საარჩევნო მარათონი დაიწყო, თუმცა, ბრძოლა თბილისისთვის გადამწყვეტ ფაზაში არ შესულა. ასპარეზობის მონაწილეებმა ჯერ მხოლოდ საკუთარი ინტერესები და ამბიციები დააფიქსირეს. დისტანცია საკმაოდ გრძელია და თანაც დატვირთული ბარიერებით. გამოიკვეთა სასტარტო პოზიციებიც. საინტერესოა პოლიტიკური ძალების მიერ მათი „ყოჩების“ შერჩევისას რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი და ვინ რატომ ჩაერთო ამ მარათონში? როგორც პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თბილისის ადგილობრივ არჩევნებში წარმატება სერიოზული განაცხადი იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად, ისევე, როგორც წარუმატებლობა იქნება მნიშვნელოვანი დაბრკოლება შემდგომ ბატალიებში მონაწილეობისას…
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „თბილისის არჩევნებში მონაწილეობას დიდი სიფრთხილით ეკიდება ყველა პოლიტიკური ძალა. ეს დამკიდებულება მკაფიოდ იკვეთება, თუ პარტიათა მიერ უკვე დასახელებულ კანდიდატებს შევაფასებთ… მმართველი გუნდი დარწმუნებულია გამარჯვებაში. შესაბამისად, მისი კანდიდატი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი კახი კალაძე გახლავთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგუებულია მარცხს და შექმნილი ვითარებიდან საკმაოდ საინტერესო და სწორი გამოსავალი მოძებნა — პარტიის ლიდერი ნიკა მელია კახი კალაძესთან დაპირისპირებას მოარიდა და პარტიულ სიას ჩაუყენა სათავეში, სადაც საარჩევნო ბარიერის დაძლევა და საკრებულოში მოხვედრა გარანტირებული აქვს, ხოლო კალაძეს ვითომდა „უპარტიო“ კანდიდატი, „ცნობადი სახე“ ზაალ უდუმაშვილი დაუპირისპირა. თუ ის წარმატებას მიაღწევს, ვთქვათ, მეორე ადგილს დაიკავებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფაქტს პიარისთვის გამოიყენებს, წარუმატებლობის შემთხვევაში ეს ზაალ უდუმაშვილის პირადი წარუმატებლობა იქნება. ანალოგიური განწყობაა „ევროპულ საქართველოშიც“. მარცხს აქაც წინასწარ შეგუებული არიან და ამიტომ მერობის კანდიდატად გიგი უგულავა კი არა, ელენე ხოშტარია წარადგინეს. გიგი უგულავა, დიდი ალბათობით, საკრებულოს სიას ჩაუგება სათავეში, რადგან ბარიერის დაძლევა არც მათ უნდა გაუჭირდეთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატია. არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია და იმისთვის რომ მოიგო, პოპულარობასთან ერთად აუცილებელია ძლიერი ორგანიზაციული მხარდაჭერა. დედაქალაქში ოთხასზე მეტი საარჩევნო უბანია და იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია მინიმალურ დონეზე ჩაატარო, ყველა უბანზე ერთი აქტივისტი, თანაც ერთგული მაინც უნდა გყავდეს. მე ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილისთვის უდიდესი წარმატება იქნება, თუ ის მეორე ადგილს დაიკავებს…“
საკამათო არ არის, რომ მომავალი არჩევნების შედეგების მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ თანაფარდობა როგორც პოლიტიკურ ძალთა შორის, ასევე კარგად დავინახოთ საზოგადოებაში ფარულად მიმდინარე პროცესები. ეს სამომავლოდ. ახლა კი საკითხავია თბილისში ვინ იქნება პირველი? მაინც სად გადის კონკურენციის ხაზი – მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის თუ თავად ოპოზიციაში…
ვახტანგ ძაბირაძე: „ზოგადად, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყავს როგორც თბილისში ისე ქვეყნის რეგიონებში. ოპოზიციური სპექტრი ჯერ კიდევ თვითგამორკვევისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო მოსახლეობაში „ქართული ოცნებისადმი“ გულგატეხილობა არ გადასულა აგრესიაში, თანაც ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არეალი, სადაც ამომრჩეველი აგრესიისგან დაიცლება. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ – „ქართულ ოცნების“ სრულმასშტაბიანი წარმატება ეჭვგარეშეა…“
