ფიქრები ქალაქის მერის არჩევნებამდე, ანუ მე მინდა ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა

© FB/Denis Shapiroპანორამა თბილისი - ძველი ქალაქი
პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც წესი, არჩევნების წინ ხალხს, ანუ ამომრჩეველს შაქარყინულივით უტკბებიან, ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ნუ მომთხოვთ და დედამიწაზე ჩემი გაუკეთებელი საქმე არ იქნებაო, იქადნებიან.

ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ ვიმეორებ საყოველთაო მოსაზრებას: რომ არა ინტერნეტი, ბევრი, ძალიან ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა.

მაგალითად, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ  კალენდარში იქნებოდა სახელმწიფო მოხელეთა საერთაშორისო დღე, თანაც გაეროს ინიციატივით დაფუძნებული.
29 ივნისი 2003 წლიდან ჩინოვნიკთა საზეიმო დღე ყოფილა! 

ეს კიდევ არაფერი, ბუდისტურ კალენდარში ყველა პარასკევი სახელმწიფო მოხელის სულის დღეა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გაურემონტებელი საბავშვო ბაღები: დაკავებულია ექვსი ჩინოვნიკი

უფრო მეტსაც გეტყვით: მეცნიერთა დასკვნით, დღეს თავისუფლად შეიძლება იცხოვროთ ბუღალტრის, მეშახტის ან თუნდაც მედესანტის გარეშე, მაგრამ არამც და არამც ჩინოვნიკისა.

რამდენად მართალია ვერ გეტყვით, მაგრამ რომ არა სახელმწიფო მოხელეები, ვინ მოგცემთ ნებართვას, იმაზე, რაც ისედაც გეკუთვნით? რომ არა სახელმწიფო მოხელეები, ვის უნდა შესთავაზოთ ქრთამი, მაგალითად, ისეთი ცნობის მისაღებად, რომელიც სჭირდება სულ სხვა მოხელეს, რათა თქვენი კანონიერი უფლებების დასამტკიცებლად სათანადო ინსტანციაში შესაბამისი ცნობა გადააგზავნოს?

გენიალური არკადი რაიკინის ცნობილი სკეტჩი გამახსენდა:

„მე მინდა ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა…“

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტჯერ ხელმრუდობისთვის (ქრთამის აღებას ვგულისხმობ) სწორედ საბრალო მოხელეები ისჯებიან. თუმცა, ამავდროულად, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს უაღრესად საჭირო „პროფესიაა“, იმდენად საჭირო, რომ აგერ ახლახან, 2017 წლის აპრილში, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიევმა სახელმწიფო მოხელეები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა. ესეც არ აკმარა და სპეციალური განყოფილებები შექმნა მათი მუშაობის გასაკონტროლებლად.  

ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ არც უამისობა იქნებოდა — ხომ უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო მოხელის ავანჩავანი, მით უმეტეს, რომ ძალიან მალე, დედაქალაქის მასშტაბით ნომერ პირველი ჩინოვნიკის არჩევა მოგვიწევს. დრო საკმაოა, მაგრამ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია, თუმცა მთავარი და ყველაზე „მძიმეწონიანი“ სახელისუფლებო კანდიდატი ჯერ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
ექს-ჩინოვნიკი ლისის ტბასთან მიწის ნაკვეთის მითვისებაში გამოიჭირეს

სამაგიეროდ, ძალიან ხმამაღალი (მგონი ზედმეტადაც) განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა. როგორც წესი, არჩევნების წინ ხალხს, ანუ ამომრჩეველს შაქარყინულივით უტკბებიან, ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ნუ მომთხოვთ და დედამიწაზე ჩემი გაუკეთებელი საქმე არ იქნებაო, იქადნებიან. მაგრამ ჩვენ რისი საქართველო ვართ, რამე უკუღმა რომ არ გავაკეთოთ?

აგერ,  ერთმა,  ნამეტანი გაბრაზებული ვარო, მეორე სულაც მუქარაზე გადავიდა, კბილებს დაგამტვრევთო. არ ვიცი, რას გვერჩის, მაგრამ მუშტების ქნევით ქალაქის მერი რომ ვერ გახდება, იქნებ ვინმე კეთილისმყოფელმა უთხრას და ეს პატივცემულიც კანფეტების დარიგებას მაინც შეგვპირდეს.

ჩვენი პრეზიდენტი, ქალაქის მერის არჩევნებს ოქტომბრის მესამე კვირაში დავნიშნავო, დაგვპირდა. იქამდე გვარიანი დროა დასაფიქრებლად — ამომრჩევლისთვისაც და ასარჩევისთვისაც. ხალხს საქმის მცოდნე და მკეთებელი სჭირდება ქალაქის თავად და არა მოკრივე ან გაბუტულ-გაბრაზებული ადამიანი. მაგრამ ჯერ ასეთს კანდიდატთა არეალში, მე პირადად, ვერ ვხედავ. არაფერს ვამბობ იმ „მძიმეწონიან“ კანდიდატზე, რადგან ჯერ არც დაგვმუქრებია და არც არაფერს დაგვპირებია.

ვნახოთ, კარგად ავწონ-დავწონოთ და მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტოთ, ვის უნდა ვანდოთ ცნობის გაცემა იმ ქონებაზე, რომელიც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის.

მანამდე კი ჩინოვნიკის საერთაშორისო დღეს გილოცავთ, მოქმედო და მომავალო სახელმწიფო მოხელეებო!

 

ყველა ახალი ამბავი
0