პოლიტიკური სცენიდან შორს... ანუ პარტერში ყოფნის ხიბლი და რისკი...

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სად წავიდა მთავარი მეოცნებე... რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა მეთვალყურის პასიური როლი, რა გზავნილია ეს პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის... ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ ემიჯნება თუ არა ის პოლიტიკურ პროცესებს...

ერთგულო მკითხველო, წინამდებარე სტატია კვლავაც პოლიტიკურ პროცესს, კონკრეტულად, მიმდინარე საარჩევნო პერიპეტიებს ეთმობა. ვიდრე პატივცემული ექსპერტების შეფასებებსა და ხედვებს წარმოგიდგენთ, მსურს ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგი გაგანდოთ. სურვილი დიდია და თქვენი კეთილგანწყობის იმედად გავბედავ…

უკლებლივ ყველა საარჩევნო პროცესს, მთავარ ინტრიგასთან ერთად, სხვა მრავალი თავისებურება ახლავს, ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული – უშუალოდ საარჩევნო გარემო, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არსებული კონფიგურაცია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მენტალური, ორგანიზაციულ და ფინანსური მზადყოფნა სახელისუფლებო გუნდთან კონკურენციისა და გამარჯვებისათვის, მისი უდიდებულესობა ელექტორატის ხელისუფლებით იმედგაცრუების ხარისხი და მმართველთა ჩანაცვლების სურვილი… ამ და სხვა მრავალ „თავისებურებათა“ განმსაზღვრელი არჩევნების ე.წ. „სტატუსია“, ანუ ვინ ან რა არის ასარჩევი.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რას დათმობს „ქართული ოცნება"

იმედია, დამეთანხმებით, რომ ჩვენში ინტერესი და ყურადღება ძალზედ დიდია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ 26 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ საქართველოში თვითმმართველობის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა და მისი ავტორიტეტიც დაბალია. ბოლო დროს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობაც კი შემცირდა. ასეთია დღევანდელი ხელისუფლების ხედვა და კონცეფცია ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და ადგილის შესახებ.

მიმდინარე წლის საშემოდგომოდ დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამონაკლისი არ არის. წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით რეგიონებში, ნაკლებად იგრძნობა და ძალზე მიზერულია იმის შეგრძნება, რომ ამ არჩევნებს რამდენიმე თვე გვაშორებს. შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი ჩვენში არსებული გულგრილი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მისივე პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო კამპანიაში ამჯერად მონაწილეობას არ მიიღებს. დიახ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მთავარი „მეოცნების“ გარეშე მოუწევს გამარჯვებაზე ოცნებაც და ელექტორატის „გულის მოგება“. ეს კი მომავალი ბატალიების ერთი „თავისებურებაა“ სხვა მრავალთა შორის. რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა მეთვალყურის პასიური როლი, რა გზავნილია ეს პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის? ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ ხომ არ ემიჯნება ის პოლიტიკურ პროცესებს?

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
სამი ვერსია: სად არის ბიძინა ივანიშვილი?

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, არა მგონია, ოპტიმალური იყოს მისთვის და სასარგებლო სახელმწიფოსთვის. ამჟამად ის მდგომარეობაა, როცა მისი წყალობით სუპერ-უმრავლესობაში მყოფი არაპროფესიონალ პოლიტიკოსთა ნაკრები, რომელსაც საკუთარი შრომით და პოლიტიკური მოღვაწეობით არ მოუპოვებია ძალაუფლება, შეცდომებს უშვებს და საკუთარ პოლიტიკურ დღეგრძელობაზე არ ფიქრობს. ესაა სწორედ მთავარი ნაკლი ვიღაცის ავტორიტეტის მიერ ხელისუფლებაში „მოყვანილი“ ხალხისა. დიახ, კონსტიტუციური რეფორმის პროცესი მიუთითებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით არც იყოს სასარგებლო. ძალაუფლების ყოვლისმომცველმა ფლობამ დღეს უკვე პოლიტიკური ხასიათის პრობლემები შექმნა. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის დისტანცირება მმართველი გუნდისგან შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ კარგი თუ ცუდი — ყველაფერი მაინც მას ბრალდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირება საქართველოში არასდროს არის ხანგრძლივი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი თავისი დისტანცირებით უკანდასახევ ხიდებს ამაგრებს და ამ რთულ ეტაპზე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის დამატებით აღებას თავს არიდებს. მან ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე აიღო უზარმაზარი ვალდებულება და პლუს ახალი ვალდებულება — არ იქნებოდა გონივრული საქციელი…“

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
მარცხისთვის განწირულები, ანუ როცა ოცნება კვლავაც მოდაშია...