და, მაინც, რას შეძლებს ოპოზიცია, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შოკიდან გამოსვლას ცდილობს? საგულისხმოა, რომ ამ პროცესში ერთნი უბრალოდ გაქრენ პოლიტიკური საჭადრაკო დაფიდან, მეორენი დაიშალნენ, მესამენი კი ახალ ერთობას ქმნიან. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ოცნება კვლავაც მოდაშია. ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მთავარი შეცდომა უკვე დაუშვა, როცა ვერ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეჯერება.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე: „ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, რომლის მხარდამჭერადაც ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები გამოვიდოდნენ, არ მოხდა. დღეს ოპოზიციური ძალები ხელისუფლების ნაცვლად ერთმანეთის კონკურენტებად გვევლინებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს ართმევენ ხმებს, განსაკუთრებით, საუბარია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“. ისინი ერთმანეთთან ბრძოლაში ძალიან ბევრ ხმას დაკარგავენ. ამასთანავე თვალსაჩინოა, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, მეორე ადგილისთვის იბრძვის. რეიტინგები ყველასთვის ცნობილია და ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდნენ…“
თანდათან იკვეთება მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგა, კერძოდ, ვინ იქნება შემდეგი, ანუ მეორე, ვინ მოიპოვებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. ადვილი მისახვედრია, რომ ამ „საპატიო“ წოდებისთვის ერთი ოდესღაც ძლევამოსილი პოლიტიკური გუნდის ორი განაყოფი იბრძოლებს. შესაძლოა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ორივე მათგანი ჩაანაცვლოს. ასეთ შემთხვევაში თბილისის მასშტაბით მნიშვნელოვანი იქნება მესამე პოზიცია,
ანუ ადგილი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაიკავებს…
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ვინ იქნება მეორე, ძნელი სათქმელია. ზაალ უდუმაშვილის პერსპექტივები ძნელი შესაფასებელია. თუ ის ისევე გააგრძელებს, როგორც ელიავას ბაზრობის შემთხვევაში, უფრო და უფრო შეიმცირებს შანსებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მის პიარს კარგი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რაღაცებს შეცვლიან და შეიძლება პირიქითაც მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი ფანატიკოსების გარდა, შესაძლოა, მას ხმა არც არავინ მისცეს. რაციონალების ხმები კი ან პასივში დარჩეს, ან „ევროპულ საქართველოს“ ერგოს. რადიკალები ხმებს მისცემენ უფრო ალეკო ელისაშვილს, რომლის მთავარი რესურსი ის არის, რომ მას შეუძლია ხელისუფლებისგან მის დევნაზე გააკეთოს აქცენტი და ვიღაცებისთვის ეს დამაჯერებელი იქნება…“
არის მოსაზრება, რომ საზოგადოებას ოპოზიციის გამარჯვების უნარის უბრალოდ აღარ სჯერა, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთათვის ერთ-ერთი პრობლემაა. ამ ვითარებაში საინტერესოა საით წავა ჯერ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმები, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რევანშით დაბრუნების შიშის გამო „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხარა…
ხათუნა ლაგაზიძე: „დღეს მმართველ გუნდს მტრის ხატი აღარ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი არ მივა არც მმართველ გუნდთან და არც ოპოზიციურ ძალებთან. ეს არის რესურსი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, მაგრამ იმ დამოუკიდებელმა კანდიდატმაც აუცილებელია, ამომრჩეველი დაარწმუნოს საკუთარ გამარჯვების უნარში. სხვა შემთხვევაში ის ამომრჩეველი დარჩება სახლში, მივიღებთ დაბალ გამოცხადებას, რაც, როგორც ყოველთვის, ხელისუფლებას უწყობს ხელს…“
ასეთია მომავალი საარჩევნო ბატალიების დღევანდელი ხედვა. რა შეიცვლება და რა არა, ვინ როგორ გაივლის საარჩევნო მარათონს, დრო გვიჩვენებს… წამზომი ჩართულია!