეთ მძიმე ვითარებებშიც კი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი მოლაპარაკებებისთვის მთავარია ნდობის აღდგენა. მოლაპარაკების მხარეები უნდა იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით და უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ავტორიტეტი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესი მთლიანად ჩააგდო, მისდამი ნდობა უკვე ნულოვანია. თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა, მომლაპარაკებელი უნდა შეცვალოს ანუ ახლა ლოგიკური იქნებოდა რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს არა ირაკლი კობახიძე, არამედ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა, იგი თავისი რიტორიკით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში…“
არის მოსაზრება, რომ ხელისუფლებაზე სწორედ საერთაშორისო ზეწოლის პირობებში ოპოზიცია შეეცდება ბოლომდე „მიაწვეს“ ხელისუფლებას რათა დათმობები გამოგლიჯოს…
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „როგორ განვითარდება პროცესები? ეს უკვე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა პირობებით დასხდებიან სასაუბროდ ხელისუფლება და ოპოზიცია, კონსტიტუციის რა პუნქტები გახდება მათი განხილვის საგანი და როგორ მოგვარდება სამართლებრივ-პროცედურული მხარე ანუ როგორ მოხერხდება ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ტექსტში პრინციპული ცვლილებების შეტანა. არადა, სწორედ ამას ითხოვს ოპოზიცია… სახალხო პროტესტის აგორება ოპოზიციას არ მგონია გამოუვიდეს, ამიტომაც მისი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ საერთაშორისო წრეებზე აპელირება იქნება. ხელისუფლება კი შეიძლება შეეცადოს, რომ ოპოზიციის რიგებში „შტრეიკბრეხერები“ მოძებნოს და დაითანხმოს ისინი კონსტიტუციის მხარდაჭერაზე გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ხელისუფლებას ასევე შეუძლია დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, აჩვენოს ვენეციის კომისიას, რომ მისი რეკომენდაციები სრულდება, მაგრამ შემდეგ განაცხადოს, რომ ოპოზიციის დესტრუქციული მიდგომის გამო შეთანხმება ვერ შედგა…“
კონსტიტუციონალისტთა და ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კონსენსუსის წინაპირობა იმთავითვე არ ყოფილა და არც ახლა არის, რადგან პოლიტიკური ველის უკლებლივ ყველა მონაწილე ამ პროცესში მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს…
ანალიტიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე: „ჩვენი პარლამენტის ახალგაზრდა და გამოუცდელ თავმჯდომარეს დაავიწყდა, რომ „პოლიტიკა — ეს შესაძლებლის ხელოვნებაა“. და შედეგად, თვით „ქართული ოცნების“ წიაღში მოუწია კონსენსუსის ძიება. ამიტომ მთლიანად საკონსტიტუციო პროცესი და შესაბამისი კონსენსუსის ძიების პროცედურები კარიკატურულად გამოიყურებოდა და ახლაც ასეა… გარდა ამისა, უკლებრივ ყველა პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ მათ აქვთ შეძენილი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის ლიცენზია. უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია კონსტიტუციის ტექსტში მისი მიზნების განსახორციელებლად ყველაზე კარგ გარემოს ეძებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კონსენსუსის მიღწევის ტექნოლოგია თავიდანვე დამახინჯებული იყო და არც ახლა არის იმედიანი პროგნოზის საფუძველი…“
სამწუხაროდ შედგება თუ არა დიალოგი და როგორი იქნება შედეგი ზუსტად არავის უწყის…