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი: „უკვე დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა ყურთამპყრობელების გუნდი. სრულიად არ არის აუცილებელი მისი გამოჩენა ტელევიზიაში და აქტიური მონაწილეობა მისივე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. მართალია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ის ძალიან აქტიური იყო, როგორც ჩანს, ახლა უკვე მისთვის აღარ არის საინტერესო იმის გამეორება, რასაც საუბრობდა წინა არჩევნებისას. უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი, რომ არანაირი საფუძველი არ ჰქონდეს მოარულ ხმებს მისი ავადმყოფობის შესახებ. ჩვენ ახლა რადიკალურად განსხვავებული, ყველაზე საუკეთესო და უარესი შესაძლო მიზეზი უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, მისაღები იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა საკუთარი გუნდის სიძლიერეში და უბრალოდ ზედმეტად თვლის კონტროლს. რაც შეეხება ყველაზე ცუდ ვერსიას, არ არის გამორიცხული, რომ ის პოლიტიკიდან გაპარვას აპირებს… თუ მას გააჩნია რაიმე ინფორმაცია ოფიციალური მოსკოვიდან მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე, მაშინ ბუნებრივი იქნება – დამშვიდობების გარეშე გადაინაცვლოს ევროპულ სივრცეში…“

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
უკუღმართი დროება და ორი მეგობრის გასაუბრება...

სახელისუფლებო გუნდის წევრები ბრძანებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს „ქართულმა ოცნებამ“ მისი დახმარების გარეშე გამოსცადოს საკუთარი ძალები. შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ნაწილი სამართლიანად მიანიშნებს, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადეა საჭირო. არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „ახლა ჩვენ უნდა ვიმკითხაოთ… ბიძინა ივანიშვილის უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი საჯაროობის გარეშე გვერდით გადგომა და გაუჩინარება არის დესტაბილიზაციის სერიოზული წინაპირობა. ეს მანაც უნდა იცოდეს და ყველამ, ვინც დღეს საქართველოს პოლიტიკაში მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს თავისი თანამდებობის მეშვეობით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი ამბავი საჯაროდ. ნათელი და მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს, რა შეხედულებები და რა გეგმები აქვთ მათ, ვინც საკუთარი ავტორიტეტით, წიგნიერებით, ფინანსური რესურსებით თუ საზოგადოებრივი პოზიციით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში… ამ ქვეყანას თუ მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი გონივრულად არ მოექცევა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი წავიდეს სირიის სცენარით. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს და მკაფიოდ გვითხრას, რას ნიშნავს მისი დისტანცირება, რეალური გამიჯვნაა პოლიტიკური სპექტრისგან და რეალურად აღარ მიიღებს ის ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, თუ მართლა, ღმერთმა დაიფაროს და, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს? ვიზიარებ თქვენ მოსაზრებას, რომ, შესაძლოა, მან თავისუფლად მიუშვა თავისი პარტია, რომელიც არ იქნა და არ შედგა პოლიტიკურ პარტიად, ასევე მთავრობა და პარლამენტი, სასამართლო სისტემა, რომელზე ზეწოლასაც მას მიაწერენ. იქნებ ასეა – დააკვირდება შორიდან და ჩაჭრა კავშირები საზოგადოებასთან და მასმედიასთან. თუ ეს ასეა, მიზანი კეთილშობილურია, სწორია, მაგრამ ფორმა — მიუღებელი. მეორე ვარიანტი — შესაძლოა, მართლაც ავადაა, ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მიუღებელია საზოგადოების არაინფორმირებულობა. მესამე ვარიანტი — არ არის გამორიცხული, რომ ის, უბრალოდ, აიძულეს, დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკიდან რეალურად და ეს ზეწოლა შეიძლება მოდიოდეს როგორც ოკეანის გაღმიდან, ასევე კრემლიდან…“

რა გავლენა ექნება ბიძინა ივანიშვილის მისივე გუნდისგან წინასაარჩევნოდ დისტანცირებას უშუალოდ საარჩევნო პროცესზე და მმართველი გუნდის შედეგზე, დრო გვიჩვენებს…   

ყველა ახალი ამბავი
0